წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 493 შპს ,,სანეტის’ ¹382 და ¹352 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 493 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004

შპს ,,სანეტის’ N382 და N352 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა„. ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, ხოლო დარღვევათა აღმოფხვრის შემდგომ – ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ.

      ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „სანეტის„ მიერ არ ხდება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დადგენილი წესით გადახდა და  მის საერთო დავალიანებას შეადგენს 8 592 ლარი და 51 თეთრი.

შპს „სანეტი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს  N4/4-582 დადგენილებით) ფლობს ორ ლიცენზიას: ლიცენზია N382 (მოქმედების ვადა - 2011 წლის 4 მაისი) გაცემულია ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1997 წლის 30 დეკემბერს (ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება), ხოლო ლიცნეზია N352 (მოქმედების ვადა  -2011 წლის 4 მაისი) გაიცა ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ  1997 წლის 16 ოქტომბერს (ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემის და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით). აღნიშნულმა კომპანიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში; მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გატარებულია  სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სანეტის„ მიერ რეგულირების ყოველთვიური საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს ზემოაღნიშნული ლიცენზიებით განსაზღვრული პირობების, შესაბამისად  - საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა  დარღვევას. შპს „სანეტის„ მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სანეტის’ N382 და N352 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.

2004 წლის 10 სექტემბერს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას კომისიის მთავარმა ბუღალტრმა (ი. აბულაძე) წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შპს „სანეტმა„ სრულად დაფარა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება (11 370 ლარი და 42 თეთრი) და ამავე დროს წარმოადგინა 2004 წლის აგვისტოს თვის გაანგარიშება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სანეტის„ მიერ წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება და მას აღარ ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომლის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის  მე-5 პუნქტით.

შესაბამისად,  მის მიერ აღმოფხვრილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტებისა და  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რის გამოც აღარ არსებობს შპს „სანეტის„ N382 და N352 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საფუძვლები. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება  ხდება მხოლოდ  ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევევის გამო და მათ აღმოფხვრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  39-ე მუხლის მე-3 პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სანეტის„ N382 და N352 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს „სანეტს„ ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები