გადაწყვეტილება N 721 შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13, 25 ოქტომბერსა და 9 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებები, რომლთა შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” არღვევს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მიერ 2004 წლის 6 დეკემბერს 00:00 სთ-ზე ეთერში გაშვებულ იქნა მხატვრული ფილმი „ფანატიკოსი” კატეგორიით „18”, აღნიშნული ფილმის განმეორებითი ჩვენება მოხდა 2004 წლის 7 დეკემბერს 13:00 სთ-ზე კატეგორიით „U”, ასევე 2004 წლის 9 დეკემბერს 13:00 სთ-ზე კომპანიის მიერ ეთერში გაშვებულ იქნა მხ. ფილმი ”ორმაგი ეფექტი” კატეგორიით „12”. 2004 წლის 20 დეკემბერს კომისიაში დამატებით შემოვიდა ფოქალაქე გ. ყიფიანის წერილი, რომლითაც იტყობინება, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს 19:15 სთ-ზე ეთერში გაუშვა მხ. ფილმი „მიტანა” კატეგორიით „12”. აღნიშნული კატეგორიის ფილმების ჩვენება მითითებულ დროს, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად შეზღუდულია და წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
2004 წლის 20 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად, დაიწყო წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტზე, კომპანიის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების დარღვევის გამო.
2004 წლის 20 და 21 დეკემბერს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის მიმართ.
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„ის მთავარმა პროგრამულმა დირექტორმა ბ-ნ ვ. მაისურაძემ უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ხელმოწერაზე და განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენელი კომისიაში 2004 წლის 24 დეკემბერს წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია, შემდეგ გარემოებათა გამო: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მიერ 2004 წლის 9 დეკემბერს 13:00 სთ-ზე ეთერში გაშვებულ იქნა მხატვრული ფილმი „ორმაგი ეფექტი” კატეგორიით „12”, ასევე კომპანიის მიერ 2004 წლის 19 დეკემბერს 19:15 სთ-ზე ეთერში გაშვებულ იქნა მხ. ფილმი „მიტანა” კატეგორიით „12”. „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ფილმების ტელედემოსტრირება, რომელთაც მინიჭებული აქვთ კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი „12” შეზღუდულია 8-დან 22 საათამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, 1441-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-მა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა ვაკე-საბურთალოს რაიონის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშზე ა/ა 507121604, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი N220101107, სახაზინო კოდი №3179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 30 დღის განმავლობაში;
3. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„ უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი„-ს 273-ე მუხლის შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3) 10 დღის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
