წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 96 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 96 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2004

მიღების თარიღი მარტი 05, 2004

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორი ნ. შარაშენიძე და სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელი უ. სეთური.

მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხებთან დაკავშირებით (ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების საკითხი და ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი) სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელმა უ. სეთურმა განაცხადა, რომ მხარეთა შორის შეუთანხმებლობის მიზეზი არის ის გარემოება, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ რუსთავის ასს-ები ვერ ახდენენ ტრაფიკის ბილინგს. ამ პრობლემის გადასაჭრელად სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ ამონტაჟებს რადიო-სარელეო ხაზს თბილისსა და რუსთავს შორის, რაც შესაძლებლობას მისცემს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ რუსთავის ასს-ებში შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციიდან„ შესული ტრაფიკის ბილინგი მოახდინოს ასს 78-ის მეშვეობით. შესაბამისად, გადაწყდება ურთიერთჩართვის წერტილების საკითხიც – ურთიერთჩართვის წერტილი შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ლოკალური ქსელისთვის იქნება ქ. რუსთავში.

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორმა ნ. შარაშენიძემ განაცხადა, რომ თანახმაა სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმ პირობით, თუ რადიო-სარელეო ხაზის დამონტაჟება დასრულდება 2004 წლის 1 ივლისამდე და ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორება იწარმოებს რადიო სარელეო ხაზის დამონტაჟების შემდეგ, ხოლო 1 ივლისამდე ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება მაინც მოხდება მხარეებს შორის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ საბილინგო მონაცემებზე დაყრდნობით. რაც შეეხება ურთიერთჩართვის წერტილს, რადიო-სარელეო ხაზის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრა ქ. რუსთავში, ხოლო პირველ ივლისამდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოძახებებისთვის ურთიერთჩართვის წერტილად განისაზღვრება სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს 91.

კომისია მიიჩნევს, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ ვადა ხელშეკრულების პირობების შეთანხმების მიზნით.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 54-ე მუხლის  საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყონ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ’’ და სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პირობების კომისიისთვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები