გადაწყვეტილება N 403 „შპს „მეგაკომის“ ¹4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ¹374/4 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
შპს მეგაკომის„ N4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N374/4 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „მეგაკომის” სახელზე 1993 წლის 23 ივლისს გაცემული იყო ლიცენზია N4. რომელიც ითვალისწინებდა ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას 824,040 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე და 869,040 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში.
კომისიის 2000 წლის 20 დეკემბრის N31 გადაწყვეტილებით, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად შპს მეგაკომმა გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მეგაკომის N4 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 23 ივლისს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზია წარმოადგენს კომისიის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის - გადაწყვეტილების საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით განახორციელოს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვით. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიამ უნდა შეწყვიტოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა, გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ არ მოხდება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, რაც ამავე მუხლის შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნები და თუ ლიცენზიის მფლობელი გადაიხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას, ლიცენზია უქმდება და იგი კარგავს იურიდიულ ძალას. შპს მეგაკომის„ ლიცენზია N4-ს მოქმედების ვადა არ გაგრძელებია.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის ვადის გასვლის შემთხვევაში კომისია ლიცენზიას აუქმებს, რაც ნიშნავს პირისათვის, რომელიც ფლობდა ლიცენზიას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობისთვის, ამ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ფორმალური შინაარსის მავალებელი ხასიათის ადმინისტრაციული აქტია, გულისხმობს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყეტის მოთხოვნას და სავალდებულოა აღსასრულებლად, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება ვერ აღადგენს ვადაგასული ლიცენზიის მოქმედებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ 2004 წლის 30 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება N374/4 შპს მეგაკომის„ ლიცენზიის გაუქმების შესახებ„. სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია გაიგზავნა სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გასატარებლად და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოსაქვეყნებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს მეგაკომი„, 2004 წლის 30 ივლისიდან დღემდე განაგძობს ლიცენზიის გარეშე ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად.
შპს მეგაკომის„ მიერ ულიცენზიოდ საქმიანობის გამო ვერ ხერხდება 824,040 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე და 869,040 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე სახელმწიფო სიხშირული ამოწურვადი რესურსის ეფექტურად გამოყენება და მისი ოპტიმალური განაწილება, ფერხდება ახალი თაობის ტექნოლოგიების საქართველოში განვითარებისა და გავრცელების პროცესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად ყველა ვალდებულია შესარულოს ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომისია, როგორც ადმინისტრაციულ ორგანო, უფლებამოსილია საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 162-ე მუხლის პირველი პუნქტისა
და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაუყოვნებლივ აღსრულდეს შპს მეგაკომის„ მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N374/4 გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს მის მიერ ამავე გადაწყვეტილებით გაუქმებული N4 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს მეგაკომს„;
3. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
