გადაწყვეტილება N 380 მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი
ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს ღია ტენდერი მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს (შემდგომში „დამოუკიდებელი ორგანო”) დანიშვნის შესახებ.
2. დამოუკიდებელი ორგანო ინიშნება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის და 55-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სიხშირეთა გეგმის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. დამოუკიდებელი ორგანო შედგება 5 წევრისაგან. წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. 3 წევრი უნდა იყოს ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების, ტექნიკური ელექტროდინამიკის და საანტენო სისტემების სპეციალისტი, ხოლო 2 - საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი.
4. დამოუკიდებელი ორგანოს წევრი უნდა ფლობდეს მაუწყებლობის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური ან სამართლებრივი ნორმების შემუშავების გამოცდილებას, სასურველია, რომ მათ გააჩნდეთ მაუწყებლობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ტენდერში მონაწილეობა არ შეიძლება მიიღოს პირმა, რომელსაც გააჩნია პირადი ინტერესი ანდა არსებობს სხვა გარემოება, რაც კომისიის აზრით, ზეგავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.
5. დამოუკიდებელი ორგანოს წევრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით.
6. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
- სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, სამუშაო ადგილი.
7. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან.
8. თითოეულმა პირმა განცხადება უნდა წარმოადგინოს დამოუკიდებლად. ერთობლივი განცხადებები არ მიიღება.
9. განცხადებები მიიღება ა/წლის 27 აგვისტომდე, კომისიის ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი, ყაზბეგის ქ. 42.
10. კომისია დამოუკიდებელი ორგანოს წევრებს დანიშნავს 10 სექტემბრამდე.
11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში და პრესაში.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
13. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
