გადაწყვეტილება N 314 ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა“ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცვე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004
მიღების თარიღი ივლისი 02, 2004
ერთი მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს, კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს შორის დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 23 ივნისს კომისიას საჩივრით მიმართა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავის ფილიალის მომხმარებელთა ჯგუფმა ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების 50 ლარიანი ტარიფის დაკისრების თაობაზე, აგრეთვე კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელმა„ ტარიფის დაკისრების კანონიერებისა და მისი ეკონომიკური გაანგარიშების სისწორის თაობაზე (2003 წლის 16 და 25 ივლისის წერილები).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას, ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ი.ხარატიშვილმა (წერილი #2/009-03 4.07.2003), რომელიც ითხოვს რეაგირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნ. ბურჯანაძის სახელზე შესულ ქ. თელავის მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაზე; საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (წერილი #5-2/2-6 15.01.2004) და საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ (წერილი #10-1/35 30.12.2003).
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 პუნქტის, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ სქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, კომისიამ წარმოებაში მიიღო და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით დაიწყო ერთი მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს შორის დავის განხილვა, რომელშიც მომხმარებელთა მხარეს ჩაერთნენ კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელი„ და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი (შემდგომში მომხმარებელთა უფლებების დამცველი„).
კომისიამ 2003 წლის 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება #564/16 ერთი მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავის აბონენტებს, კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველსა და მეორე მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვის„ დღის დანიშვნის შესახებ.
2004 წლის 6 მარტს გაიმართა დავის განხილვა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დამცველმა სადაო გახადა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშება და დასაბუთებულობა, აგრეთვე სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერება. ამასთან, აღნიშნა, რომ ამავე საკითხზე კომისიაში შემოსულია შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების ოფისის თავმჯდომარის ბიძინა სამნიაშვილისა (წერილი #2-114,/21.10.2003) და ქ. გორის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ზ. ტიელიძის (წერილები #2-11/20.10.03. და #6/621-03,/18.12.03.) განცხადებები.
მომხმარებელთა უფლებების დამცველმა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა: სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიას 2003 წლის იანვარში წარმოუდგინა კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის გაანგარიშების რამოდენიმე ვარიანტი: ერთ შემთხვევაში 50-33 ლარის ოდენობით, ხოლო მოგვიანებით - 49.94 ლარის ოდენობით. კომისიის 2003 წლის 4 ნოემბრის #564/16 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ დამატებით წარმოადგინა შპს ვიკ-2003„-ის მუშა პროექტი, რომლის ობიექტია: ლოკალური ხარჯთაღრიცხვა 100 ნომრის გადართვაზე (ნიმუში), სადაც მთლიანი ხარჯთაღრიცხვა 100 ნომერზე შეადგენს 3054.95 ლარს და რომლის საფუძველზეც გაკეთდა არაელექტრონული ასს-დან ციფრულ ასს-ში აბონენტის გადართვის ტარიფის გაანგარიშება 49.42 ლარის ოდენობით. სამივე დოკუმენტი ერთმანეთისაგან განსხვავდება შესრულებული სამუშაოსა და მასალების ჩამონათვალით, მასალების ოდენობისა და ღირებულების მაჩვენებლებით და გაანგარიშების საბოლოო ციფრით, რის გამოც დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ სატელეფონო ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის გაანგარიშების სისწორის დასადგენად მომხმარებელთა უფლებების დამცველმა მიმართა დამოუკიდებელ სპეციალისტს მ. სუალბერიძეს, რომლის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით, გადართვის სამუშაოთა გაანგარიშება შეადგენს 15.11 ლარს.„
მომხმარებელთა უფლებების დამცველმა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის„ 50 ლარიანი ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა: სს საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტთა საჩივრებში მითითებულია, რომ ქ. თელავში ახალ ციფრულ ასს-ზე გადართვა სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ განახორციელა მომხმარებელთა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი შეთავაზების გარეშე, რის შემდეგაც პოსტ-ფაქტუმ დაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც აბონენტებს მეურნე სუბიექტი„ ს/ს საქართველოს ელექტროკავშირი„ სთავაზობს ციფრულ ასს-ზე გადართვის მომსახურებას, შესაბამისი ტარიფის მითითებით და ახალი ციფრული ასს-ს მეშვეობით მომსახურების გაწევას, ციფრულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ თანდართული ხელშეკრულების შესაბამისად. შეტყობინებაში სს საქართველოს ელექტროკავშირი„ აბონენტებს აფრთხილებს: შემოთავაზებულ წინადადებაზე თქვენს მიერ თანხმობის განუცხადებლობისა და ხელშეკრულების ხელმოწერით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გეძლევათ არჩევანის საშუალება სატელეფონო მომსახურებაზე თქვენზე რიცხული დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ უფლებამოსილი ბრძანდებით შეწყვიტოთ თელავის ელექტროკავშირთან„ ურთიერთობა და ისარგებლოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სატელეფონო კომპანიის მომსახურებით„. აღნიშნული ქმედებებით სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ დაარღვია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად: დამამზადებლი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას„. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს რომ ჰქონოდათ უტყუარი და სრული ინფორმაცია ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის თაობაზე, მაშინ ისინი გააკეთებდნენ მისთვის სასურველ არჩევანს: ისარგებლებდნენ ახალი ციფრული (ელექტრონული) ასს-ს მომსახურებით, ან დარჩებოდნენ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მოქმედი დეკადურ-ბიჯური ასს-ს აბონენტებად. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ ხელშეკრულებები სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს შორის დადებულია, თანახმად მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა: შემსრულებელს არა აქვს ზუსტ ხარჯთა ნუსხაში გაუთვალისწინებელ სამუშაოთა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ მათ შესრულებაზე არ ჰქონია შემკვეთის თანხმობა ან დავალება. თუ წარმოიშვა ხარჯების გადასინჯვის აუცილებლობა, შემსრულებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია: უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები განსაზღვრული ხარჯთა ნუსხის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი ხარჯების მოსალოდნელი გადიდების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხარჯთა ნუსხით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე„. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ დაარღვია გარიგების დადებისათვის აუცილებელი არსებითი პირობები, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ ხელშეკრულება სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მის აბონენტებს შორის დადებული არ არის. შესაბამისად, არც ზემოაღნიშნული ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების საფუძველი არსებობს.„
მომხმარებელთა უფლებების დამცველმა დამატებით აღნიშნა: სს საქართველოს ელექტროკავშირის„ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში გათვალისწინებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული„. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვა ქ. თბილისში განახორციელა აბონენტებისათვის ზემოაღნიშნული ტარიფის დაკისრების გარეშე, ქ. თელავში, ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. სენაკში მცხოვრები აბონენტებისაგან განსხვავებით, რაც ადასტურებს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის „ მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ტარიფის დისკრიმინაციული გამოყენება„.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. კანკავა დავაზე წარმოდგენილ 2004 წლის 16 თებერვლის #14-4-25 წერილში აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირში„ მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, როგორც თბილისში, ისე ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. 2003 წელს ქ. თელავში ექსპლოატაციაში გაიშვა ახალი დამატებითი სიმძლავრეები, კერძოდ 6000 ნომერზე ამოქმედდა ახალი ციფრული სატელეფონო სადგური. ამასთან, ქ. თელავში პარალელურად მუშაობს დეკადურ-ბიჯური სისტემის სატელეფონო სადგურიც. მომხმარებლებს აქვთ არჩევანის საშუალება: დარჩნენ ძველი ასს-ს აბონენტად, ან გადაიხადონ ახალ ციფრულ ასს-ზე გადართვის დადგენილი ტარიფი და გახდნენ თანამედროვე ციფრული სადგურის აბონენტები. დღეისათვის ქ. თელავის ციფრული ასს-ს მომსახურებით სარგებლობს 3827 აბონენტი. ყველა მათგანის გადართვა ციფრულ ასს-ზე განხორციელდა მათივე განცხადებების საფუძველზე, რის შემდეგაც თითოეულთან გაფორმდა გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ შესახებ ხელშეკრულებები. რაც შეეხება სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებულ დეკადურ-ბიჯურ ასს-ს, მის აბონენტებად დარჩა 73 მომხმარებელი. აღნიშნული ასს გამართულად მუშაობს, რასაც ადასტურებს კომისიისა და მასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მიერ შედგენილი ადგილზე შემოწმების აქტი„. ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართულ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ არცერთ აბონენტს სს საქართველოს ელექტროკავშირისათვის„, ან მისი ადგილობრივი ხელმძღვანელობისათვის საჩივრით არ მოუმართავთ. რაც შეეხება ქ. თბილისში 3-იანი და 51 ინდექსის ასს-ში განხორციელებულ ცვლილებებს, მოცემულ სადგურებში არ განხორციელებულა დამატებითი სიმძლავრის ამოქმედება, არამედ განხორციელდა ზემოაღნიშნული ასს-ბის ტექნიკური გადაიარაღება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ტექნიკურად შეუძლებელია ერთობლივად, ერთ ზონაში მოქმედებდეს 6000 ნომრიანი მოძველებული სისტემის სატელეფონო სადგური და პარალელურად იგივე ტევადობის ციფრული (ელექტრონული) ასს. ქ. თბილისში სს საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტებს არ ეძლევათ დეკადურ-ბიჯური ან ციფრული (ელექტრონული) ასს-ბის მეშვეობით მომსახურების მიღების არჩევის შესაძლებლობა, ვინაიდან ხორციელდება დეკადურ-ბიჯური ასს-ის ტექნიკური გადაიარაღება. ამ დროს ძველი დეკადურ-ბიჯური ასს-ს აბონენტები ავტომატურად ერთვებიან ციფრულ-ელექტრონულ ასს-ს, რისთვისაც გადართვის ტარიფი ვერ დაეკისრებათ„.
კომისიამ შეისწავლა რა მოდავე მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი წერილები, განმარტებები, დასკვნები, სხვა დოკუმენტალური მტკიცებულებები, გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ 2003 წლის 6 ივნისს ქ.თელავში ექსპლოატაციაში გაუშვა ახალი ელექტრონული (ციფრული) სატელეფონო სადგური, მისივე განმარტებით - დამატებითი ახალი სიმძლავრე მომსახურების სახეობებისა და აბონენტების (პორტების) რიცხვის ზრდის შესაძლებლობით (წერილები: #14-4/1-557/17.12.2003, #14-4-25/16.02.2004). ქ. თელავში სს საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტთა უმეტეს ნაწილთან (3827 აბონენტი), რომლებიც სარგებლობდნენ ამავე კომპანიის კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ების მომსახურებით სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ გააფორმა ხელშეკრულებები გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ გაწევის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენს: 1.1. მომხმარებლის„ ავტომატური სატელეფონო კავშირიდან გადართვა ციფრულ-ელექტრონულ სადგურზე და სატელეფონო მომსახურება„. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად აბონენტი ვალდებულებას იღებს ხელშეკრულების გაფორმებისას გადაუხადოს მეურნე სუბიექტს ტელეფონის გადართვის ღირებულება 50 ლარის ოდენობით თანდართული გრაფიკის მიხედვით„, რაც გათვალისწინებულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის 2003 წლის 3 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში, როგორც გადართვის ტარიფი - 50 ლარი (პუნქტი 6.4);
2. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში შენარჩუნებულია ძველი კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ებით მომსახურების შესაძლებლობა, რითაც სარგებლობს ქ. თელავში მცხოვრები 73 აბონენტი, მათ შორის 4 ორგანიზაცია და 69 ფიზიკური პირი, რომლებმაც უარი განაცხადეს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაზე და დღესაც სარგებლობენ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ების მომსახურებით. 2004 წლის 11 თებერვლის კომისიის 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებული კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური (ძველი) ასს-ების ფუნქციონირებისა და ამორტიზაციის ხარისხის ადგილზე შემოწმების საფუძველზე შედგა აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შემოწმების ჯგუფის წევრები: ბ. ჭიკაძე, ი. ჯეირანაშვილი, ა. შათირიშვილი, მ. გოთოშია, ლ. მუხაშავრია, ა. აბესაძე. გამორკვეულია, რომ ზემოაღნიშნული ასს-ების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოწმების ჯგუფი ასკვნის, რომ დეკადურ-ბიჯური სადგურის მუშაობა საკმაოდ საიმედოა და მისი შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა 1000-მდე აბონენტისათვის შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში„;
3. ახალ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმების შემდგომ, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში განთავსებული ციფრული ასს-ს აბონენტთა ნაწილმა (400-ზე მეტმა) გაასაჩივრა ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ავტომატური სატელეფონო სადგურიდან ციფრულ-ელექტრონულ სადგურზე გადართვისათვის 50-ლარიანი ტარიფის გადახდა დაეკისრათ. მათი განმარტებით, სს საქართველოს ელექტროკავშირთან„ მათთვის არასასურველ ხელშეკრულებას„ ხელი მოაწერეს იმის გამო, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ინფორმაცია შეიცავდა მცდარ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ საერთოდ შეუწყდებოდათ სატელეფონო მომსახურება;
4. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების 4.6 პუნქტის შესაბამისად, კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის თხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფი უნდა შეესაბამებოდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებს, რომლის შესაბამისადაც: ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული; უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატური შემოსავლის მიღებას ინვესტიციების მოსაზიდად და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ტარიფმა უნდა წაახალისოს ლიცენზიის მფლობელის შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად; სატარიფო სისტემა უნდა იყოს მარტივი და გასაგები; დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.„
მოდავე მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილის, დასკვნისა და დოკუმენტალური მტკიცებულების ყოველმხრივი და საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, კომისიამ მიიჩნია, რომ ქ. თელავში ადგილი ჰქონდა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ახალი დამატებითი სიმძლავრის გაშვებას, რომლის დროსაც სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ შეინარჩუნა ძველი კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-ბი და მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა აირჩიონ კოორდინატული, დეკადურ-ბიჯური ასს-თ მომსახურება ან ციფრულ-ელექტრონული ასს-თ მომსახურება, რომელზეც მეურნე-სუბიექტსა„ და მომხმარებელს შორის ფორმდება გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ ხელშეკრულება.
ამასთან, კომისიამ მიიჩნია, რომ დავაზე თანდართული მასალები არასაკმარისია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, აგრეთვე, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხების გადასაწყვეტად, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია დავაზე კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შექმნას იურისტების, ეკონომისტებისა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა დაადგინოს: ერთი მხრივ - სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში გათვალისწინებული კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, აგრეთვე, მისი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი; ხოლო მეორე მხრივ - სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ 2004 წლის 19 მარტს მიიღო შუალედური გადაწყვეტილება #132/16, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში გათვალისწინებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის, მისი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობის, აგრეთვე, კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხების შესწავლისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით.
კომისიაში წარმოდგენილია მოწვეული სპეციალისტების (თ. ჩხაიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კავშირგაბმულობის ინჟინერი, გ. გაგნიძე - ეკონომისტი, კ. ხმელიძე - შპს აუდიტ-კომპანი„-ს აუდიტორი, ლ. ნადიბაიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი) სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური დასკვნები (თან ერთვის) .
2004 წლის 8 ივნისს გაიმართა დავის განხილვა ერთი მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს, კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ: ლ. მუხაშავრია, მომხმარებელთა უფლებების დამცველი, რ. შავიშვილი, მომხმარებელთა უფლებების დამცველის თანაშემწე; ა. შოშიკელაშვილი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელის თავმჯდომარე; მოწვეული სპეციალისტები - ლ. ნადიბაიძე, თ. ჩხაიძე გ. გაგნიძე, კ. თხელიძე; მ. კანკავა, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ გენერალური დირექტორი; უ. სეთური, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ იურიდიული სამსახურის უფროსი; ბ. ჭიკაძე, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ფილიალის თელავის ელექტროკავშირი„ უფროსი; სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრები მომხმარებლები .
მომხმარებელთა უფლებების დამცველმა (ლ. მუხაშავრია) დაადასტურა რომ დავის საგანია: სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშება და დასაბუთებულობა, აგრეთვე სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერება.
კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (თავმჯდომარე ა. შოშიკელაშვილი) აღნიშნა, რომ დასადგენია აგრეთვე, საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის დადგენის კანონიერების საკითხი და მოითხოვა ამ საკითხის განხილვა.
მოწვეულმა სპეციალისტმა - კავშირგაბმულობის ინჟინერმა თ. ჩხაიძემ აღნიშნა, რომ:
- ქ. თელავში სს საქართველოს ელექტროკავშირის „ მიერ განხორციელებულია სატელეფონო ქსელის გადაიარაღება და არა ახალი სიმძლავრის ექსპლოატაციაში გაშვება;
- სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დაწესებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის ტარიფი არ არის ხარჯებზე ორიენტირებული, გონივრული და დასაბუთებული, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის უხეში დარღვევაა. იგი არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს;
- სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დაწესებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრება მოხდა მეურნის მომხმარებელთან წინასწარი მოლაპარაკების, უტყუარი და სრული ინფორმაციის მიწოდების გარეშე, რითაც დარღვეულია მომხმარებელთა უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი.„
თ. ჩხეიძის აზრით, აღნიშნული დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია მოდავე მხარეთა მორიგებით. სს საქართველოს ელექტროკავშირს„ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოასწოროს ქ. თელავში მცხოვრები მომხმარებლების წინაშე დაშვებული დარღვევები. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ ხელახლა უნდა შეადგინოს აბონენტებისათვის ხელშეკრულებები ქ. თელავში მოქმედი ყველა ტიპის ასს-თვის, სადაც უნდა შეიტანოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია გადართვის ერთჯერადი ტარიფისა და ყოველწლიური სააბონენტო ტარიფის შესახებ. ფასთა სხვაობა, რომელიც წარმოიქმნება ახალ ხარჯთააღრიცხვასა და 50 ლარიან ტარიფს შორის, აბონენტებს უნდა გაექვითოთ, მოლაპარაკების შესაბამისად ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადში. ის აბონენტები, რომელთაც ზემოთ აღნიშნული პირობები არ დააკმაყოფილებს, შეიძლება დაუბრუნდნენ ძველი სადგურის მომსახურებას, ხარჯებს რა თქმა უნდა მეურნე საწარმო სუბიექტი გაიღებს„.
მოწვეულმა სპეციალისტმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა, იურისტმა ლ. ნადიბაიძემ აღნიშნა, რომ:
- სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და ქ. თელავში მცხოვრებ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” აბონენტებს შორის ურთიერთობებში საქმე გვაქვს სახელშეკრულებო საფუძველზე ვალდებულებების წარმოშობასთან, კერძოდ, ოფერტის საფუძველზე ხელშეკრულების დადებასთან , რომელიც „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.
- სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ მიცემული წინადადება გადართვის და შემდგომი მომსახურების შესახებ არ შეიცავდა დასადები ხელშეკრულების იმ პირობას, რომელიც აბონენტს შესაძლებლობას მისცემდა, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, გაეკეთებინა მისთვის სასურველი და მისაღები არჩევანი გადაეწყვიტა სააქციო საზოგადოებასთან ახალ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადების საკითხი.
- სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ ბ. ჭიკაძის ხელმოწერით განხორციელებულ ოფერტაში გამოხატული უნდა ყოფილიყო ყველა ის არსებითი პირობა , რომელიც საშუალებას მისცემდა აქცეპტანტს გადაეწყვიტა დათანხმებოდა თუ არა მოცემულ წინადადებას და შესაბამისად, დაედო თუ არა ხელშეკრულება.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად დადგენილია, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებით პირობებზე შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება. როგორც წესი, არსებითად მიჩნეულია შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ფასსა და ვადაზე. სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებსა და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის „გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ” ხელშეკრულება დადებულია მოტყუების გზით, ანუ საქმე გვაქვს საცილო გარიგებასთან (მოტყუებითაა დადებული ხელშეკრულება მაშინ, როცა აშკარაა რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა). აღნიშნული დასტურდება სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ქ. თელავში მცხოვრები ყველა იმ აბონენტის მიმართ, რომლებმაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გააფორმეს სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ ბ. ჭიკაძის ხელმოწერით დაგზავნილი შეტყობინებების საფუძველზე (და არა სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ 2003 წლის 1-15 ივნისის გაზეთ „თელავის მოამბეში” გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც ოფერტა სწორადაა გაკეთებული და რის გამოც მის საფუძველზე დადებული „გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ” ხელშეკრულებები ვერ ჩაითვლება მოტყუებით დადებულ საცილო ხელშეკრულებებად). სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში შეთავაზებული წინადადება არ შეიძლება ჩაითვალოს ოფერტად, ვინაიდან ის არ სთავაზობს აბონენტებს სწორ ინფორმაციას აბონენტების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. კერძოდ სწორ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვის სურვილის არარსებობის შემთხვევაში აბონენტს შესაძლებლობა ექნებოდა დარჩენილიყო ძველი დეკადურ-ბიჯური ან კოორდინატული ასს-ს მომსახურების სფეროში და რომ მას არ შეუწყდებოდა სს „საქართველოს ელექტროკავშირის” სატელეფონო მომსახურება. სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს რომ სცოდნოდათ, რომ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვის გარეშე, მათ შესაძლებლობა ექნებოდათ დარჩენილიყვნენ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ძველი დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-ების მომსახურების სფეროში, რაც თავის მხრივ მათ სატელეფონო მომსახურების მიღების შესაძლებლობას შეუნარჩუნებდა, სავარაუდოდ ისინი უარს განაცხადებდნენ „გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მათ მიერ შემდგომში გასაჩივრებულ სახელშეკრულებო პირობებზე, რასაც შესაბამისად არ მოჰყვებოდა მათსა და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ხელშეკრულების დადება.
- სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ქ. თელავში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებთანაც ხელშეკრულებები დაიდო მოტყუების საფუძველზე, უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოითხოვონ ამ ხელშეკრულების ბათილობა. მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადაო გახდეს 1 წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან როცა შეცილების უფლების მქონე მოტყუებულმა მხარემ შეიტყო შეცილების საფუძვლის (მოტყუების) არსებობის შესახებ.„
დოცენტ ლ. ნადიბაიძის აზრით გასათვალისწინებელია რომ ბათილობას იწვევს მოტყუება, რომელიც იწვევს ხელშეკრულების დადებას და არა ის მოტყუება , რომელიც ხელშეკრულებაშია (მასში მოცემული რომელიმე პირობის სახით). ამასთან, მნიშვნელოვანია მოტყუების ფაქტისადმი მხარის დამოკიდებულების საკითხი, ის რომ მნიშვნელობა არა აქვს მეორე მხარეს არასწორი წარმოდგენა ხელშეკრულების შინაარსზე ჩამოუყალიბდა პირველი მხარის (შემსრულებლის) მიერ მოგონილი და გაყალბებული ფაქტების მიწოდებით, თუ მის მიერ ფაქტების არასრული შეტყობინებითა და დამალვით, რასაც სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ქმედებაში ჰქონდა ადგილი ქ. თელავში. მხარის მოქმედება (ამ შემთხვევაში მოტყუება) მაშინ ჩაითვლება სამართლებრივად გასაკიცხ მოქმედებად, თუ მას (მხარეს) სპეციალურად ევალებოდა სიმართლე ეცნობებინა მოტყუებული მხარისათვის, ანდა ასეთი ვალდებულება გამომდინარეობდა სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ჩვევებიდან ან კეთილსინდისიერების მომენტიდან. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ მისი კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევასთან.„
მოწვეულმა სპეციალისტებმა - გ. გაგნიძემ (ეკონომისტი) და კ. ხმელიძემ (შპს აუდიტ-კომპანი„-ს აუდიტორი) თავის ერთობლივ დასკვნაში აღნიშნეს, რომ:
- სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებში გათვალისწინებული კოორდინატული და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის ტარიფი არ არის ხარჯებზე ორიენტირებული და ამ ოდენობით მისი დაწესება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ქ. თელავში განხორციელებული ძველი სატელეფონო სადგურიდან ახალ ციფრულ სადგურზე გადართვის საერთო ხარჯი შეადგენს 31.926.23 ლარს, რაც თითოეულ აბონენტზე გაანგარიშებით განისაზღვრება 8.19 ლარის ოდენობით.„
სს საქართველოს ელექტროკაკავშირის„ უფლებამოსილი წარმომადგენელი მ. კანკავა (გენერალური დირექტორი) და საზოგადოების იურიდიული სამსახურის უფროსი უ. სეთური არ დაეთანხმნენ მოწვეული სპეციალისტების დასკვნებს (წარმოდგენილია შესაგებელი), და აღნიშნეს, რომ
1. დავაზე წარმოდგენილი მოწვეული სპეციალისტის ლ. ნადიბაიძის სამართლებრივი დასკვნაში გაურკვეველი წარმოშობის შეტყობინების საფუძველზე, გაკეთებულია შეფასება, რომ სააქციო საზოგადოებამ „მოატყუა” თელაველი მომხმარებელი და ამ გზით მიაღწია სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარებას მასთან. საკითხი ვფიქრობთ სადაოა და ცალსახად იმ გარემოების დადასტურებულად ცნობა, რომ ადგილი ჰქონდა მოტყუებას არასწორია შემდეგი გარემოებების გამო:
- საქმეში წარმოდგენილია „დოკუმენტი”, რომელშიც ჩამოყალიბებულია განსაზღვრული აზრი და ხელმომწერ პირად სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალის ხელმძღვანელი ბ. ჭიკაძეა მითითებული. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ ნების გამოხატვა ჩაითვალოს ნამდვილად აუცილებელია რომ ის გამოიხატოს შესაბამისი ფორმით და უფლებამოსილი პირის მიერ. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალი ნებას გამოხატავს ბლანკიან ფურცელზე ან ადასტურებს ხელმოწერას შესაბამისი ბეჭდით. ასევე ყველა დოკუმენტი ტარდება კანცელარიის რეესტრში და მას ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი. საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილ „შეტყობინებას” არა თუ არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილი რეკვიზიტები, არსად ჩანს ავტორად მითითებული პირის ხელმოწერა. სამართლებრივი დასკვის ის ნაწილი რომელიც მოტყუების კვალიფკაციას იძლევა სწორედ ე.წ. „შეტყობინების” საფუძველზე, ვფიქრობთ არასწორია, რადგან სპეციალისტებს, რომლებიც გარემოებების შეფასებას ახდენენ უნდა მოეთხოვათ შეტყობინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის ეგზემპლიარი, რომელიც მეორე მხარეს ჩაბარდა და სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაეკეთებინათ მსგავსი შეფასებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ე.წ. „შეტყობინება” არა თუ არ მიუღიათ აბონენტებს, არამედ რაიმე სხვა ფორმითაც არ ყოფილა გამოქვეყნებული და მისი როგორც ჩვენი მხარის ნების გამოხატულებად კვალიფიკაცია, უსაფუძვლოა. შესაბამისად ზემოაღნიშნული ე.წ. შეტყობინება„ არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის საფუძვლად.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ 2003 წლის ბოლოს ტელევიზიის მეშვეობით მოახდინა მომხმარებლების ინფორმირება ციფრულ-ელექტრონული ასს-ს ექსპლოატაციაში გაშვების, აგრეთვე დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ-ელექრონულ ასს-ზე გადართვის შესახებ და მიაწოდა ამომწურავი და სწორი ინფორმაცია სიახლის შესახებ.
სამართლებრივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ დაარღვია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნები, სადაც გარანტირებულია მომხმარებლის უფლება მიიღოს ინფორმაცია მომსახურების შესახებ. მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი დასკვნის ეს ნაწილი ე.წ. „შეტყობინების” არ არსებობის გათვალისწინებით ასევე უსაფუძვლოა.
კომისიამ საკითხის განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე არსებობს სააქციო საზოგადოებასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„, რომელშიც ცხადადაა წარმოდგენილი კონტრაგენტთა ხელმოწერები. თუ მოდავე მხარე ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მომხმარებელი ხელშეკრულების ხელმოწერამდე შეცდომაში იქნა შეყვანილი ან მოატყუეს, ამ შემთხვევაში არ იარსებებს გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილობის საფუძველი. ჩვენი მხარე კვლავ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „შეტყობინება” იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს წარმოდგენილია საქმეში „მტკიცებულების” სახით, სს საქართველოს ელექტროკავშირს„ არ გაუკეთებია.
გვსურს კომისიას წარმოვუდგინოთ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალის უფროსის ბ-ნ ბ. ჭიკაძის მოხსენებითი ბარათი სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორისადმი, სადაც ბ-ნი ბ. ჭიკაძე პირადი პასუხისმგებლობით განმარტავს, რომ საქმეზე დართული შეტყობინება „ ან მასში მოცემული შინაარსის რაიმე სხვა წერილი სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალის მიერ არ შედგენილა და შესაბამისად არც ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს არ მიუღიათ. მისი განმარტებით, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებს პრესისა და ტელევიზიის საშუალებით არაერთხელ ეცნობათ, რომ მათ საშუალება ჰქონდათ გაეკეთებინათ არჩევანი და დარჩენილიყვნენ დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-ს აბონენტებად.
სს საქართველოს ელექტროკავშირი„ ვერ დაეთანხმება სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის თაობაზე მოწვეული სპეციალისტების თ. ჩხაიძის, გ. გაგნიძისა და კ. ხმელიძის საქმეზე თანდართულ დასკვნებს.
ნიშანდობლიავია, რომ საქმეს ერთვის ზემოაღნიშნული სადაო ტარიფის სხვადასხვაგვარი საექსპერტო შეფასებები, რომლებიც საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არ არსებობს სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფის გაანგარიშების მეთოდიკას. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დასკვნები, რომლებიც გააკეთეს მ. სულაბერიძემ, თ, ჩხაიძემ, კ. ხმელიძემ და გ. გაგნიძემ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან თუნდაც ტარიფის ოდენობის ნაწილში, რომ არაფერი ვთქვათ გაანგარიშების მეთოდიკაზე. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ სერიოზულ ეჭვს იწვევს მოწვეული სპეციალისტების გ. გაგნიძისა და კ. ხმელიძის პროფესიონალიზმი, რომლებიც აღნიშნავენ რა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ტარიფის განსაზღვრისას დარღვეული საკანონმდებლო მოთხოვნების თაობაზე, აღნიშნული შეფასებისათვის აუცილებელ ფაქტობრივ საფუძვლებზე არაფერს ამბობენ (არ არის მითითებული სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში დომინანტ ოპერატორად მიჩნევის საფუძველი, სხვაგვარადაა ინტერპრეტირებული ტარიფის„ ცნება, დაუსაბუთებელია ტარიფის უსამართლობა და ა.შ.).
სს საქართველოს ელექტროკავშირი„ აგრეთვე აცხადებს, რომ დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის დადგენისას მას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ ზემოაღნიშნული სადაო ტარიფის შემოღებისთანავე კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია სათანადო გაანგარიშებით მიაწოდა კომისიას.
სს საქართველოს ელექტროკავშირი„ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შუამდგომლობს კომისიის წინაშე, რათა სპეციალისტთა და მოდავე მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს კვალიფიციურ დასკვნას სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის 50 ლარიანი ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშებისა და დასაბუთებულობის თაობაზე.
კომისიამ, დავაზე მოწვეული სპეციალისტების დასკვნების, აგრეთვე მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ დავაზე თანდართული მტკიცებულებები, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების დასკვნები არ იძლევა დასაბუთებულ პასუხებს შემდეგ საკითხებზე:
1. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის ხარჯების გაანგარიშება;
2. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშება, მისი ხარჯებზე ორიენტირებულობა, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობა.
3. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების ტარიფის დადგენის კანონიერება;
კომისიამ მიიჩნია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ შუამდგომლობა, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რისთვისაც კომისიამ 2004 წლის 21 ივნისის #274-16 გადაწყვეტილებით, მოდავე მხარეთა წარმომადგენლებისა და კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტთა მონაწილეობით შექმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზემოაღნიშნული საკითხების ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად შესწავლის შემდგომ დაავალა დასაბუთებული დასკვნის წარმოდგენა შემდეგ ორ საკითხზე:
ა) სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის ხარჯების გაანგარიშება საქართველოს მასშტაბით;
ბ) სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის ტარიფის ეკონომიკური გაანგარიშება და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სატარიფო პოლიტიკის ძირითად ამოცანებსა და პრინციპებთან შესაბამისობა.
კომისიამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე შემდეგ ორ გარემოებაზე:
ა) სს საქართველოს ელექტროკავშირი„ უარყოფს ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს; სს საქართველოს ელექტროკავშირი„ აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოებამ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებს ტელევიზიის საშუალებით 2003 წლის ბოლოს მიაწოდა უტყუარი და სწორი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ აბონენტს შესაძლებლობა ეძლეოდა, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, გაეკეთებინა მისთვის სასურველი და მისაღები არჩევანი ახალ ციფრულ-ელექტრონულ ასს-ზე გადართვის სურვილის არარსებობის შემთხვევაში დარჩენილიყო ძველი დეკადურ-ბიჯური ან კოორდინატული ასს-ს მომსახურების სფეროში (სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მომხმარებლებისადმი სატელევიზიო მიმართვის ფაქტი დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაცია ინტელექტუალები კახეთში ადამიანის უფლებების დაცვისათვის „ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ე. ჯანგულაშვილმა).
ბ) მომხმარებელთა უფლებების დამცველმა განაცხადა, რომ საქმეზე დართული სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალის უფროსის ბ-ნ ბ. ჭიკაძის სახელით ქ. თელავში მცხოვრები მომხმარებლებისადმი შედგენილი, მაგრამ ამავე დროს ხელმოუწერელი და უბეჭდო არარეგისტრირებული შეტყობინება მხოლოდ ნიმუშია, რომელიც თვით სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვოდა. მას არ მოეპოვება აბონენტებისათვის გაგზავნილი, რეგისტრირებული, ბეჭედდასმული და ხელმოწერილი შეტყობინება, რომელიც მომხმარებელს აწვდის არასწორ ინფორმაციას გადართვისა და შემდგომი მომსახურების„ შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბონენტისათვის სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის თაობაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 47-ე მუხლის შესაბამისად, მოდავე მხარეებმა უზრუნველყონ ყველა იმ მტკიცებულების კომისიაში წარმოდგენა, რითაც ადასტურებენ საკუთარ მოთხოვნებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2004 წლის 21 ივნისის #274-16 გადაწყვეტილებით, სს საქართველოს ელექტროკავშირს„ ეთხოვა მის მიერ 2003 წლის 1 იანვრის #01/01 ბრძანებით დამტკიცებული კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების, ხოლო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს - სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებთან გადართვისა და შემდგომი მომსახურების თაობაზე„ ხელშეკრულებების კანონდარღვევით დადების დამადასტურებელი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 10 დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ივნისს კომისიის 2004 წლის 21 ივნისის #274-16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა, ხოლო სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ წარმოადგინა (#14-4-132 28.06.04) კოორდინატულ და დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ში გადართვის„ ტარიფის ქ. თელავში მცხოვრები აბონენტებისათვის დაკისრების კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ბეჭვდითი და ვიდეო მასალები).
კომისიის 2004 წლის 2 ივლისის სხდომაზე გაიმართა დავის განხილვა.
კომისიის 2004 წლის 21 ივნისის #274-16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გ. ბუთბაიამ კომისიის მიერ ჩამოყალიბებულ კითხვებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ქ. თელავის მაგალითზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ: სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახეზე განაწილებული პირდაპირი ხარჯების ოდენობა, სამუშაოს შესრულებისას არსებული გართულებული პირობების გამო თვითღირებულების ნაწილში დანამატის გათვალისწინებით, შეადგენს დაახლოებით 25 ლარს (გაწეული სამუშაოები, სოციალური ანარიცხების ჩათვლით და მასალა-ნაწილები); გარდა ამისა, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახეზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამატებით მიკუთვნებულია გათვალისწინებული არაპირდაპირი (საწარმოო ზედნადები) ხარჯების წილიც. ამასთან, სამუშაო ჯგუფის აზრით სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების ტარიფი გაანგარიშებულია დანახარჯების განაწილების მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე. ამასთან, არაპირდაპირი (საწარმოო ზედნადები) ხარჯების განაწილებისას არ არის გათვალისწინებული რელევანტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპები, ვინაიდან ზემოაღნიშნული არაპირდაპირი ხარჯები შესაბამისი პროპორციულობით უნდა აისახებოდეს სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ გაწეულ მომსახურების სხვა სახეებზე დადგენილ ტარიფებში, მათ შორის, ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სხვადასხვა (წუთობრივი და სხვ.) პაკეტებით გაწეული მომსახურების ტარიფებშიც.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გადართვის მომსახურების ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილს (ლ. მუხაშავრია, რ. შავიშვილი, კ. ხმელიძე, გ. გაგნიძე, ა. შოშიკელაშვილი) აქვთ განსხვავებული მოსაზრება, რომელიც განსაკუთრებულ აზრად დასკვნას არ ერთვის.
ამასთან, სამუშაო ჯგუფმა ერთხმად ჩამოაყალიბა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიმართ შემდეგი რეკომენდაციები:
1. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ გააუქმოს აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახე;
2. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ ერთი თვის ვადაში შეიმუშავოს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სხვადასხვა პაკეტები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაადგინოს შესაბამისი ტარიფები და შესთავაზოს მომხმარებლებს სათანადო წესით შედგენილი ხელშეკრულებების გაფორმება.
3. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ იმ აბონენტებს, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიხადეს დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფი, გადახდილი თანხა ჩაუთვალოს აბონენტის მიერ არჩეული ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების პაკეტის შესაბამისად მომავალ პერიოდში გადასახდელ თანხად (ავანსად).
4. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ შეიმუშაოს შეთავაზებული მომსახურების პაკეტების თაობაზე მომხარებლების სრულყოფილი ინფორმირების მექანიზმები;
5. სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ შეწყიტოს დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-ებით მომსახურება, იქ სადაც ექსპლოატაციაშია გაშვებული ციფრულ (ელექტრონული) ასს და შესთავაზოს მომხმარებლებს ციფრული (ელექტრონული) ასს-ით მომსახურების პაკეტები.„
კომისიას მიაჩნია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისიწნების შემთხვევაში ერთი მხრივ, მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს მაღალხარისხიანი და შეუფერხებელი სატელეფონო მომსახურება, აგრეთვე ყველა ის დამატებითი მომსახურება რის საშუალებასაც იძლევა ციფრული (ელექტრონული) ასს. ამასთან, აბონენტს საშუალება ექნება აირჩიოს შეთავაზებული მომსახურების მისთვის სასურველი პაკეტი; ექნება საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მომსახურების მიღების მოცულობის თვითრეგულაციის განხორციელების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიანი მომსახურება. მეორე მხრივ, სს საქართველოს ელექტროკავშირი„ შესაძლებლობას მიიღებს განავითაროს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეები, უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურება ყველა აბონენტისათვის, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რეკომენდირებული მარტივი და გასაგები სატარიფო სისტემა სააქციო საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღოს ადეკვატური შემოსავლები ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ საქმეზე მტკიცებულებად თანდასართავად წარმოადგინა გაზეთ თელავის მოამბის„ 2003 წლის 7 ოქტომბრის #29(8639), რომლის მეოთხე გვერდზე განთავსებულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის ფილიალის განცხადება ქ. თელავის სატელეფონო ქსელის აბონენტთა საყურადღებოდ, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირი„ ახორციელებს დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვას; დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ხორციელდება მომხმარებლის შესაბამისი განცხადებისა და მასთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით; ახალ ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართულ აბონენტს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დეკადურ-ბიჯურ და კოორდინატულ ასს-ზე დაბრუნება. იგივე შინაარსის განცხადება სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ გააკეთა ადგილობრივი ტელევიზიის (ტელეკომპანია თანამგზავრი„) საშუალებით, 2003 წლის 12 აპრილს, რასაც ადასტურებს მის მიერ საქმეზე მტკიცებულებად თანდართული ვიდეოჩანაწერი. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში მცხოვრებ მომხმარებლებთან გადართვისა და შემდგომი მომსახურების თაობაზე„ ხელშეკრულებების კანონდარღვევით - მოტყუებით დადების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კომისიას მიაჩნია, რომ საქმეზე თანდართული მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის, შეპირისპირებისა და ანალიზის საფუძველზე არ დასტურდება სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ქ. თელავში მცხოვრებ აბონენტებთან გადართვისა და შემდგომი მომსახურების შესახებ„ ხელშეკრულებების კანონდარღვევით მოტყუებით დადების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტისა და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 50-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დავალოს სს საქართველოს ელექტროკავშირს„:
ა) გააუქმოს აბონენტის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახე;
ბ) ერთი თვის ვადაში შეიმუშავოს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ალტერნატიული პაკეტები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაადგინოს ტარიფები და შესთავაზოს მომხმარებლებს სათანადო წესით შედგენილი ხელშეკრულებების გაფორმება.
გ) იმ აბონენტებს, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიხადეს დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-დან ციფრულ (ელექტრონულ) ასს-ზე გადართვის მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფი, გადახდილი თანხა ჩაუთვალოს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების აბონენტის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად მომავალი პერიოდის გადასახდელ თანხად (ავანსად).
დ) შეიმუშაოს შეთავაზებული მომსახურების პაკეტების თაობაზე მომხარებლების სრულყოფილი ინფორმირების მექანიზმები;
2. მიეცეს რეკომენდაცია სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შეწყიტოს დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ასს-ებით მომსახურება, იქ სადაც ექსპლოატაციაშია გაშვებული ციფრულ (ელექტრონული) ასს და შესთავაზოს მომხმარებლებს ციფრული (ელექტრონული) ასს-ით მომსახურების პაკეტები.
3. დაევალოს სს საქართველოს ელექტროკავშირს„ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტოთ გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე კომისიის სისტემატური ინფორმირება და მის მიერ შემუშავებული ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ალტერნატიული პაკეტებისა და სათანადო ხელშეკრულებების პროექტების კომისიაში წარმოდგენა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
