წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 339 სს ,,ტელენეტის’’ მიერ მონიტორინგის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 339 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004

მიღების თარიღი ივლისი 16, 2004

სს ,,ტელენეტის’’ მიერ მონიტორინგის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 30 მარტის N149 გადაწყვეტილების, ასევე ,,სს ,,გლობალ ერთის’’ N586 და N1383, შპს ,,ტრანსკომის’’ N1298, სს ,,ეგრისის’’ N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ N843 და სს ,,ტელენეტის’’ N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის გადადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 15 ივნისის N283-22 გადაწყვეტილების შესაბამისად კავშირგაბმულობის ოპერატორებს დაეკისრათ საერთაშორისო საუბრების დეტალური ჩანაწერების, აგრეთვე საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვალდებულება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს ,,ტელენეტის’’ წერილი (19.05.2004 N1/258) რომლითაც კომპანიამ მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის შესაბამისად. კომისიამ წერილით (02/716-04 N01.06.04) მიმართა სს ,,ტელენეტს’’, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, წარმოედგინათ სათანადო დასაბუთება. აღნიშნულის შესაბამისად სს ,,ტელენეტის’’ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (21.06.2004 N1/338), რომლითაც კომპანია ასაბუთებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სს ,,ტელენეტსა’’ და შპს ,,როსტელეკომს’’ შორის 2004 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების და მისი დანართების ასლები) გამჟღავნებამ მესამე პირების მიმართ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სს ,,ტელენეტის’’ კონკურენტუნარიანობას. ამავე დროს, მხარეები (სს ,,ტელენეტი’’ და შპს ,,როეტელეკომი’’) ხელშეკრულების შესაბამისად შეთანხმებულები არიან, რომ ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის თაობაზე, ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მათ შორის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნულის გამჟღავნება კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

კომისიამ მიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისმა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 272, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-19 მუხლის მე-4, მე-5 მე-8, მე-9 პუნქტების შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს ,,ტელენეტის’’ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია: სს ,,ტელენეტსა’’ და შპს ,,როსტელეკომს’’ შორის 2004 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც შეეხება ურთიერთჩართვისა ტექნიკურ განხორციელებასა და ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ასევე ხელშეკრულების დანართების ასლები კერძოდ, ხელშეკრულების N1 დანართის ასლი, N2 დანართის (მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფები) და მისი N1ა დამატების ასლები, N3 დანართის (გადახდის პირობები) ასლი, ასევე N2 დამატებითი შეთანხმების ასლი ხელშეკრულების N2 დანართისათვის.

2. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის კომისიის კომერციული საიდუმლოების რეესტრში აღრიცხვა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

   

    კომისიის თავმჯდომარე                   დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები