წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 176 შპს „საქართველოს ტელეკომის“ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 176 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

შპს „საქართველოს ტელეკომის„ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N04-149 05.03.2004) მიმართა შპს „საქართველოს ტელეკომმა„ N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ „საქართველოს ტელეკომის„ სახელზე გაცემულია ლიცენზია N15 (29.03.1994წ.) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ქსელით მომსახურებაზე.

შპს „საქართველოს ტელეკომმა„ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ„ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ტელეკომმა„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა წარმოადგინოს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული "რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესრულების დასადგენად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს „საქართველოს ტელეკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა  მიმიდინარე წლის 31 მაისამდე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 7ა 6 თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები