წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 309 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 309 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის კომისიის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 14 საკითხიდან კომისიის სხდომებზე განსხილულია 4 საკითხი (1 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ,                 5 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ, კომისიის 2003 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების განხილვის შესახებ და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ)  ხოლო  კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტიანი გარემოს შექმნის წინაპირობების შესახებ დადგენილების პროექტი და კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოდგენილია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მეორე კვარტალში კომისიის სხდომაზე მათი განხილვა.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ მ/წლის მეორე კვარტალში კომისიის სხდომებზე განსახილველად წარმოდგენილ არ იქნა 8 საკითხი (სატელეკომუნიკაციო დარგში მომსახურების სახეებზე ტარიფების ოდენობების რებალანსირების თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ – პასუხისმგებლები გ. ბუთბაია და ე. ასანიძე; სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის გძელვადიანი გეგმის შესახებ - პასუხისმგებლები თ. ძაგნიძე და ა. ნაკაშიძე; ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ - პასუხისმგბლები მ. გოთოშია, თ. ძაგნიძე და                       კ. ყურაშვილი; კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ - პასუხისმგებლები  კ. ყურაშვილი და ა. ნაკაშიძე; ნუმერაციის ერთიანი სისტემის შემუშავების შესახებ - პასუხისმგებლები  მ. გოთოშია და ე. ასანიძე; სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის (ე.წ.LRIC) შესახებ – პასუხისმგებელი  გ. ბუთბაია;  ევროკაშირის 2003 წლის მარეგულირებელი დირექტივებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ურთიერთჩართვის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ – პასუხისმგებლები გ. ბუთბაია და ე. ასანიძე; სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების ევროპულ სისტემებთან ჰარმონიზაციის თაობაზე სათანადო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადების შესახებ - პასუხისმგებლები მ. გოთოშია, კ. ყურაშვილი და რ. სვანიძე), რაც  ზოგ შემთხვევაში განპირობებულია ობიექტური (მოწვეული უცხოელი ექსპერტთა მონაწილეობით ჯერ დამუშავების სტადიაშია სხვადასხვა სახის პროექტები) და ზოგ შემთხვევაში კი სუბიექტური (აპარატის ცალკეულ მუშაკთა უპასუხისმგებლობა და სხვ.) მიზეზებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული 8 საკითხიდან 6 შეტანილი იყო როგორც მეორე, ასევე პირველი კვარტლის სამუშაო გეგმებში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის N 88/21 გადაწყვეტილებით კომისიის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმიდან უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის შესახებ საკითხი გადატანილ იქნა მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაში.

კომისიამ განიხილა რა კომისიის 2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს  კომისიის  2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში უპირობო წარმოდგენა;

3. კომისიის წევრებს სისტემატურად მოხსენდეს (ი. ხარებავა) აპარატის თათბირებზე ინფორმაცია სტრუქტურული დანაყოფების მიერ კომისიის 2004 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადების მიმდინარეობისა და მათი შესრულების შესახებ;

4. მეორე კვარტლის გეგმური საკითხების კომისიის სხდომებზე დადგენილ ვადებში განსახილველად წარმოუდგენლობისთვის აპარატის შესაბამის სამსახურებს მკაცრად მიეთითოს;

   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას                             (ი. ხარებავას).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები