წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 462 შპს „ევროპას“ N 478 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 462 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს „ევროპას„  N 478 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

2004 წლის 25 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„  წერილი N384/2 – 25.06.04, რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ კომისიის მიმართვის საფუძველზე ინსპექტირებისა და რადიოკონტროლის მობილურმა ჯგუფმა 2004 წლის 24 ივნისს ჩაატარა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის„ N 478 ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული სატელევიზიო არხების რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოები, ხოლო ქ. თბილისის რადიოსაკონტროლო პუნქტიდან აღნიშნული სამაუწყებლო კომპანიის მიერ N 478 ლიცენზიის საფუძველზე 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობა ექვემდებარება სისტემატურ რადიომონიტორინგს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მიერ გამოვლინდა, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ 38-ე სატელევიზიო არხზე 2003 წლიდან მაუწყებლობას ახორციელებს პერიოდულად, ხოლო ბოლო სამი თვის მანძილზე მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის„  N 478 ლიცენზიების გაუქმების შესახებ.

         კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1998 წლის 17 აპრილს  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 478, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას 38-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში. სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” კომისიის N 196 (30.03.01) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 2003 წლის 26 დეკემბერს კომისიის N652 გადაწყვეტილების საფუძველზე სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის„ N 478 ლიცენზიას გაუგრძლედა მოქმედების ვადა და მოდიფიცირდა. 2004 წლის 5 და 12 აგვისტოს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებებით (რეგისტრაციის N1-2318 და N1-3226)  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიიდან„ ნატურით გამოყოფის შედეგად სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის„ N 478 ლიცენზიის ფლობისა და გამოყენების საკითხებში მისი უფლებამონაცვლე გახდა შპს „ევროპა„ (რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 09.07.2004წ. რეგ. N2/4-3070 ).

2004 წლის 13 აგვისტოს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას ზემოაღნიშნული კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს (ე. გიორგობიანი) განემარტა რომ, 38-ე სატელევიზიო არხზე „ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის„ გამო კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება N 478 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

შპს „ევროპას„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ე. გიორგობიანი) აღნიშნა, რომ მაუწყებლობა ქ. თბილისში 38-ე სატელევიზიო არხზე მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს; შესაბამისად შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მონაცემები, რასაც ეყრდნობა კომისია, შეიცავს მცდარ ინფორმაციას.

          კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობის, მაუწყებლობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და  შპს „ევროპას„ მიერ 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის განხორციელების დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად, კომისიამ 2004 წლის 18-19 აგვისტოს ჩაატარა ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონის საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების, მათ შორის შპს „ევროპას„ შემოწმება.  მონიტორინგის   შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის შედეგები) გამოვლინდა, რომ შპს „ევროპას„ ქ. თბილისში შეწყვეტილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.

         გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შემოვიდა  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის„ დირექტორის მ. ომანაძის წერილი (N6/715-04 – 07.09.2004), რომელსაც თან ერთვის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტირის„ ტექნიკური დირექტორის ბ. ადამიას ინფორმაცია, რომელიც იტყობინება რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ 38-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში მაუწყებლობას ახორციელებდა 2004 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეში რეგულარულად ქ. თბილისის სატელევიზიო ანძიდან. ამასთან, მისი აზრით გასათვალისწინებელია, რომ 2004 წლის 10 აპრილიდან 2004 წლის 25 ივნისამდე სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ მუშაობდა შემცირებული სიმძლავრით ანტენების დაზიანების გამო.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურიდან„ 2004 წლის 9 სექტემბერს  შემოვიდა გენერალური დირექტორის ბ-ნ ვ. ქურდიანის წერილი, რომელსაც თან ერთვის  ამავე სამსახურის ტექნიკური დირექტორის ბ-ნ ნ. ასპანიძისა და რადიომონიტორინგის ჯგუფის უფროსის თ. ლომიძის მოხსენებითი ბარათი. სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, რომელიც ეყრდნობა 2004 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში რადიოსაკონტროლო პუნქტის ოპერატორების მიერ 38-ე სატელევიზიო არხზე ჩატარებულ მაუწყებლობის ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს (მონიტორინგისა და დაკვირვების შედეგები ასახულია სპეციალურ ჟურნალში და ხელს აწერენ სამორიგეო დროის შესაბამისად საკონტროლო პუნქტის პასუხისმგებელი ოპერატორები).

მონიტორინგის შედეგებით 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობა არ მიმდინარეობდა 2004 წლის 25- 28 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, 2004 წლის 14-20 ივლისს ასევე მთელი დღის განმავლობაში, ხოლო 3 და 6 ივლისს ჩართული იყო სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„, მაუწყებლობის გარეშე (ეთერში განთავსებული იყო ტელერადიოკომპანიის ლოგოს ტიხარი), 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობა არ მიმდინარეობდა აგრეთვე 2004 წლის 18 აგვისტოს.

         „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-12 მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისას კომისიამ იხელმძღვანელა ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაინტერესებულ პირთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებითა და საქმეზე თანდართული მასალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე დართული ზოგიერთი მტკიცებულება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს (მაგალითად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტირის„ ტექნიკური დირექტორის ბ. ადამიას ინფორმაციით სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ 38-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში მაუწყებლობას ახორციელებდა 2004 წლის ივნისის თვეში რეგულარულად, ხოლო შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ დაკვირვების შედეგების მიხედვით მხოლოდ ივნისის თვეში 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობა არ მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში), დადასტურებულად მიაჩნია 38-ე სატელევიზიო არხზე  მაუწყებლობის არარეგულარულად და არა სისტემატურად  მიმდინარეობისა და შესაბამისად აღნიშნულ სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის – ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის არაერთხელ შეწყვეტის ფაქტები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე პირისათვის ამ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. ამასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ევროპას„ უფლებამოსილი წარმომადგენლის თხოვნის გათვალისწინება ლიცენზიის გაუქმებისა და მაუწყებლობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისათვის მიეცეთ განსაზღვრული ვადა.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „ევროპას„  N 478 ლიცენზია  ამ ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს 2004 წლის 1 ოქტომბრიდან;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს  „ევროპას„;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის (ე. ასანიძე) ინფორმაციის კომისიის სალიცენზიო  უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის (ე. ასანიძე) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზის  გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება„;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს  (გ. რატიშვილს);

კომისიის თავმჯდომარე                                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები