წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 58 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 58 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’  შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული  სადავო საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მხარეთა მოთხოვნით 2004 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განიხილა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა” და შპს „მეტაკომს”  შორის 2002 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე 2003 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა” და შპს „მეტაკომს’’ შორის განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორების საკითხი.

    კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირები – შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’  გენერალური დირექტორი ქალბატონი ნ.შარაშენიძე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ წარმომადგენელი მ.ალბორაშვილი, შპს ,,მეტაკომის’’ დირექტორი ბატონი ი. მეკოკიშვილი, შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელი გ.გოლოშვილი.

კომისიის სხდომაზე შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის‘’ წარმომადგენელმა მ.ალბორაშვილმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა შპს ,,მეტაკომის’’ მიმართ. კერძოდ, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია‘’ ითხოვს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და შპს „მეტაკომს„ შორის 2003 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში შპს ,,მეტაკომისგან’’ დავალიანების სახით 25 485.71 ლარის გადახდევინებას. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სხვაობას შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ მიერ შპს ,,მეტაკომზე’’ დარიცხულ 32193.70 ლარსა და შპს ,,მეტაკომის’’ მიერ გადახდილ 16008,00 ლარს შორის (16185.70 ლარი), რომელსაც დაემატა საურავი 9 300 ლარის ოდენობით.

                        შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს შპს ,,მეტაკომსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’  შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხი, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისის მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება (N468/16 26.09.2003), რომლითაც შპს ,,მეტაკომსა’’ და  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’  შორის დავის განხილვა შეწყდა მხარეთა შორის დავის საგნის არარსებობის გამო. ამავე დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად კომისიამ უარი უნდა უთხრას შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ განცხადებაზე.

                                    შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენლის განცხადებით, კომისიის მიერ შპს ,,მეტაკომსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის 24831,18 ლარის გადახდევინებასთან დაკავშირებული დავის განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შპს ,,მეტაკომის’’ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შემდეგ.  კერძოდ, შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენლის განცხადებით შპს ,,მეტაკომსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’  შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმდა 2002 წლის 1 ნოემბერს 3 თვის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, თუ მხარეები ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებდნენ  ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და იმავე პირობებით.  გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს არ შეუტყობინებიათ ერთმანეთისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდა 2003 წლის 1 მაისამდე. შპს ,,მეტაკომის’’ 2003 წლის 16 აპრილის N771/09 წერილით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო 2003 წლის 1 მაისამდე და მიმართა თხოვნით, რომ გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება იმავე პირობებით, ორი ცვლილების გათვალისწინებით, მათ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ’’ 2003 წლის 22 აპრილის N4/104/ნშთჩ წერილით შპს ,,მეტაკომს’’ მისცა წინადადება ერთად ემსჯელათ ხელშეკრულებაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამასთანავე მას არ უარყვია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა 2003 წლის 1 მაისს. აღნიშნული ხელშეკრულება 1 მაისიდან აღარ განახლებულა, ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ  ტარიფებთან დაკავშირებით. შპს ,,მეტაკომმა’’ 2003 წლის 25 ივნისს წერილით მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2002 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 მაისამდე მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხდებოდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ მიერ დადგენილი ტარიფებით. აღნიშნული წერილით კომპანიამ კომისიას სთხოვა დახმარება მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენლის განცხადებით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ 2002 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებაში ასახული ანგარიშსწორების პირობები არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რასთან დაკავშირებითაც 2003 წლის 30 ივლისის N03/0977-03 წერილით მხარეებს მისცა მითითება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები მოეყვანათ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული მითითება შპს ,,მეტაკომს’’ აძლევს საფუძველს 2002 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1 და 4.6 მუხლები ცნოს ბათილად, ვინაიდან კომისიამ ხელშეკრულების ანგარიშსწორების პირობები ცნო ბათილად.

                                    როგორც შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისიამ გაიზიარა მათი მოსაზრება, რომ მხარეებს შორის 2003 წლის 1 მაისიდან აგვისტოს ჩათვლით არ არსებობდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, და 2003 წლის 22 აგვისტოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ მიმართა წინადადებით კომისიაში წარდგენილ ხელშეკრულების პროექტში შეეტანა რამდენიმე შენიშვნა და გაეთვალისწინებინა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალებულება და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უზრუნველყოთ ხელშეკრულების გაფორმება.

                                    შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომისიამ ასევე უნდა იმსჯელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით და მისცეს განმარტება, თუ როდემდე გრძელდებოდა 2002 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება.

                                    როგორც შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა აღნიშნა, შპს ,,მეტაკომი’’ ანგარიშსწორებას ახორციელებს კომისიის N03/0967-03 მითითებით და თუ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია’’ არ ეთანხმება აღნიშნულ მითითებას, იგი უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა მითითების კანონიერება, რაც მას არ განუხორციელებია. ამავე დროს თუ კომისია იმსჯელებს ანგარიშსწორების ტარიფზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, იგი წინააღმდეგობაში მოვა მის მიერ განხორციელებულ მითითებასთან, ანუ კომისიამ უნდა გააუქმოს 2003 წლის 30 ივლისის მითითება, რისი უფლებაც მას არ გააჩნია.

                                    შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენლის განცხადებით კომისიამ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ განცხადება შპს ,,მეტაკომზე 24831,18 ლარის გადახდევინების შესახებ წარმოებაში მიიღო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კერძოდ კომისია ვერ იმსჯელებს ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებით, თუ მას ხელთ არ გააჩნია ორმხრივად შეთანხმებული უწყისის მონაცემები, ხოლო კომისიის N6 დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად ,,მონაცემთა სისწორეზე შეთანხმება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს არა აქვთ უფლება დავის დარეგულირების მიზნით მიმართონ კომისიას.„ ხოლო ეს ვადები უკვე ხანდაზმულია.

                                    როგორც შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისიის წინაშე უნდა დადგეს საკითხი 2002 წლის ხელშეკრულების 4.1 და 4.6 მუხლების ბათილობაზე და მხარეთა შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავა უნდა შეწყდეს.

                                    მალხაზ ალბორაშვილმა, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისია ვალდებულია განიხილოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის არსებული დავა გამომდინარე იქედან, რომ ეს ვალდებულება დაკისრებულია სასამართლო განჩინებით, ხოლო  საქართველოს კონსტიტუციის 82 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად ,,კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.’’

                                    შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ წარმომადგენელის განცხადებით: შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ’’ 2003 წლის 27  ივნისს წერილით მიმართა შპს ,,მეტაკომს’’, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ტარიფი 4.6 თეთრი არ მოიცავს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და შპს „მეტაკომს„ შორის არსებული ინფრასტრუქტურის ტარიფს’’. ამავე დროს, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ’’ 08/08/2003 წერილით მიმართა კომისიას კომისიის ვებ გვერდზე 6 თეთრიანი ტარიფის გამოქვეყნების შესახებ.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიაჩნია, რომ:

   კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მეტაკომის„ წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 102 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად კომისიამ უარი უნდა უთხრას შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ განცხადებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 102 მუხლი ითვალისწინებს განცხადებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ გან­ცხა­დე­ბა ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილია იმ სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ო­ბა­ზედაც არ­სე­ბობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქ­ტი გან­ცხა­დე­ბის, აგ­რეთ­ვე სა­ჩივ­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ.

კომისიის მიერ 2003 წლის 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი იყო შპს ,,მეტაკომის’’ განცხადება. საკითხის განხილვის დროს შპს ,,მეტაკომმა’’ განაცხადა, რომ სადავო საკითხს არ წარმოადგენდა თანხის გადახდის საკითხი. შპს ,,მეტაკომს’’ სურდა, რომ კომისიას დაედასტურებინა მისი ქმედების სისწორე, კერძოდ, რომ მან შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან’’ ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არამედ კომისიის ვებ გვერდზე გამოცხადებული ტარიფით. შპს ,,მეტაკომი’’ კომისიის წინაშე არ აყენებდა კონკრეტულ მოთხოვნას შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ მიმართ. გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, კერძოდ კი 2003 წლის 26 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,მეტაკომსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის დავის განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა შორის დავის საგნის არარსებობის გამო. ამ გადაწყვეტილებით კომისიას უარი არ უთქვამს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის„ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამჯერად კი კომისიაში განიხილება დავა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულომის კორპორაციის’’ განცხადების საფუძველზე. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორების საკითხთან დაკავშირებით 2003 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს ,,მეტაკომისათვის’’ თანხის დაკისრების მოთხოვნით. 2003 წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით, რომლის მიხედვითაც საქმის წარმოება წყდება თუ ,,საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის’’, მიიღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ურთიერთჩართვებთან დაკავშირებული დავების რეგულირება ხდება კომისიის მიერ. შესაბამისად კომისიას განჩინებით დაეკისრა აღნიშნული საკითხის განხილვის ვალდებულება და მას არა აქვს უფლება განუხილველად დატოვოს იგი.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-7 თავის და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-11 თავის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’  მოთხოვნა.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2002 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად ხელშეკრულება მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში. თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და იგივე პირობებით. შპს „მეტაკომი„ თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2003 წლის 16 აპრილს მის მიერ გაგზავნილი იქნა წერილი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც შპს ,,მეტაკომის’’ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, შპს ,,მეტაკომის’’ მიზანი იყო ხელშეკრულებაში მხოლოდ ცვლილებების შეტანა და არა მისი შეწყვეტა. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მეტაკომის„ მოსაზრებას, რომ ვინაიდან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ცვლილებებთან დაკავშირებით, ამიტომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღარ გაგრძელებულა. გამომდინარე იქედან, რომ „მეტაკომის„ მიერ დაცული არ იქნა ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ორი კვირით ადრე შეტყობინების შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელდა სამი თვით – 2003 წლის 1 აგვისტომდე. არც ამ ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე არ მომხდარა შეტყობინების გაგზავნა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ანუ ხელშეკრულება გაგრძელდა კიდევ სამი თვით. შესაბამისად შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის 2002 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გრძელდებოდა 2003 წლის 1 სექტემბრამდე – ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

გამომდინარე აქედან, 2002 წლის 1 ნოემბერს შპს „საქართველოს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და შპს „მეტაკომს„ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წარმოადგენს  მხარეთა შორის ანგარიშსწორების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს,  თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლისა. ამასთან, ანგარიშსწორების ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფებით მხარეთა შორის არსებობდა 2003 წლის 1 სექტემბრამდე.

აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით ,,მეტაკომის ქსელიდან შემოსულ და სიჯისის ქსელში დასრულებულ ყველა ზარზე მეტაკომი გადაუხდის სიჯისის ზარის დასრულების საფასურს-ერთი წუთი 6 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით’’, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად: ,,4.4 და 4.5. მუხლებში აღნიშნული სიჯისისათვის გადასახდელი სატრანზიტო მომსახურების თანხა შეადგენს ერთი წუთი 2,5 თეთრი დღგ-ს ჩათვლით’’.

კომისია აგრეთვე ვერ გაიზიარებს „მეტაკომის„ მოთხოვნას ხელშეკრულების 4.1. და 4.6. პუნქტების ბათილობის თაობაზე. შპს „მეტაკომის„ წარმომადგენელი არ უთითებს თავისი მოთხოვნის კანონიერ საფუძველს. კომისია აღნიშნავს, რომ 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით  დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების 46-ე მუხლის თანახმად ,,ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (ოფერტა) ურთიერთჩართვის წერტილის და მომსახურების ტარიფების მითითებით და გამოქვეყნებამდე კომისიას წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია ტარიფების გაანგარიშების შესახებ’’. მაგრამ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ წარმოადგენს კონკრეტული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის ბათილობის საფუძველს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ,,მეტაკომის’’ 25.06.03წ. N771/40 წერილის პასუხად კომისიამ წინადადებით მიმართა კომპანიებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები უახლოეს პერიოდში შესაბამისობაში მოეყვანათ მოქმედ კანონმდებლობასთან (30.07.03წ.N03/0967-03), რის შესაბამისადაც კომისიის ვებ გვერდზე შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ გამოქვეყნებულ ტარიფებში შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ N1.2/397/67ვმ 08/08/2003 წერილის საფუძველზე შეტანილი იქნა ცვლილებები, კერძოდ, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ მთელ ქსელში ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი გამოცხადდა 6 თეთრი, ხოლო კომუტირებადი ტრანზიტული გატარების ტარიფი – 2,5 თეთრი. რაც შეეხება კომისიის  2003 წლის 3 ივლისის N03/0968.03. წერილს, იგი გაგზავნილია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტების თაობაზე და არ ეხებოდა არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

რაც შეეხება შპს ,,მეტაკომის’’ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ უარი უნდა ეთქვას განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ გაშვებულია „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა, კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული პუნქტის თანახმად: ,,ოპერატორებმა უნდა გაცვალონ უწყისები საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში. უწყისის მონაცემები ორმხრივად უნდა შეთანხმდეს. აღნიშნულ ვადაში უწყისის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი შედგენისა და შესწორებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ერთ-ერთი მხარის მიერ წარდგენილი უწყისის მონაცემები. მონაცემთა სისწორეზე შეთანხმება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს არა აქვთ უფლება დავის დარეგულირების მიზნით მიმართონ კომისიას’’. 2003 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში კომპანიებს შორის განხორციელებული ტრაფიკის მოცულობა არ არის სადავო, რაც არა ერთხელ აღინიშნა როგორც შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’, ასევე შპს ,,მეტაკომის’’ მხრიდან. გამომდინარე იქედან, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს ანგარიშსწორების ტარიფები (რომლის ოდენობაც არ განისაზღვრება უწყისით), და არა მონაცემთა სისწორე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მეტაკომის„ მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მეტაკომსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის 2003 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებულ ზარებზე კომპანიებს შორის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს 2002 წლის 1 ნოემბერს შპს „საქართველოს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და შპს „მეტაკომს„ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფებით.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების 47-ე მუხლის და მე-11 თავის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

      1. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის 2003 წლის 1 მაისიდან 2003 წლის 1 სექტემბრამდე ანგარიშსწორება განხორციელდეს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის 2002 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფითა და პირობებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                     კ.პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები