წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 321 ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგებისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ

ნომერი: 321 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004

მიღების თარიღი ივლისი 09, 2004

ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგებისა და ულიცენზიოდ

საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია „გააკონტროლოს ლიცენზიის პირობების შესრულება”. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 34-ე მუხლის შესაბამისად, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით„.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების, ასევე ლიცენზიის გარეშე საქმიანობის ფაქტების გამოვლენის, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და  ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის                         ი) ქვეპუნქტის საფუძველზე გამოირკვა შემდეგი გარემოებები:

1. კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”–ის საქართველოს წარმომადგელობას, რომელიც ფლობს N1265 (ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება) და N1303  (ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება) ლიცენზიებს, შეწყვეტილი აქვს საქმიანობა 2003 წლის ივნისის თვიდან, რის გამოც 2003 წლის ივნისიდან კომპანიას კომისიაში რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც სათანადო ჩარიცხვები განუხორციელებია.

2. შპს „არტ ივერიონის„ N1173 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადა გაუვიდა 1999 წლის 23 დეკემბერს, ხოლო კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია; აგრეთვე არცერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და შესაბამისად არც სათანადო ჩარიცხვები განუხორციელებია;

2. შპს „ვანექსის„ N573 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 29 მაისს, ხოლო კომპანიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი კომისიაში არ წარმოუდგენია; აქვე აღსანიშნავია, რომ მ/წ. 11 ივნისს შპს „ვანექსი„-საგან კომისიაში შემოვიდა განაცხადი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების  გაცემის თაობაზე, რის თაობაზეც კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;

3. შპს „კარიბჭეს„  N1103 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადა გაუვიდა 2001 წლის 20 ივლისს, კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია; აგრეთვე არცერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და შესაბამისად არც სათანადო ჩარიცხვები განუხორციელებია;

5. შპს „ფორტე უნივერსალი„, რომელიც ფლობს N59 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა, ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 22-ე დეციმეტრულ არხზე, 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ლიცენზიის გაცემის თარიღი: 02.06.1995 წ. ხოლო მოქმედების ვადა ლიცენზიაში რატომღაც მითითებული არ არის). არ მაუწყებლობს. კომპანიას 2000 წლიდან 2004 წლამდე კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები. 2004 წელს აღნიშნულმა კოპანიამ წარმოადგინა 3 თვის გაანგარიშება, ხოლო შესაბამისი ჩარიცხვები არცერთხელ არ განუხორციელებია.

შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მიერ, კომისიაში წარმოდგენილი სიხშირული მონიტორინგის 2004 წლის 1 კვარტლის მონაცემებით (N230/2 21.04.2004 წ.) დადასტურებულია სიხშირული სპექტრის ულიცენზიოდ და უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები:

1. ქ. გურჯაანში, მე-4 სატელევიზიო არხზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხის„ ტრანსლირებისათვის, ლიცენზიის გარეშე გადაიცემა რუსეთის ტელეკომპანია „ORT„-ს გადაცემები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დარღვევა დაფიქსირებულია შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მიერ სიხშირული მონიტორინგის თაობაზე 2003 წელს  წარმოდგენილ მასალებშიც.

2. ქ. ჭიათურაში, FM დიაპაზონში 101,0 მგჰც სიხშირეზე ულიცენზიოდ მიმდინარეობს რადიომაუწყებლობა; აგრეთვე ნაცვლად N 494 ლიცენზიით მინიჭებული 25-ე დეციმეტრული არხისა მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის„  გადაცემების ტრანსლირება მე-7 სატელევიზიო არხზე.

3. ქ. ტყიბულში მე-6 სატელევიზიო არხზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხის„ ტრანსლირებისთვის, ულიცენზიოდ გადაიცემა ტელეკომპანია „რუსთავი 2„-ის გადაცემები;

ზემოაღნიშნული სიხშირული სპექტრის ულიცენზიოდ და უნებართვოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, კომისიამ წერილობით მიმართა (NN 06/930-04, 06/932-04, 06/934-04) ქ. ტყიბულის,  ქ. გურჯაანის,               ქ, ჭიათურის გამგეობებს, მიეღოთ შესაბამისი ზომები ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით და ეცნობებინათ კომისიისათვის, რაზედაც მ/წლის დღეის მდგომარეობით, კომისიაში არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა.

კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”–ის საქართველოს წარმომადგელობასთან მიმართებაში კომისია აღნიშნავს, რომ   ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა ან ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს   კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, რის შესახებაც საკითხი  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წესების„ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ უნდა  განიხილოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

                                                                                                                                                             შპს „არტ ივერიონთან„, შპს „კარიბჭესთან„ და შპს „ვანექსთან„  მიმართებაში კომისია აღნიშნავს რომ,  ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის  პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია;

                                                                                                                                                             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს                    კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „გ„ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მეორე პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა), დ) და  ვ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 მუხლის, აგრეთვე  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად ტექნიკური სამსახურის (მ. გოთოშია) ინფორმაცია ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ;

2.  დაევალოს იურიდიულ სამსახურს (გ. გოგელია) დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:

ა)  ლიცენზიის მფლობელეთა მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”–ის საქართველოს წარმომადგელობის NN1265, 1303 და შპს „ფორტე უნივერსალის„ N59 ლიცენზიების გაუქმების შესახებ

ბ) მოქმედების ვადის გასვლის გამო შპს „არტ ივერიონის  N1173,  შპს „კარიბჭის„  N1103 და შპს „ვანექსის„ N573 ლიცენზიებს გაუქმების შესახებ;

3. დაევალოს კომისიის N396 გადაწყვეტილებით (03.08.2001 წ.)  განსაზღვრულ კომისიის აპარატის მუშაკებს (თ.ძაგნიძე, გ. გიორგაძე, და გ.გოგელია) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 მუხლით გათვალისწინებული (ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, ლიცენზიის პირობების დარღვევა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმის შედგენა                         7 დღის ვადაში ქ. გურჯაანში, ქ. ჭიათურასა და ქ. ტყიბულში ულიცენზიო და უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას                      (ი. ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები