წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 513 შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1’’-ს ¹1140 ლიცენზიის მოქმედების გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ამავე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 513 / 4

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1’’-ს  N1140  ლიცენზიის მოქმედების გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ამავე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1”-მა (რეგისტრირებული ახმეტის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის N 18/4-77 დადგენილებით) კომპანიის N1140 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1” -ის სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N1140, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-10 სატელევიზიო არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით.

შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1”-მა კომისიის N343, 29.06.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა „საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.

კომისიის 2003 წლის 21 მარტის N126 გადაწყვეტილებით შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1”-ს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 1 980,45 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარით. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1”-ს დაევალა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1”-ს არ გადაუხდია  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20% (396,09 ლარი) და  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (198,04 ლარი) დადგენილ ვადაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას 2002 წლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც გადახდები განუხორციელებია. აღნიშნული გარემოების გამო დაუზუსტებელია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანების ოდენობა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 5 მარტს კომისიამ მიიღო  N95 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სხვა ლიცენზიის მფლობელებთან ერთად შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-ს დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დაფარვა ერთი თვის ვადაში 2004 წლის 5 აპრილამდე.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულების, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ

1. შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-მ არ გადაიხადა „ლიცენზიისს მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ„ კომისიის 2003 წლის 21 მარტის N126 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30% ;

 2.  2002 წლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია.

                კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას (30%-ს) კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1’’-ს  N1140 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და გაუქმების შესახებ.

2004 წლის 24 სექტემბერს საკითხის ზეპირ მოსმენაზე კომისიის მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) განმარტა, რომ კომპანიას ამ ეტაპისათვის სრულად არის  დაფარული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება, რომელიც გადახდილია 2004 წლის 12 მარტს. კომპანიას  არ წარმოუდგენია სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიაში, რის გამოც, კომისია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 7 დღეში, ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თანხა სათანადო ანგარიშზე ჩაირიცხა მხოლოდ 2004 წლის 20 სექტემბერს. აღინიშნა აგრეთვე, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური გაანგარიშებები და თანხები გადახდილია. შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-ის საქმიანობა ამ ეტაპისათვის შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს: კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-ს მიერ აღმოფხვრილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის,  39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტებისა და  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტები.

ამასთან, მის მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (1980 ლირი და 45 თეთრი) საწყისი ოდენობის 20% (396 ლარი და 9 თეთრი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (198 ლარი და 4 თეთრი) სახელმწიფო  ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. შპს ,,ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1’’-ს მიერ ასევე გადახდილია  სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი. 

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი  ოდენობის   განსაზღვრისა   და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-ს  N1140  ლიცენზიის მოქმედების  გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება;

2. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1„-ს  N1140  ლიცენზიას 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

3.  შპს „ ტელერადიოკომპანია ახმეტა ტვ 1” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლ) უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე; 

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (1386 ლარი და 31 თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის

სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141407

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

   308,06  ლარი – 2004  წლის  31 დეკემბრამდე;

   154,03   ლარი -    2005  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2006  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -    2007  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2008  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2009  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -  2010  წლის  1 თებერვლამდე;

   154,03   ლარი -   2011  წლის  1 თებერვლამდე;

       

7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

8. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები