წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 709 შპს “ტელეიმედის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 709 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2004

შპს „ტელეიმედის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

       

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 და 25 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებები, რომლეთა შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ შპს „ტელეიმედი” არღვევდა „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ტელეიმედის” მიერ 2004 წლის 30 სექტემბერს 13:15 სთ-ზე ეთერში გაშვებულ იქნა მხატვრული ფილმი „სომერსბი” და 2004 წლის 15 ოქტომბერს 13:15 სთ-ზე ასევე გაშვებულ იქნა მხატვრული ფილმი „ორი ცხოვრება”, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდა  კატეგორია (15). აღნიშნული კატეგორიის  ფილმების ჩვენება მითითებულ დროს, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად შეზღუდულია და წარმოადგენს სამართალდარღვევას.

    2004 წლის 11 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად,  დაიწყო წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „ტელეიმედის” მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტზე, კომპანიის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების დარღვევის გამო.

       2004 წლის 14 დეკემბერს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შპს „ტელეიმედის„ მიმართ.

      შპს „ტელეიმედის„ მთავარმა იურისტმა ბ-ნ. ი. შარაბიძემ უარი განაცხადა  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის ხელმოწერაზე და შესაბამისად კომისიაში წარმოადგინა მტკიცებულებები (2 ვიდეოკასეტა, მხატვრული ფილმების დილისა და საღამოს ეთერში განთავსების დროის მითითებით, აგრეთვე სხვა მტკიცებულები), რომლებიც შპს „ტელეიმედის” მთავარი იურისტის ი. შარაბიძის მოსაზრებით გამორიცხავს სამაუწყებლო კომპანიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

  კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგისა და სამართლებრივ საკითხთა სამსახურებმა შეისწავლეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გამოარკვიეს, რომ შპს „ტელეიმედის” მიერ ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმი „ორი ცხოვრება” საღამოს ეთერში სრულად, ხოლო დილის ეთერში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გასუფთავებული ვერსია. იგივე მდგომარეობაა მხატვრული ფილმის „სომერსბის” ტელედემონსტრირებასთან დაკავშირებით. 

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედის” მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ სამაუწყებლო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სამაუწყებლო ბადეში ზემოაღნიშნული ფილმები ჩასმული იყო კატეგორიით „15„, ფაქტიურად ეთერში გადაცემულ იქნა ფილმის  მეორე ვერსია, რომელსაც კომისიის აზრით არ შეიძლებოდა მოეხდინა მავნე ზეგავლენა არასრულწლოვნებზე, რადგანაც ფილმის მეორე ვერსია არ შეიცავს არასრულწლოვნებზე ფსიქიკურ ან/და ფიზიკური ჯანმრთელობის, მისი მორალური და სოციალური განვითარებისათვის ზიანის მომტან ნაწილებს. ამდენად, შპს „ტელეიმედის” მიერ არ დარღვეულა „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზანი.

      ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

1. შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „ტელეიმედის„ მიმართ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეიმედს”;   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3)  10 დღის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი).

     კომისიის თავმჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები