წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 699 შპს “მაგთიკომის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 699 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2004

შპს „მაგთიკომის” მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

       

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი)  2004 წლის 25 ნოემბერს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსის (ე. ასანიძე) მოხსენებითი ბარათის №10/297-04 საფუძველზე დაიწყო წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „მაგთიკომის” მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტზე, კომისიის 2004 წლის 11 ოქტომბრის №02/1676.04 წერილით მოთხოვნილი ხარჯების ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებული დამატებითი გაანგარიშებებისა და განმარტებების კომისიაში წარმოუდგენლობისათვის.

       კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსის (ე. ასანიძე) განმარტებით 2004 წლის 22 ნოემბერს  შპს „მაგთიკომმა” კომისიას წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია, კერძოდ კომისიის მიერ მოთხოვნილი ექვსი პუნქტიდან წარმოდგინა მხოლოდ ერთ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია. 

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის” ზემოაღნიშნული ქმედებით (რეგისტრირებული ქ. თბილისი ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წ. 22 აგვისტოს № 5/4-726 დადგენილებით), რომელიც ფლობს №15 №852 №890 №893 №1393 ლიცენზიებს, ირღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე- 2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.

       2004 წლის 13 დეკემბერს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1448-ე მუხლების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შპს „მაგთიკომის„ მიმართ.

      შპს „მაგთიკომის„ გენერალური დირექტორის მოადგილემ იურიდიულ საკითხებში ბ-ნმა ა. ზოდელავამ განაცხადა, რომ 13 დეკემბრის მდგომარეობით შპს „მაგთიკომის” მიერ კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილა სრულად და შესაბამისად უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის ხელმოწერაზე.

      აღნიშნული გარემოება დასტურდება 2004 წლის 17 დეკემბერს კომიისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის    (ე. ასანიძე) განმეორებითი სამსახურებრივი ბარათით, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად, თუმცა დაგვიანებით.

      კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის” მიერ 2004 წლის 11 ოქტომბრის №02/1676.04 წერილით განსაზღვრული მოთხოვნის დადგენილ ვადებში შესრულება ფაქტობრივი მიზეზების გამო (მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობის სიდიდე და დამუშავების სირთულე) შეუძლებელი იყო.

    კომისია აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კომპანიის მიერ უკვე წარმოდგენილია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია  სრულყოფილად.

      ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის, საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

1. შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „მაგთიკომის„ მიმართ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „მაგთიკომისათვის”;   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3)  10 დღის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი).

  

   კომისიის თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები