წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 455 შპს “მადისთვის“ საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 455 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპსმადისთვისსაკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მადიმ’’ (რეგისტრირებული ქ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის დადგენილებით, რეგისტრაციის N44/4-263) კომისიას მიმართა განცხადებით (N 20, 06.07.04.) საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე.

      2004 წლის 13 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, რომელზეც აღინიშნა, რომ შპს „მადის„ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები და ტექნიკური პროექტი) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „მადი„ საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას განახორციელებს მიკროტალღოვანი ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით.

      კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

      „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N 1417 ლიცენზია შპს „მადის„ საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის (თან ერთვის) შესაბამისად;

2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა  სენაკის რაიონი, სამტრედიის რაიონი, ქ. ბათუმი,  ქ. ოზურგეთი წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად;

3. შპს „მადი„ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

თ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ი) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

მ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ  ლიცენზიაში;

5. შპს „მადიმ„ უზრუნველყოს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

6. შპს „მადიმ„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

8. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

                  კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები