წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 573 შპს „კავკასუს ნეტვორკსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 573 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

შპს „კავკასუს ნეტვორკსა„  და შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 29 ოქტომბერს განიხილა საკითხი შპს „კავკასუს ნეტვორკსა„  და შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „კავკასუს ნეტვორკის„ დირექტორი მ. სანადირაძე; შპს „ახალ ქსელების„ და შპს „ახტელის„ წარმომადგენელი ნ. ჟღენტი; სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლები ნ. ტატუაშვილი და ე. თანანაშვილი.

კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე 2004 წლის 19 ოქტომბერს დაზუსტდა მხარეთა შორის სადაო საკითხები:

შპს „კავკასუს ნეტვორკის„ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ახალ ქსელების„, შპს „ახტელის„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დადგენილი DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის შემცირება.

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა შეგებებული განცხადება და მოითხოვა შპს „კავკასუს ნეტვორკთან„ 2003 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის გაზრდა 6 თეთრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ შპს „ახალ ქსელებს„ და შპს „ახტელს„, ხოლო მეორეს მხრივ „შპს „კავკასუს ნეტვორკს„ შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „კავკასუს ნეტვორკი„ შპს „ახალ ქსელებს„ და შპს „ახტელს„ გადაუხდის თითოეულ სატელეფონო წყვილზე სიხშირული ფილტრის პირველადი მიერთებისთვის 20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო თითოეულ სატელეფონო წყვილზე, რომელზეც დაყენებულია სიხშირული ფილტრი ყოველთვიურად 5 (ხუთი) დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულება დადებულია 2004 წლის 18 თებერვალს, ერთი წლის ვადით. თუ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეები ერთმანეთს წერილობით არ აცნობებენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება ავტომატურად იმავე ვადითა და იმავე პირობებით. ამავე დროს ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე.

ამავე დროს, მხარეთა შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები 2003 წლის 8 თებერვალს (ძალაში შევიდა 10 თებერვალს) 3 თვის ვადით. თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და იგივე პირობებით. უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთჩართვას შპს „ახალ ქსელებს„ (შპს „ახტელს„), როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და შპს „კავკასუს ნეტვორკს„, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და საერთაშორისო ოპერატორს შორის ურთიერთობებს. ხელშეკრულება არ არეგულირებს ურთიერთობებს შპს „ახალ ქსელებს„ (შპს „ახტელს„), როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორსა და შპს „კავკასუს ნეტვორკს„, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერს შორის. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ტარიფი 0,6 თეთრის ოდენობით.

ამავე დროს შპს „კავკასუს ნეტვორკმა„ მიმართა შპს „ახალ ქსელებს„ N179/57, 23.07.03წ. წერილით, რომლითაც მოითხოვა ცვლილების შეტანა არსებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების გაფორმება 865065 კოდით ინტერნეტის სარგებლობის თაობაზე, სადაც ტარიფი განისაზღვრებოდა 08.00 საათიდან 24 საათამდე 0,006 ლარით დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 24.00 საათიდან 08.00 საათამდე 0,003 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაფორმებულა, მაგრამ ორივე მხარე ადასტურებს, რომ მათ შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა აღნიშნული პირობებით.

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „კავკასუს ნეტვორკს„ შორის 2003 წელს 1 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „კავკასუს ნეტვორკი„ სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ თითოეულ სატელეფონო წყვილზე, რომელზედაც დაყენებულია სიხშირული ფილტრი, ყოველთვიურად გადაუხდის 5 (ხუთი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით. თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე წერილობით არ აცნობებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადით.

შპს „კავკასუს ნეტვორკსა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება 2003 წლის 1 თებერვალს სამი თვის ვადით. თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე  ორი კვირით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადითა და იგივე პირობებით. ხელშეკრულების 5.9. პუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურებაზე ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 08.00 საათიდან 24 საათამდე 0,4 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 24.00 საათიდან 08.00 საათამდე 0,2 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს შპს „კავკასუს ნეტვორკი„.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის წერილობით მოთხოვნისა, შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშება არ წარმოუდგენიათ. შპს „ახალი ქსელების„ N1188, 19.10.04წ. წერილის თანახმად, აღნიშნული ტარიფი დაწესებულია მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ტარიფი შეთავაზებული იქნა შპს „კავკასუს ნეტვორკის„ მიერ, რაზეც 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.

რაც შეეხება შპს „კავკასუს ნეტვორკის„ მოთხოვნას სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის ერთ ლარამდე შემცირების შესახებ, არც მას წარმოუდგენია სათანადო გაანგარიშება, რომელიც ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. ასევე არ არის წარმოდგენილი გაანგარიშება სს „საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს „ახალი ქსელების„ და შპს „ახტელის„ მხრიდან ამ ტარიფის 5 აშშ დოლარის დასაბუთების შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭიროა ჩვეულებრივი სააბონენტო სატელეფონო წყვილები, რომლის  მომსახურების ხარჯი არ არის დამოკიდებული ამ სატელეფონო წყვილით გადაცემული მონაცემების მოცულობასთან, ანუ ამავე წყვილში ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში არ იზრდება მომსახურების ხარჯი, შესაბამისად მისი ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სატელეფონო წყვილის იჯარისათვის დადგენილ ტარიფს. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია მოცემულია კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N362 გადაწყვეტილებაში „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ„.

კომისია აღნიშნავს, რომ DSL ქსელით მომსახურება წარმოადგენს ურთიერთჩართვის გაფართოებულ მომსახურებას, თანახმად „კავშირგაბმულობისა ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების პირველი მუხლის „ჰ4„ პუნქტისა.

 „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, საკომუტაციო ტექნიკურ საშუალებებთან, ადგილობრივი დაშვების ქსელთან და ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებთან დაშვებას. შესაბამისად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი კავშირის ოპერატორებასა და შპს „კავკასუს ნეტვორკს„, როგორც გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებლის ურთიერთობები, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთჩართვის ტარიფი ინტერნეტის მიწოდებისთვის როგორც საკომუტაციო სადგურის გამოყენებით, აგრეთვე მხოლოდ სახაზო-საკაბელო წყვილების გამოყენებით.

რაც შეეხება შპს „ახალი ქსელების„ მოთხოვნას შპს „კავკასუს ნეტვორკთან„ 2003 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის 6 თეთრამდე გაზრდის შესახებ, კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს ადგილობრივი კავშირის ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშებების შესწავლა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობა. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ახალი ქსელების„ მოთხოვნის განხილვა ურთიერთჩართვის ტარიფების შესწავლის შემდეგ.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ახალმა ქსელებს„, შპს „ახტელს„, სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ და შპს „კავკასუს ნეტვორკს„ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს  ურთიერთჩართვის ტარიფი ინტერნეტის მიწოდებისთვის სახაზო-საკაბელო წყვილების გამოყენებით;

2. სახაზო-საკაბელო წყვილების გამოყენებით ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სახაზო-საკაბელო წყვილის იჯარისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობას, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგია  მოცემულია კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N362 გადაწყვეტილებაში „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ„.

3. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა„, შპს „ახტელმა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ შპს „კავკასუს ნეტვორკთან„ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ და მეორე პუნქტებთან 2004 წლის 1 დეკემბრამდე.

4. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა„, შპს „ახტელმა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ მასთან ურთიერთჩართული გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორებისთვის, რომლებიც ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ სახაზო-საკაბელო წყვილების გამოყენებით, 2004 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი შეთავაზების გაკეთება ზემოაღნიშნული პირობებით ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება ზემოაღნიშნული პირობებით (ასეთის არაარსებობის შემთხვავაში);

5. კომისია განიხილავს შპს „ახალი ქსელების„ შეგებებულ განცხადებას შპს „ახალი ქსელების„ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების გაანგარიშების შესწავლის შემდეგ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები