წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 199 შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს ¹499, შპს ,,საქართველოს ხმის’’ ¹705, შპს ,,სელკომ-პლუსი’’-ს ¹1178, შპს ,,მაია ტვრ’’-ს ¹1149, შპს ,,ედელვაისის’’ ¹841 ლიცენზიების გაუქმების შესახებ

ნომერი: 199 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004

მიღების თარიღი აპრილი 30, 2004

შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს N499, შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705, შპს ,,სელკომ-პლუსი’’-ს N1178, შპს ,,მაია ტვრ’’-ს N1149,  შპს ,,ედელვაისის’’ N841 ლიცენზიების გაუქმების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ლიცენზიის მფლობელები კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულნი არიან „დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 34-ე მუხლის შესაბამისად, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით„.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტოლის განხორციელებისა და მათ მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და  ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის, ასევე ლიცენზიის გარეშე საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 1 მარტის N6/1 ბრძანების საფუძველზე, კომისიის მიერ ჩატარდა ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონაში საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების საქმიანობის შემოწმება (შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ ქ. თბილისის საეთერო  რადიომონიტორინგის პუნქტში 2004 წლის 2 მარტიდან 2004 წლის 15 მარტამდე პერიოდში), რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი და წარმოდგენილია ტექნიკური დასკვნა; ასევე განხორციელდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი ლიცენზიის ყველა მფლობელის მიერ კომისიაში წარმოდგენილი  ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის შემოწმება, რის თაობაზეც წარმოდგენილია საფინანსო-ეკონომიკური დასკვნა.

ზემოაღნიშნული შემოწმების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ:

ა) 35-ე სატელევიზიო არხზე, რომელიც N499 ლიცენზიით მინიჭებული აქვს შპს „ტელეკომპანია ობიექტივს„, მაუწყებლობა შეწყვეტილია; კომპანიას არა აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და შესაბამისად არც გადახდები აქვს  განხორციელებული;

ბ) 50-ე სატელევიზიო არხზე, რომელიც N705 ლიცენზიით მინიჭებული აქვს შპს „საქართველოს ხმას„, მაუწყებლობა შეწყვეტილია; კომპანიას არა აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები  და შესაბამისად არც გადახდები აქვს განხორციელებული;

გ) შპს „სელკომპლუსი„, რომელსაც კომისიის 2001 წლის 25 იანვრის N 12 გადაწყვეტილებით პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა 2001 წლის 1 ივლისი, არ ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას; წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;

დ) შპს „მაია ტვრ„-ი, რომელსაც კომისიის 2000  წლის 29 დეკემბრის N52 გადაწყვეტილებით პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა 2001   წლის 1 ივნისი,  არ ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას. მას კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და შესაბამისად არც გადახდები აქვს განხორციელებული;

ე) შპს „ედელვაისის„  N841 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 12 თებერვალს; კომისიაში კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ წარმოუდგენია; კომპანიას არა აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და შესაბამისად არც გადახდები აქვს განხორციელებული;

კომისია აღნიშნავს, რომ  ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა, ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს   კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, რის შესახებაც საკითხს  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წესების„ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია  განიხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ  საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ„ კომისიის 2004 წლის 19 მარტის N119/20 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს N499, შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705, შპს ,,სელკომ-პლუსი’’-ს N1178, შპს ,,მაია ტვრ’’-ს N1149,  შპს ,,ედელვაისის’’ N841 ლიცენზიების გაუქმების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობაზე შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს (ყოფილი შპს „ტვ-33-ს„) ლიცენზია N499, შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმის”  ლიცენზია N 706, შპს ,,ედელვაისის’’ ლიცენზია N841, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე შპს ,,სელკომპლუსი’’-ს ლიცენზია N1178, საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე შპს ,,მაია ტვრ’’-ს ლიზენცია  N1149  გაცემულია ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ. აღნიშნულმა კომპანიებმა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის N2 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გაიარეს ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მათი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

2004 წლის 16 აპრილს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს უფლებამოსილ წარმომადგენელს (დირექტორი: პ. გურასპაული), შპს ,,საქართველოს ხმის’’ უფლებამოსილ წარმოამდგენელს (გენერალური დირექტორი: მ. კუჭავა), შპს ,,სელკომპლუსი’’-ს უფლებამოსილ წარმოამდგენელს (გენერალური დირექტორი შ. ებანოიძე) და შპს „ედელვაისის„ უფლებამოსილ წარმომადგენელს (გენერალური დირექტორი: დ. ჩირგაძე) (შპს ,,მაია ტვრ’’-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადდა) განემარტათ რომ, მათ მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს   კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 4510-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები.  

ზემოაღნიშნული კომპანიების უფლებამოსილ წარმომადგენლებს, აგრეთვე, განემარტათ, რომ შპს ,,ედელვაისის’’ N841 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს N499 და შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705 ლიცენზიებით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა, აგრეთვე შპს ,,სელკომ-პლუსი’’-სა და  შპს ,,მაია ტვრ’’-ს მიერ,  შესაბამისად - N1178 და N1149 ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის  ა), დ) და ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

შპს „საქართველოს ხმის„ უფლებამოსილმა წარმომადგენლის განცხადებით შპს „საქართველოს ხმის„ მაუწყებლობა გარკვეულ პერიოდში არ მიმდინარეობდა, ტექნიკური შეფერხებების გამო (რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილია), მაგრამ ამჟამად აღდგენილია რეგულარული მაუწყებლობა, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის„ 2004 წლის 23 აპრილის N09/119 წერილით. ამასთან, შპს „საქართველოს ხმის„ მიერ გაფორმებულია მრავალი ხელშეკრულება აუდიოვიზუალური ნაწარმოებების საჯარო გადაცემის განსაკუთრებულ უფლებათა გამოყენების შესახებ (ხელშეკრულებები წარმოდგენილია), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილია სამაუწყებლო ბადე, რომელიც დადგენილი წესით ქვეყნდება.

შპს „საქართველოს ხმის„ უფლებამოსილმა წარმომადგენლმა კომისიას მიმართა თხოვნით, გაითვალისწინოს საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომელთა შესაბამისადაც ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება, როგორც მოქმედი კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის წინააღმდეგ მიმართული სანქცია უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ყველა სხვა ზომის გატარების შემდეგ.

შპს „ობიექტივის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ობიექტივი„-ს მიერ მაუწყებლობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტა განპირობებული იყო ტექნიკური მიზეზებით: შპს „ობიექტივის„ კუთვნილი გადამცემი, რომელიც განთავსებული იყო თბილისის სატელევიზიო ანძაზე, დენის ძაბვის არასტაბილური მიწოდების გამო გამოვიდა მწყობრიდან, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის„ 2004 წლის 22 აპრილის N09/114 წერილით. სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე (შპს „ობიექტივსა„ და შპს  „ტერას„ შორის 2004 წლის 2 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილია შპს „ტერა„-ს 2004 წლის 16 აპრილის წერილი) აწყობილი და დამონტაჟებულია ახალი გადამცემი, რომლის საშუალებით მიმდინარე წლის 5 აპრილიდან შპს „ობიექტივმა„ განაახლა მაუწყებლობა.  ამჟამად, მაუწყებლობა 35-ე სატელევიზიო არხზე მიმდინარეობს ყოველდღიურად 18.00 სთ-დან 00.30 სთ-მდე; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დგება და ქვეყნდება სამაუწყებლო ბადე; კომპანიის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულებები აუდიოტელეპროდუქციის ეთერით საჯარო გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებები (ასლები წარმოდგენილია კომისიაში); კომპანიამ სრულყოფილად წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და განახორციელა შესაბამისი გადახდები, ასევე გადახდილია სალიცენზიო გადასახდელი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ობიექტივის„ უფლებამოსილ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ N499 ლიცენზიის გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს.

შპს „ედელვაისი„-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებით  N 841 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადის, ასევე რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობა და სათანადო გადახდების განუხორციელებლობა განპირობებული იყო სუბიექტური მიზეზებით (სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის არაკომპეტენტურობითა და უპასუხისმგებლობით). შპს „ედელვაისი„-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მოითხოვა ერთი თვე დარღვევათა გამოსწორებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს  „ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა„, ანუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განუხორციელებლობა ან დროებით შეწყვეტილი საქმიანობის განახლებაზე უარის თქმა. შპს „საქართველოს ხმის„ და შპს „ობიექტივი„-ს მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის – საეთერო მაუწყებლობის განახლების ფაქტი დადასტურებულია, ამდენად ზემოაღნიშნული კომპანიების ლიცენზიათა გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად,  კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაევალოს შპს „საქართველოს ხმა„-ს და შპს „ობიექტივ„-ს:  უზრუნველყონ  სამაუწყებლო ბადეების (ტელეპროგრამებისა და ფილმების დასახელების, მოკლე ანოტაციის, მაუწყებლობის დროის მითითებით), ფილმებისათვის  მინიჭებული კატეგორიის თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე  ტელეპროგრამებისა და ფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი) და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორს (გ. რატიშვილი) განახორციელონ შპს „საქართველოს ხმი„-ს  და შპს „ობიქტივი„-ს ეთერში გაშვებული ფილმების ერთთვიანი მონიტორინგი და წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნა სამაუწყებლო კომპანიების მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვის თაობაზე;

3. გაუქმდეს  შპს ,,სელკომ-პლუსი’’-ს N1178 და შპს ,,მაია ტვრ’’-ს N1149 ლიცენზიები განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო;

4. გაუქმდეს  შპს ,,ედელვაისის’’ N841 ლიცენზია ვადის გასვლის გამო;

5. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ  სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების  შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიათა გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივ’’-ს,  შპს ,,საქართველოს ხმას’’, შპს ,,სელკომ-პლუს’’-ს, შპს ,,მაია ტვრ’’-სა და შპს „ედელვაის„-ს;

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე:                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები