წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 519 2004 წლის 4 მაისს შპს “მეგაკომთან”, შპს “ჯეოსელთან”, შპს “მაგთიკომთან”,შპს “ახალ ქსელებთან”, შპს”ეი ჯი ნეტთან” , საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსთან გაფორმებულ მორიგებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 519 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

2004 წლის 4 მაისს შპს „მეგაკომთან”,  შპს „ჯეოსელთან”, შპს „მაგთიკომთან”,შპს „ახალ ქსელებთან”, შპს”ეი ჯი ნეტთან” , საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსთან გაფორმებულ მორიგებაზე უარის თქმის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილა შპს „მეგაკომთან”,  შპს „ჯეოსელთან”, შპს „მაგთიკომთან”, შპს „ახალ ქსელებთან”, შპს”ეი ჯი ნეტთან”, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსთან  საქართელოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ  2004 წლის 4 მაისს გაფორმებულ მორიგებაზე უარის თქმის საკითხი და გამოარკვია შემდეგი:

2002 წლის 17 ივლისს შპს „მეგაკომმა” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  მიმართ და მოითხოვა შემდეგი ადმინისტრაციული აქტების ( ლიცენზიების)ბათილად  ცნობა:

1. 12.03. 1998 წლის N 414-415-ის  შპს „ ახალი ქსელებისათვის” 890- 893.70 მ.გ.ჰ -მდე სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში;

2.27.06.1998 წლის N654-655-ის შპს „ეი ჯი ნეტისათვის” 890-890.70 მ.გ.ჰ.-მდე სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში;

3. 16.08.1999 წლის N 1139-ის შპს „ჯთ- მობილურისათვის” 890-891.8 მგჰ-მდე  სიხშირული სპექტრის გადაცემის ნაწილში;

4. 03.08.1999 წლის  N153-ის დანართი N4 შპს „მაგთიკომისათვის” 891.8-893.97 მგჰ-მდე სიხშირული სპექტრის გადაცემის ნაწილში;

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000წლის 15 ნოემბრის N16 გადაწყვეტილების შპს „ჯთ-მობილურის” ხელახლა რეგისტრაციაში გატარებაზე ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 890-891.8 მგჰც სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში;

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება N42 შ.პ.ს „ მაგთიკომის” ხელახლა რეგისტრაციაში გატარებაზე ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 891.8-893,970 მგჰც სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში.

 თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო შემდეგი ადმინისტრაციული აქტები:

1.16.08 1999 წლის N 1139 ლიცენზია შპს „ ჯთ-მობილურისათვის” 890-891.8 მგჰ-მდე  სიხშირული სპექტრის გადაცემის ნაწილში,

 03.08.1999 წლის  N153-ი ლიცენზიის დანართი N4 შპს „მაგთიკომისათვის” 891.8-893.97 მგჰ-მდე სიხშირული სპექტრის გადაცემის ნაწილში;

 2. კომისიის 2000წლის 15 ნოემბრის N16 გადაწყვეტილება შპს „ჯთ-მობილურის” ხელახლა რეგისტრაციაში გატარებაზე ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 3.890-891.8 მგჰც სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში;

კომისიის 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება N42 შპს „ მაგთიკომის” ხელახლა რეგისტრაციაში გატარებაზე ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე 4.891.8-893,970 მგჰც სიხშირული დიაპაზონის გადაცემის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ჯეოსელმა” და შპს „მაგთიკომმა”. საქმეში მონაწილე მხარეებმა,  საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას წარუდგინეს  შემდეგი შინაარსის მორიგება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს  განჩინებით მორიგების აქტის დამტკიცებიდან შვიდი დღის ვადაში შპს „მეგაკომი” წერილობით მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 მუხლის პირველი ნაწილის  „ბ” პუნქტის თანახმად, სადავო სიხშირეებზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით; შპს „მეგაკომი” ცნობს შპს „ჯეოსელისა” და შპს „მაგთიკომის” საკასაციო საჩივრებს; კომისია  ვალდებულებას იღებს გაატაროს შესაბამისი ცვლილება შპს ”მეგაკომის” ლიცენზიაში; შპს „მეგაკომი” ვალდებულებას იღებს არ გაასაჩივროს კომისიის მიერ მისი განცხადების შესაბამისად, სადავო სიხშირეებზე შპს „მეგაკომის” უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება; ვინაიდან შპს „მეგაკომს” გაწეული ჰქონდა გარკვეული ხარჯი სადავო სიხშირეების ფლობისა და სარგებლობის ადმინისტრირების მიზნით, შპს „მაგთიკომი” და შპს „ჯეოსელი” ვალდებულებას იღებენ აღნიშნული დანახარჯბის სანაცვლოდ გადაიხადონ კომპენსაცია - თითოეულმა 45000 აშშ დოლარის ექვივალენტი  ლარებში.  მორიგების აქტს კომისიის სახელით ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

2004 წლის 9 ივნისს კომისიამ გადაწყვიტა მორიგებაზე უარის თქმა და  ამის თაობაზე აცნობა კიდეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმავე დღეს გაგზავნილი წერილით (№ 02/762-04)

2004წლის 9 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის  საქმეთა პალატამ საქმე განიხილა კომისიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე და განჩინებით  საქმის წარმოება შეწყვიტა მხარეთა მორიგების გამო.  სასამართლოს განჩინება  კომისიას  ჩაბარდა 2004 წლის 14 ივნისს.

კომისია არ  ეთანხმება მორიგებით საქმის წარმოების შეწყვეტას და საქმის განხილვას მისი წარმომადგენლის  მოწვევისა და დასწრების გარეშე, რის გამოც 2004 წლის 28 ივნისის განცხადებით მოითხოვა  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის  საქმეთა პალატის 2004 წლის 9 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. კომისიას მიაჩნია, რომ საქმის განხილვაში მისი წარმომადგენლის მოწვევის შემთხვევაში  სასამართლო გაითვალისწინებდა კომისიის უარს მორიგებაზე და არ მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას. კომისიის განცხადების განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულია 2004 წლის 7 ოქტომბერს.

კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება 2004 წლის 4 მაისის მორიგებაზე უარის თქმის თაობაზე  მიღებულ უნდა იქნას კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით და იგი წარდგენილ უნდა იქნას საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2004 წლის 9 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ კომისიის განცხადების დასასაბუთებლად.

კომისიას მიაჩნია რომ, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, რადგან არსებობს გადაწყვეტილების გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სასამართლოში  საქმის  ზეპირი მოსმენა დანიშნულია 2004 წლის 7 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე-54-ე მუხლებით, 72-მუხლის 1 ნაწილის ა) პუნქტით, „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების  მე-6 მუხლის  ე) პუნქტით ,მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილით და

                           გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი განაცხადოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, შპს „მეგაკომს”, , შპს „ჯეოსელს”, შპს „მაგთიკომს”, შპს „ახალ ქსელებს”, შპს”ეი ჯი ნეტსა”  და  საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს  შორის 2004 წლის 4  მაისს გაფორმებულ მორიგებაზე;

2. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობისათვის  დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა (შპს „მეგაკომი”, , შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი”, შპს „ახალი ქსელები”, შპს”ეი ჯი ნეტი” , საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ( ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (თბილისი,გრ.რობაქიძის N7ა)  ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             დიმიტრი ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები