გადაწყვეტილება N 557 ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს “ჯორჯია ონლაინისა” და შპს “ეგრისის” განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს „ჯორჯია ონლაინისა” და შპს „ეგრისის” განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშავს, რომ კომისიას განცხადებით (15.07.2004 N4) მომართა შპს ,,ეგრისმა” საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ. კომისიას ასევე განცხადებით (21.09.2004 N352) მომართა შპს „ჯორჯია ონლაინმა” შემდეგი სახის ლიცენზიების მისაღებად:
- მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით;
- ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;
- მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება:
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ეგრისის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 454 მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, 454 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ეგრისის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ საკაბელო ანძის სამშენებლო პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მონაცემებს და შესაბამისად იგი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიამ წერილით (27.09.04 N05/1606-04) მიმართა შპს „ეგრისს”, რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინათ ზემოაღნიშნული მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას შპს ,,ეგრისის” განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ
აღნიშნულის მიუხედავად კომპანიის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია.
რაც შეეხება შპს ,,ჯორჯია ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას, კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად კომისიამ წერილით მიმართა შპს „ჯორჯია ონლაინს” (30.09.2004. N05/1630-04) რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაგრამ კომპანიის მიერ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ეგრისის” და შპს „ჯორჯია ონლაინის” განცხადებები ლიცენზიის გაცემის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):
ა) აცნობოს შპს „ეგრისს” და შპს „ჯორჯია ონლაინს”გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
ბ)) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
3. შპს „ეგრისის” და შპს „ჯორჯია ონლაინის” განცხადებების განხილვის ვადის დინება განახლდება კომპანიების მიერ კანონმდებლობის გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
