გადაწყვეტილება N 659 ასოციაცია “მრაგას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004
ასოციაცია „მრაგას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 15 ნოემბერს კომისიას (№ 6870-04) განცხადებით მიმართა ასოციაცია „მრაგამ”, რომელმაც წარმოადგინა მის მიერ სხვადასხვა ტელეარხებთან დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისიას მიაჩნია, რომ ასოციაცია „მრაგას” მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები კერძოდ: ასოციაცია ”მრაგას” და „ტვ-33” შორის 2004 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება; ასოციაცია ”მრაგას” და საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის 2004 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება არ შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ამიტომ იგი ცნობილი უნდა იქნეს ღიად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას ასოციაცია „მრაგას” წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე და ცნობილ იქნას აღნიშნული ინფორმაცია ღიად, მათში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არ არსებობის გამო.
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე); აგრეთვე გადაწყვეტილების ასოციაცია „მრაგასათვის” გაგზავნა (მ. ქადეიშვილი).
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზირი 7ა) 6 თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
