წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 229 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 27 ნოემბრის ¹ 22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 229 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004

მიღების თარიღი მაისი 14, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 27 ნოემბრის N 22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეიმედმა”  კომპანიის N 487 ლიცენზიით განსაზღვრული 21-ე სატელევიზიო არხის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „TV-33” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 487, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 21-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე ქ. ახალციხეში 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

შპს TV-33”-მა კომისიის N 22, 27.11.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.

შპს TV-33”-ს ნატურით გაყოფის შედეგად ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის  N 7/4-1801 დადგენილებით შეიქმნა შპს „ვერა-XXI”, რომელსაც ნატურით გაყოფის გეგმის შესაბამისად გადაეცა ლიცენზია N 487. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით შპს „ვერა-XXI”-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ატვ”. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.05.2002 წ. დადგენილებით შპს „ატვ”  შეერწყა შპს „ტელეიმედს”.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედის„ ლიცენზია N 489 (მოქმედების ვადა 21.04.08.) ითვალისწინებს სატელევიზიო მაუწყებლობას ქ. ბორჯომში 21-ე სატელევზიო დეციმეტრულ არხზე 200 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ქ. ბორჯომში სატელევიზიო გადამცემების ექსპლოატაციაში გაშვებამ გამოიწვია ქ. ახალციხეში N 487 ლიცენზიით განსაზღვრულ ზონაში 21-ე სატელევიზიო არხზე სიგნალების ინტერფერენციული ზედდება, რამაც გააუარესა სამაუწყებლო სიგნალის სასარგებლო დონით გავრცელება.

სატელევიზიო სიგნალების ზედდების ფაქტი გათვალისწინებულია სამაუწყებლო სიხშირეთა დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს მიერ და განმარტებით ბარათში შეტანილია  რეკომენდაცია ქ. ახალციხეში შპს „ტელეიმედისთვის„ მინიჭებული 21-ე სატელევიზიო არხის 23-ე სატელევიზიო არხით შეცვლის შესაძლებლობის შესახებ.

       ქ. ახალციხეში 23-ე არხის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის 16, 21 და 22 აპრილს ჩატარებული რადიომონიტორინგისას 23-ე სატელევიზიო არხზე დაფიქსირდა მავნე  რადიოხელშეშლები. დაკვირვების შედეგების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ქ. ახალციხეში შესაძლებელია სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება 24-ე სატელევიზიო არხზე N 487 ლიცენზიით განსაზღვრული 500 ვტ. სიმძლავრით გადამცემის გამოყენებით, რაც არ გამოიწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობების დარღვევას.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-3 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნეს კომისიის 2000 წლის 27 ნოემბრის N 22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის კ) ქვეპუნქტსა და N 487 ლიცენზიაში ცვლილებები და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტელემაუწყებლობა 24-ე არხზე, 500 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხეში„;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) აღნიშნული ცვლილების გათვალსიწინებით სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

                                
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები