წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 319 სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ დირექტორის ბ-ნ მერაბ კანკავასათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 319 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2004

მიღების თარიღი ივლისი 06, 2004

სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის ბ-ნ მერაბ კანკავასათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის  ბ-ნ მერაბ კანკავას მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირზე„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ივნისის N06/5-1 დადგენილებით, დირექტორი – მერაბ კანკავა, დაბადებული 1961 წლის, 11 იავნარი, მცხოვრები ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. #26) 1997 წლის 14 მარტს გაცემულია ლიცენზია N247 ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე.

         ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

         2003 წლის 26 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შ. კვარაცხელიამ განიხილა  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტის – მოქალაქე ლეილა ბერიაშვილის, მცხოვრები ქ. თბილისი, ჩიქობავას ქ. #14  განცხადება სარჩელის (სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ საკომუნიკაციო საშუალებების დაუცველობის გამო, კუთვნილი სატელეფონო ნომრით 95 51 32 სხვა პირთა უნებართვოთ სარგებლობისა და დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის თაობაზე) უზრუნველყოფის შესახებ, რის თაობაზეც გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის მიხედვითაც: სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ დაევალა სატელეფონო კავშირის აღდგენა სააბონენტო ნომერზე: 95-51-32 (სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი); აგრეთვე – სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ აეკრძალა სატელეფონო კავშირის გათიშვა სატელეფონო ნომრებზე: 95-51-31 და 95-64-51 დავის საბოლოო გადაწყვეტამდე (სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი). 

         2004 წლის 16 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინიციატივით, მოქალაქე ლ. ბერიაშვილის განმეორებითი საჩივრის საფუძველზე (01.07.2004), თანაშემწეების ა. აბესაძისა და დ. კუხიანიძის თანდასწრებით, კომისიის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტის კ. ყურაშვილის მონაწილეობით 39-41-37 სატელეფონო ნომრიდან განახორციელა 95-51-32 სატელეფონო ნომერზე მომსახურების შემოწმება, რის შესახებაც შედგა შემოწმების აქტი. გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ ნომერზე სატელეფონო მომსახურება გათიშულია.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების მე-2 პუნქტის შეუსრულებლობის, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობისა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნების დარღვევის გამო, 2004 წლის 29 ივნისს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის დაცვით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მ. კანკავასათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (თან ერთვის).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე  ბ-მა მ. კანკავამ უარი განაცხადა, რის თაობაზეც ოქმში გაკეთდა შესაბამისი  ჩანაწერი. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის ახსნა-განმარტებით სასამართლოს განჩინების, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებების  შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია.

2004 წლის 6 ივლისს 16.00 საათზე კომისიაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა.

სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზ. მჭედლიშვილმა განმარტა, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით არ ჩაუდენია. სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ იძულებითი აღსრულების წარმოების გარეშე, ნებაყოფლობით და სრულყოფილად აღასრულა  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღადგინა სატელეფონო კავშირი ნომერზე 95-51-32, რის დასადასტურებლად, მტკიცებულების სახით საქმეზე თანდასართავად კომისიაში წარმოდგენილია სატელეფონო ზარების შესახებ ამონაბეჭდის ასლი; და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესაბამისად, სატელეფონო მომსახურება ნომრებზე 95-51-31 და 95-64-51 არ გაუთიშავს.

სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტმა ლ. ბერიაშვილმა დაადასტურა, რომ  სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ მართლაც შეასრულა სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და სატელეფონო კავშირი 95-51-32 სატელეფონო ნომერზე აღადგინა, მაგრამ 2004 წლის აპრილის თვიდან დღემდე მომსახურება კვლავ შეწყვეტილია. ლ. ბერიაშვილის განმარტებით, სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ უნდა სცოდნოდა და იცოდა, რომ დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში სატელეფონო ნომერი შეცდომით იყო მითითებული.

სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებით მათთვის უცნობი იყო, რომ სასამართლოს განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ მის სარეზოლუციო ნაწილში აბონენტ ლ. ბერიაშვილის სატელეფონო ნომერი მითითებული იყო შეცდომით, რაც მისი განმარტებით სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძვლეზე მოსარჩელე მხარეს შეეძლო თხოვნით მიემართა სასამართლოსათვის, ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის შესწორების თაობაზე.

 კომისიამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტებმრის განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ მისი სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გაპარულია შეცდომა -  მითითებული სატელეფონო ნომრის 95-51-31 ნაცვლად, უნდა იყოს სატელეფონო ნომერი 95-51-32. აღნიშნული შეცდომის გასწორების თაობაზე მოსარჩელე ლ. ბერიაშვილს სასამართლოსათვის არ მიუმართავს;

2. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ნებაყოფლობით შესრულებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტებმრის განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მისი სარეზოლუციო ნაწილის როგორც პირველი, ისე მეორე პუნქტის მოთხოვნები;

3. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მიერ არ დარღვეულა 1997 წლის 14 მარტს გაცემული N247 ლიცენზიის პირობები, შესაბამისად ადგილი არ ქონია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

          ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ  მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, აგრეთვე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ თავი შეიკაოს  აბონენტ ლ. ბერიაშვილისათვის სატელეფონო ნომერზე 95-51-32 სატელეფონო მომსახურების გათიშვისაგან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე, 232-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 266-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს წარმოება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მ. კანკავას მიმართ,    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;

2.  ეთხოვოს სს  „საქართველოს ელექტროკავშირს„  აღადგინოს სატელეფონო მომსახურება აბონენტ ლ. ბერიაშვილის სატელეფონო ნომერზე 95-51-32 და არ შეწყვიტოს მომსახურების გაწევა სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული სამსახურს (კ. ყურაშვილი).

  

კომისიის თავმჯდომარე:                                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები