წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 574 სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 574 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის 10 სექტემბერს მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ„ (წერილი № 6/727-04) სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით.

       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის თანახმად, 2004 წლის 20 ოქტომბერს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორი - ნ. შარაშენიძე, აგრეთვე ტექნიკური დირექტორი ვ. მაჭარაშვილი  და სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-ს ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნ. ტატუაშვილი, ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ე. ცინცაძე და ეკონომიკური სამსახურის უფროსი ე. თანანაშვილი.   

      კომისიამ დააზუსტა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  მიერ წამოყენებული სადაო საკითხები: 1) ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება და 2) სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„ ლოკალურ ქსელში განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორება, რის შემდეგაც მიიღო № 537/16 გადაწყვეტილება და სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. დავის განხილვის თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 29 ოქტომბერი.

      2004 წლის 29 ოქტომბერს კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-ს წარმომადგენელამა ქ-ნ ნ. ტატუაშვილმა სადაო საკითხებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირი” თანახმაა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე  და ხელშეკრულების დღემდე გაუფორმებლობის მიზეზად დაასახელა სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-ს ლოკალურ ქსელში განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორების შეუძლებლობა: იმ ტექნიკური საშუალებებით, რომლებსაც იყენებს ქ.რუსთავში სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად სს „საქართველოს ელექტროკავშირს” არ შეუძლია აღრიცხოს ტრაფიკი. ამასთან, სს „საქართველოს ელექტროკავშირის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2005 წის 31 იანვრამდე ქ. რუსთავში ექსპლუატაციაში შევა ახალი ციფრული სადგური, რის შემდეგაც ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარების ანგარიშწორების პრობლემა მოიხსნება. მან მოითხოვა ლოკალურ ზარებზე ანგარიშწორების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 31 იანვარი.

      შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორმა ქ-ნ  ნ. შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ოპერატორებს შორის. კომისიის მიერ მიღებულია არაერთი   გადაწყვეტილება, სადაც ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული თარიღებია განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” არ შეასრულა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საკითხი დღესაც გადაუჭრელია. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” დირექტორმა ქ-ნ ნ. შარაშენიძემ მოითხოვა სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების უმოკლეს ვადაში გაფორმება.

       კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის (ე. ასანიძე) მოსაზრებით, სს ”საქართველოს ელექტროკავშირის” რუსთავის ფილიალში ექსპლუატაციაში ახალი ციფრული ელექტრონული ასს-ს გაშვებამდე, შესაძლებელია სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის ურთიერთჩართვა განხორციელდეს  შპს „საქართველოს ტელეკომის” შენობაში კომპანიის კუთვნილი ტექნიკური საშუალებებით. ტრაფიკის აღრიცხვა განხორციელდეს „საქართველოს ელექტროკავშირში” კომპანიისათვის ტექნიკურად შესაძლო ასს-ებში (ასს-78-ში, ასს-39-ში, ასს-34-ში, ასს-37-ში), ხოლო შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში” ასს-15-ში. შესაბამიად, როგორც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, ისე სს „საქართველოს ელექტროკავშირი” უზრუნველყოფს საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვას, რაც კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განხორციელდეს ანგარიშწორება ლოკალურ ქსელში.                                    

      კომისია აღნიშნავს, რომ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 411-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის შესაბამისად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან შეთანხმდნენ და გააფორმონ ხელშეკრულება მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ.   

      კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია, ურთიერთჩართვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილია დაავალდებულოს მხარეები განახორციელონ ურთიერთჩართვა კომისიის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

      კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია უმოკლეს ვადებში გააფორმონ მოდავე მხარეებმა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რის თაობაზე კომპანიათა მოსაზრება არ არის განსხვავებული. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ რუსთავის ფილიალში ახალი ციფრული                            ასს-ს ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ლოკალურ ზარებზე ანგარიშწორების უზრუნველსაყოფად, სს „საქართველოს ელექტრიკავშირის” მიერ საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს კომპანიის კუთვნილ ტექნიკურად შესაძლო ასს-ებში (ასს-78-ში, ასს-39-ში, ასს-34-ში, ასს-37-ში).

      „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის  ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების 54-ე და 55-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად , კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაევალოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება   2004 წლის  15 ნოემბრამდე.

 2. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” ქ. რუსთავის ფილიალის ლოკალურ ქსელში განხორციელებულ ზარებზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” ანგარიშსწორება, „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” ურთიერთჩართვის შპს „საქართველოს ტელეკომის” შენობაში განხორციელებითა და ტრაფიკის აღრიცხვით სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ტექნიკურად შესაძლო ასს-ებში (ასს-78-ში, ასს-39-ში, ასს-34-ში, ასს-37-ში).  

3. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიაში, მხარეთა მიერ ორმხრივი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის გვერდზე და გადაწყვეტილების გაგზავნა სს „საქართველოს ელექტროკავშირში” და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში” (ნ. ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები