წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 713 შპს „კავკაზუს ნეტვორქის“ ¹1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 713 / 3

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

შპს  „კავკაზუს ნეტვორქის„ N1074  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები.

კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „კავკაზუს ნეტვორქს„  გამოცხადებული აქვს ინტერნეტით კავშირის  მომსახურებისათვის სატელეფონო ნომერი –  482222. ზემოაღნიშნული ნომრის მეშვეობით შპს „კავკაზუს ნეტვორქი„ ახორციელებს ინტერნეტით კავშირის მომსახურების მიწოდებას, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის თაობაზეც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა შემოწმება.

კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:

1. შპს „კავკაზუს ნეტვორქი„ ფლობს  №1074 ლიცენზიას – მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემით, №1324 – ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემისა და ქსელით მომსახურება  და  №1289 ლიცენზიას - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

2.   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, აგრეთვე „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის  თანახმად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან გააფორმონ  მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების თაობაზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა, მათ შორის  დებულებები ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების თაობაზე; დებულების მე-8 მუხლის თანახმად,  მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახების პარამეტრები, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ოპერატორმა უნდა აწარმოოს  მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა, რაც უნდა განხორციელდეს დებულების დანართში მოცემული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

3. შპს „კავკაზუს ნეტვორქსა„და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2003 წლის 1 თებერვალს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების  2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები საკუთარი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფენ გატარებულ (გამავალ და შემომავალ) გამოძახებათა პარამეტრების აღრიცხვას. აღნიშნული პარამეტრების აღრიცხვას კომპანიები  ახორციელებენ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

4. შპს „კავკაზუს ნეტვორქის„ მიერ ინტერნეტით კავშირის მომსახურების განხორციელებისას ერთ შემთხვევაში (კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით) ხდება მისი ცალკე აღრიცხვა, როგორც  გაფართოებული მომსახურების ერთ-ერთი სახისა, ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ წარდგენილ დოკუმენტაციაში, ინტერნეტით კავშირის მომსახურებაზე შპს „კავკაზუს ნეტვორქის„ მიერ გაკეთებულ ოფერტაზე აქსეპტის განმცხადებელი მისივე მომხმარებლების მიერ განხორციელებული გამოძახებები გაფორმებულია, როგორც ლოკალურ ქსელში გამოძახება, გათვალისწინებული დებულების დანართის მე-2 პუნქტით  („ადგილობრივი გამოძახება„) და არ არის ცალკე აღრიცხული.  შესაბამისად, სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს „კავკაზუს ნეტვორქს„ უხდის გამოძახების დასრულების ტარიფს, მაშინ როცა შპს „კავკაზუს ნეტვორქსა„  და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2003 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.9 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ინტერნეტით მომსახურებაზე ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 08.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე 0,4 თეთრს დღგ-ს ჩათვლით,  ხოლო 24.00 სთ-დან 08.00 სთ-მდე 0,2 თეთრს დრგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს შპს „კავკაზუს ნეთვორქი„.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნით, ადგილი აქვს შპს „კავკაზუს ნეთვორქის„ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახის პარამეტრების არასწორად გაზომვასა და შესაბამისად მასზე გათვალისწინებული ტარიფის არასწორ  აღრიცხვას, რითაც ირღვევა, როგორც  „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მოთხოვნები, ისე ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ საზიანოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკაზუს ნეთვორქის„ N1074  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

2004 წლის 17 დეკემბერს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც შპს „კავკაზუს ნეთვორქის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა წარმოადგინა  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „კავკაზუს ნეთვორქს„ შორის  ურთიერთშედარებისა და ურთიერთჩათვლის აქტი 2001 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სადაც 482222 სატელეფონო ნომერზე დარიცხულია ინტერნეტით მომსახურების ტარიფები განცალკევებულად, აგრეთვე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ სასარგებლოდ 2004 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით აღიარებულია ნაშთი – 56001.63 ლარის ოდენობით. კომპანიამ კომისიას წარმოუდგინა აგრეთვე 2004 წლის  1 ივნისით დათარიღებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„, რომლის 2.10 პუნქტში 482222 სატელეფონო ნომერი განსაზღვრულია, როგორც ინტერნეტით მომსახურებისათვის გამოყენებული კოდი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ შპს „კავკაზუს ნეთვორქის„  №1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკაზუს ნეთვორქის„ „  №1074  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს „ „კავკაზუს ნეთვორქს„ ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                          დიმიტრი ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები