წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 686 შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ

ნომერი: 686 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან  დაკავშირებული  სადავო საკითხების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან  დაკავშირებული  სადავო საკითხები.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ლაგის’’ წარმომადგენლები - ნ. ჭელიძე, ვ. ფცქიალაძე, მ. მუმლაძე და შპს,,ახალი ქსელების’’ წარმომადგენელი – მ. კაპანაძე.

შპს „ახალი ქსელების” წარმომადგენლის განცხადებით შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაში შპს „ლაგის” სერიულ ნომრად განსაზღვრულია 251112. 919988 ნომრის არსებობის შესახებ შპს „ახალი ქსელები”-სათვის ცნობილი იყო, ხოლო რაც შეეხება 918080 და 913346, აღნიშნული სერიული ნომრების შესახებ შპს „ლაგს” შპს „ახალი ქსელები”-სათვის არ უცნობებია.

         შპს „ახალი ქსელების” წარმომადგენლმა ასევე აღნიშნა, შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება არ განხორციელებულა ივლისის თვიდან და შპს „ლაგის” დავალიანებამ 919988 ნომრის მიმართულებით განხორციელებული ზარების მომსახურებისათვის 2004 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 16596,38 ლარი, ხოლო 918080 ნომრის მიმართულებით – 8928.66 ლარი, ზარის გადმორეკვის 519,06 ლარი. მთლიანობაში დავალიანებამ შეადგინა 26044.10 ლარი. ამავე დროს შპს „ახალმა ქსელებმა”  ექსპერიმენტის სახით ჩაატარა საკონტროლო ზარები შპს „ლაგის” საკონტაქტო ტელეფონის მიმართულებით და დადგინდა, რომ  919988 მომართულებით განხორციელებულ ზარზე აბონენტს შეუძლია ავტომატურად აკრიფოს სასურველი აბონენტის ნომერი ან დაელოდოს ოპერატორს. ოპერატორი შეკვეთას არ ღებულობს, იგი კითხულობს აბონენტის ნომერს და თვითონ ურეკავს აბონენტს. ამ შემთხვევაში უკვე შპს „ლაგიდან” შემომავალი ზარი ფიქსირდება არა 919988 -დან, არამედ 913346 -დან. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს”  შორის ანგარიშსწორება არ ხორციელდება, შპს „ახალი ქსელები” შპს „ლაგის” მიერ შესრულებული შეკვეთიდან სრულ ანაზღაურებას არ ღებულობს.

         შპს „ლაგის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ლაგი” საერთაშორისო კავშირს ახორციელებს ოპერატორის მეშვეობით, რაც გულისხმობს აბონენტისგან შეკვეთის მიღებას. იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთის ნომერი არ პასუხობს, დაკავებულია, ან კავშირი არ არის, არშემდგარი ზარის ღირებულებას აბონენტი არ ანაზღაურებს. არის შემთხვევები,  როცა შპს „ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელის” აბონენტები რეკავენ შპს „ლაგის” ოპერატორთან დავალიანების ან მომსახურების პირობების გასარკვევად, რაც წარმოადგენს ადგილობრივ გამოძახებას. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ახალი ქსელები” აბონენტების მიერ შპს „ლაგის” მიმართულებით განხორციელებულ ყველა ზარს საბილინგო მონაცემებში აღრიცხავს როგორც საერთაშორისო გამოძახებას და  შპს „ლაგი” იძულებულია გადაიხადოს ერთ წუთზე 6 თეთრი. ამავე დროს, შპს „ლაგს”  სს ”საქართველოს ელექტროკავშირთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, სერიული ნომრის 919988 ჩასართავად გამოყოფილი აქვს დამატებით კიდევ ერთი სერიული ნომერი  913346, რომელიც ფიქსირდება, როგორც შპს „ლაგიდან” გამავალი ნომერი. კომპანიიდან აბონენტის მიმართულებით გადარეკვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაფიქსირებული ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი (”ა” ნომერი). მხოლოდ  ამ შემთხვევაში ურეკავს ოპერატორი აბონენტს, რაც მთლიანობაში ტრაფიკის 15-20% შეადგენს. მხარეთა შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით (საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების საკითხი) შპს „ლაგის„ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შპს „ლაგის” მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის განხორციელდეს შპს „ლაგის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ან მოხდეს შპს „ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის კორექტირება (შემცირება) ყოველ განხორციელებულ ზარზე 1 წუთამდე, რათა ადგილობრივი კავშირის ოპერატორების ტრაფიკები შესაბამისობაში მოვიდეს რეალურად განხორციელებულ საერთაშორისო გამოძახებების მაჩვენებლებთან. შპს „ლაგის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „კომპანია” მზად არის შპს „ახალი ქსელების” სასარგებლოდ გადაიხადოს 919988, 918080,913446 სერიულ ნომრების მიმართულებით განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე შესაბამისი საფასური, ოღონდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს ანგარიშსწორება კომპანიებს შორის. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ანგარიშსწორება მხარეებს შორის მაშინ, როცა ხორციელდება შპს „ლაგის” მიერ აბონენტის მიმართულებით გადარეკვა, სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად შპს „ლაგი”  სს „საქართველოს ელექტროკავშირს” უხდის 8 თეთრს, სადაც 2 თეთრი წარმოადგენს სს „საქართველო ელექტროკავშირის” მიერ ტრანზიტული გატარების ტარიფს, ხოლო 6 თეთრი შპს „ახალი ქსელების” მიერ ზარის დასრულების ტარიფს, რომლის გადახდაც სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ ხორციელდება შპს „ახალი ქსელებისთვის”.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალ ქსელების” აბონენტების მიერ შპს „ლაგის” სერიული ნომრის მიმართულებით განხორციელებული ზარი არ წარმოადგენს მხოლოდ საერთაშორისო გამოძახებას, გამომდინარე „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შეახებ” დებულების პირველი მუხლის „ჰ7” პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო გამოძახება წარმოადგენს გამოძახებას, რომელიც გაივლის ორი ან მეტი ქვეყნის საერთაშორისო ოპერატორს, ხოლო ამავე მუხლის „ჭ” პუნქტის შესაბამისად: ადგილობრივი გამოძახება წარმოადგენს გამოძახებას, რომლის საწყისი და საბოლოო წერტილები ადგილობრივი კავშირის ერთსა და იმავე ზონაში მოქმედ ერთ ან ორ ოპერატორს ეკუთვნის. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის კავშირი ხორციელდება როგორ  საერთაშორისო კავშირის ოპერატორსა და ადგილობრივი კავშირის ოპერატორს შორის, შპს „ლაგის” მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის გადახდა უნდა მოხდეს ზარის იმ ნაწილზე, რომელიც წარმოადგენს საერთშორისო ზარს. რაც შეეხება ზარის მეორე ნაწილს, რომელიც ხორციელდება შპს „ახალი ქსელების” აბონენტის მიერ შპს „ლაგის” სერიულ ნომრებზე დარეკვისას, იგი წარმოადგენს ადგილობრივ გამოძახებას  შპს „ახალი ქსელების” აბონენტსა და შპს „ლაგს”, როგორც სს „საქართველოს ელექტროკავშირის” აბონენტს შორის. ამ შემთხვევაში შპს „ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის ანგარიშსწორება ადგილობრივ ზარებზე არ ხორციელდება.

         მეორეს მხრივ, შემდგარი ადგილობრივი საუბრის ღირებულება ექვემდებარება ანაზღაურებას შპს „ახალი ქსელების” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის მიხედვით.

         კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების თანახმად, ტარიფი უნდა იყოს არადისკრიმინაციული. საქართველოს კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, შპს „ახალი ქსელების” მიერ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას მის მიერვე დადგენილი საცალო ტარიფის მიხედვით, ყველა მომხმარებლის, მათ შორის ლიცენზიის მფლობელი კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ, რომლებიც იღებენ ანალოგიური ხასიათის მომსახურებას შპს „ახალი ქსელებიდან”.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-11 თავის საფუძველზე კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს შპს ,,ლაგმა’’ 2 კვირის ვადაში შპს „ახალი ქსელების” სასარგებლოდ 2004 წლის 1 ივლისიდან შპს „ლაგის” საბილინგო სისტემაში დაფიქსირებულ  საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის, ხოლო ადგილობრივი გამოძახების ზარებზე შპს „ახალი ქსელების” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის შესაბამისად;

         2. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა” ყველა მომხარებელთან, მათ შორის საერთაშორისო კავშირის იმ ოპერატორებთან, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას საბარათო სისტემის ან/და ოპერატორის მეშვეობით  ანგარიშსწორება ერთნაირი ტარიფით:

ა)  საერთაშორისო ზარებზე ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის შესაბამისად;

ბ) ადგილობრივი გამოძახების ზარებზე შპს „ახალი ქსელების” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის შესაბამისად;

         3. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა„ საერთაშორისო კავშირის ოპერატორებთან დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა 30 დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრი რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები