წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 691 საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 691 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ

                                                           

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია„) განიხილა საკითხი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურებისათვის  საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შეძენის საჭიროების შესახებ.           

          „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე – 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის  ბ) პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს ტენდერი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურებისათვის საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად;   

2. დამტკიცდეს შესყიდვის ობიექტი:

ა) კონფიგურაცია 1, რაოდენობა 2: Intel Xeon ტექნოლოგიის (1 მგბ. L 2 კეში, 3 გჰც. ტაქტური სიხშირე) ორ პროცესორიანი სერვერი, 4 გგბ. ოპერატიული მეხსიერებით, 73 გგბ. მოცულობის 4 დისკიანი დამოუკიდებელი Ultra SCSI ტიპის დისკების დაცული მასივით (Raid Controller) და ორმაგი კვების წყაროთი;

ბ) კონფიგურაცია 2, რაოდენობა 2: Intel Xeon ტექნოლოგიის (1 მგბ. L 2 კეში, 3 გჰც. ტაქტური სიხშირე) ორ პროცესორიანი სერვერი, 8 გგბ. მეხსიერებით, 73 გგბ. მოცულობის 4 დისკიანი დამოუკიდებელი Ultra SCSI ტიპის დისკების დაცული მასივით (Raid Controller) და ორმაგი კვების წყაროთი;

3. დამტკიცდეს შესყიდვის ობიექტის აღჭურვილობა (ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები) და აღწერილობა, როგორც შესყიდვის ობიექტისადმი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (დანართი N1);

4. შესყიდვაში მონაწილეობის მიღების პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ ან ამ პროდუქციის საქართველოს ბაზარზე განმათავსებელ იურიდიულ პირს.

5. მინიმალურ მოთხოვნებად განისაზღვროს:

ა)  შემოთავაზებული საგარანტიო ვადა – 1 წელი;

ბ) მომსახურება 50%-იანი ფასდაკლებით საგარანტიო ვადის გასვლიდან 3 წლის მანძილზე;

გ) ექსპლოატაციაში გაშვების ვადა – 1 თვე;

დ) ტრენინგის ვადა – 1 თვე.

ე) შესყიდვის ობიექტის საფასურის გადახდის წესი განისაზღვროს შემდეგი პირობით : პროექტის ღირებულების 70% - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კვირის განმავლობაში; პროექტის ღირებულების 30% - მოწყობილობის დამონტაჟებისა და სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორი კვირის განმავლობაში;

 6. მინიმალური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სატენდერო განაცხადი არ განიხილება;

7. განისაზღვროს შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის მიერ წარმოსადგენი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, კომპანიის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონო, ფაქსი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები);

ბ)  ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, სადაც განსაზღვრული იქნება შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების მოცულობა, ჩამონათვალი, საქონლისა და მომსახურების ფასი; მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობები, მათ შორის ექსპლოატაციაში გაშვების, ტესტირებისა და ანგარიშსწორების ვადები; საგარანტიო ვადები; საგარანტიო ვადაში და ვადის გასვლის შემდეგ გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის, ცალკეული მოწყობილობების და დანადგარების, პროგრამული უზრუნველყოფის კორექტირების ან შეცვლის პირობები; საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში მომსახურების ღირებულება;

გ) შემოთავაზებული მოწყობილობების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემები;

დ) იურიდიული პირის ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები;  

ე) ტენდერში მონაწილეობისათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. განისაზღვროს შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგი წესი:

ა) პრეტენდენტი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საბუთებს  წარმოადგენს დახურულ კონვერტში, რომელიც გაიხსნება სატენდერო საბჭოს სხდომაზე;

ბ) პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დგება ქართულ და ინგლისურ ენებზე, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციისა, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე;

გ) პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების მომზადებასთან  და სატენდერო საბჭოში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ;

დ) პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება;

ე) პრეტენდენტებმა სატენდერო განაცხადები, მოთხოვნილი საბუთები და მონაცემები უნდა წარმოადგინოს  2005 წლის   20 იანვრის 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,  ალ. ყაზბეგის გამზირი N 42.

9. დადგინდეს ტანდერის ჩატარების შემდეგი წესი:

ა) ტენდერის ჩასატარებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას სატენდერო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება:  სატენდერო საბჭოს შემადგენლობა, თავმჯდომარე და მდივანი (ხმის უფლების გარეშე);

ბ) სატენდერო საბჭოს მოწვევასა და ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სატენდერო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგებლობის 2/3 მაინც;

გ) სატენდერო საბჭოს სხდომაზე ცხადდება  სატენდერო წინადადებების მაქსიმალური ღირებულება და მინიმალური მოთხოვნები;

დ) ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება კონვერტების გახსნიდან ორი კვირის ვადაში. ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა;

ე) სატენდერო საბჭოს თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე. სატენდერო საბჭოს წევრები თავის წერილობით შეფასებაზე ადგენენ დასკვნას, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.

ვ) შეფასების კრიტერიუმები და  პრიორიტეტულობის კოეფიციენტებია:

  ზ.ა)  ფასი                                                                  0 - 10

  ზ.ბ)  ტექნიკური აღჭურვილობა                              0 - 10

  ზ.გ)  გადახდის პირობები                                        0 - 7

  ზ.დ)  საგარანტიო პირობები                                   0 - 7

  ზ.ე)  გარანტიის ვადის შემდგომი მომსახურეობა 0 - 6

  ზ.ვ)  ტრეინინგი                                                        0 - 5

  ზ.ზ)  ექსპლოატაციაში გაშვება                               0 - 5

თ) თუ ტენდერში მონაწილე ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას, ცხადდება ხელახალი ტენდერი;

ი) სატენდერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა;

კ) სატენდერო საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს დამსწრე წევრები;

ლ) გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ ოდენობას;

კ) გამარჯვებულ პირთან ფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულის გამოვლენიდან ოთხი კვირის ვადაში, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი და კომისიის მიერ განსაზრვრული პირობებით;

10. ტენდერის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 25 იანვარი   12 საათი;

11. თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო საბჭო უფლებამოსილია მოახდინოს ამ პირის  დისკვალიფიკაცია შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე;

12. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;

13. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) გადაწყვეტილების გავრცელება საინფორმაციო საშუალებებით;

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

    კომისიის თავმჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები