წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 600 რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 600 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში

გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების

პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ

                                                               

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის  ე), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად კომისიის მიერ განსახორციელებელ ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით, რადიოსიხშირეების მინიჭება, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

         კომისიამ აღნიშნა საქართველოში სიხშირული სპექტრის გამოყენების ინტენსიობის  მაღალი დონე, ამასთან გაითვალისწინა ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილება  სიხშირული სპექტრის გარკვეულ ზოლებში რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნია  მიზანშეწონილად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში სიხშირული სპექტრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების დაგეგმარებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის აუცილებლობა.

         ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საეთერო მონიტორინგის, სიხშირული რესურსის მიზნობრივი, ოპტიმალური გამოყენებისა და მართვის  მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე – 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის  ბ) პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს ტენდერი რადიოსიხშირული  სპექტრის  მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად;

2. დამტკიცდეს შესყიდვის ობიექტი: რადიოსიხშირული  სპექტრის  მონიტორინგის  სისტემა - ორი სტაციონარული და ერთი მობილური სადგური; რადიოსიხშირულ სპექტრში  გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფა;

3. მინიმალურ მოთხოვნებად განისაზღვროს:

ა)  შემოთავაზებული საგარანტიო ვადა – 1 წელი;

ბ) მომსახურება ფასდაკლებით საგარანტიო ვადის გასვლიდან 3 წლის მანძილზე;

გ) ექსპლოატაციაში გაშვების ვადა – 6 თვე;

დ) ტრენინგის ვადა – 1 თვე;

ე) შესყიდვის ობიექტის საფასურის გადახდის წესი განისაზღვროს შემდეგი პირობით: პროექტის ღირებულების 70% - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კვირის განმავლობაში; პროექტის ღირებულების 20% - სისტემის საქართველოში ჩამოტანიდან ორი კვირის განმავლობაში; პროექტის ღირებულების 10% - მოწყობილობის დამონტაჟებისა და სისტემის ექსპლოატაციაში გაშვებიდან ორი კვირის განმავლობაში.

4. დამტკიცდეს შესყიდვის ობიექტის აღჭურვილობა (ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები) და აღწერილობა, როგორც მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები შესყიდვის ობიექტისადმი (დანართი N 1);

5. ტენდერში მონაწილეობის მიღების პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს შესყიდვის ობიექტებიდან ერთერთის მწარმოებელ იურიდიულ პირს (და არა მწარმოებელსა და მყიდველს შორის შუამავალს);

6. განისაზღვროს ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველი პრეტენდენტი იურიდიული პირის  მიერ  განცხადებასთან თანდასართავი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, კომპანიის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები);

ბ)  ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, სადაც განსაზღვრული იქნება შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების მოცულობა, ჩამონათვალი, საქონლისა და მომსახურების ფასი; მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობები, მათ შორის ექსპლოატაციაში გაშვების, ტესტირებისა და ანგარიშსწორების ვადები; საგარანტიო ვადები; საგარანტიო ვადაში და ვადის გასვლის შემდეგ გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის, ცალკეული მოწყობილობების და დანადგარების, პროგრამული უზრუნველყოფის კორექტირების ან შეცვლის პირობები; საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში მომსახურების ღირებულება; მომსახურე კადრების მომზადება, და ა. შ.;

გ) შემოთავაზებული მოწყობილობების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემები;

დ) იურიდიული პირის ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები;  

ე) ტენდერში მონაწილეობისათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. განისაზღვროს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის მიერ განაცხადისა და დოკუმენტაციის წარდგენის წესი:

ა) პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს განაცხადი ქართულ ენაზე, თანდართული დოკუმენტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციისა რომელიც შედგენილ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე;

ბ) პრეტენდენტი ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საბუთებს  წარმოადგენს დახურულ კონვერტში, რომელიც გაიხსნება სატენდერო საბჭოს მოსამზადებელ სხდომაზე;

გ) პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მომზადებასთან  და სატენდერო საბჭოში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ;

დ) პრეტენდენტს წარმოდგენილი დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება;

ე) პრეტენდენტის სატენდერო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები მიღებულ უნდა იქნას  2005 წლის 17 იანვრის 17 საათამდე შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი,  0177, ალ. ყაზბეგის გამზირი N 42;

ვ) ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში  განაცხადი არ მიიღება.

8.  ტენდერის ჩასატარებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის  ვადაში გამოსცემს ბრძანებას სატენდერო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება სატენდერო საბჭოს: შემადგენლობა, თავმჯდომარე და მდივანი (ხმის უფლების გარეშე).

9. დადგინდეს ტენდერის ჩატარების შემდეგი წესი:

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების  მიერ წარმოდგენილი განაცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია წინასწარ განიხილება სატენდერო საბჭოს მოსამზადებელ სხდომაზე;

ბ) სატენდერო საბჭოს მოსამზადებელ სხდომაზე ცხადდება სატენდერო წინადადების მაქსიმალური ღირებულება, მინიმალური მოთხოვნები და  იხსნება პრეტენდენტების მიერ ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული კონვერტები;

გ) ტენდერის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო საბჭოს სხდომებზე დამკვირვებლებად მოიწვევიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები;

დ) სატენდერო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სატენდერო საბჭოს მდივანი. სატენდერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც; სატენდერო საბჭოს სხდომებზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;

ე) ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება კონვერტების გახსნიდან ოთხი კვირის ვადაში; ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა;

ვ) სატენდერო საბჭო სპეციალური ფორმის მეშვეობით (თან ერთვის) აფასებს პრეტენდენტების სატენდერო წინადადებებს ცალ-ცალკე, რაც დასტურდება სატენდერო საბჭოს წევრთა ხელმოწერით;

ზ) შეფასების კრიტერიუმები და  ქულები:

  ზ.ა)  ფასი                                                           0 - 10

  ზ.ბ)  ტექნიკური აღჭურვილობა                         0 - 10

  ზ.გ)  გადახდის პირობები                                    0 - 7

  ზ.დ)  საგარანტიო უზრუნველყოფის პირობები   0 - 7

  ზ.ე)  გარანტიის ვადისშემდგომი მომსახურეობა  0 - 6

  ზ.ვ)  ტრენინგი                                                   0 - 5

  ზ.ზ)  ექსპლოატაციაში გაშვება                           0 - 5

     

თ) სატენდერო საბჭო:

თ.ა) ღებულობს გადაწყვეტილებას ტენდერში მონაწილის დისკვალიფიკაციის შესახებ, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს;

თ.ბ) ღებულობს გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებულის არ გამოვლენის შესახებ, თუ ტენდერში მონაწილე ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ დააგროვებს მინიმუმ                       35 ქულას;

თ.გ) ტენდერში გამარჯვებულად აცხადებს იმ პრეტენდენტს, რომელიც დააგროვებს  ქულათა მაქსიმალურ ოდენობას;

ი) სატენდერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

კ) გამარჯვებულის გამოვლენიდან ოთხი კვირის ვადაში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან ფორმდება ხელშეკრულება ამ გადაწყვეტილებით დადგენილი და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით.

10. სატენდერო საბჭოს მოსამზადებელი სხდომის თარიღად განისაზღვროს  2005 წლის 24 იანვარი, 12 საათი.

11. სატენდერო საბჭოს სხდომის თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 21 თებერვალი, 12 საათი.

12.დაევალოს აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) მოახდინოს ტენდერის ჩატარების ფინანსური  უზრუნველყოფა.

13. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება.

14. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აღნიშნული გადაწყვეტილების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

 

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები