საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებოსისტემის ჩამოყალიბების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის (ტელეკომუნიკაციის, ტელერადიომაუწყებლობის და ფოსტის სფეროს მონაცემთა ბაზის) შექმნა განპირობებულია ამ სფეროში მოქმედი ოპერატორი კომპანიების ფინანსურ-ეკონომიკური, ტექნიკური, ტექნოლოგიური მაჩვენებლების შეგროვების, მათი ანალიზისა და მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზრის შეფასების აუცილებლობით. მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზის როლი კომისიის წლიური ანგარიშის მომზადების, კავშირგაბმულობის ცალკეულ დარგებში არსებული მდგომარეობის შესწავლის, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მუშაობის შედარებითი ანალიზის, მათი სტრატეგიული განვითარების ორიენტირების, კონკურენტუნარიანობის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორების განსაზღვრის, ახალი პროექტების ორგანიზებისა და რეალიზების, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების პროცესის წარმართვის, დარგის განვითარების პროგნოზირების, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების ძირითადი მაჩვენებლების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და მონიტორინგის საქმეში.
სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის არსებობა, მისი მუდმივად განახლების პროცესი, ხელს შეუწყობს დარგში რეგულირების რეჟიმის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვას, კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (კავშირგაბმულობის საერთაშორისო გაერთიანება, მსოფლიოს საფოსტო კავშირი და სხვ.) თანამშრომლობას, მათთან ინდიკატური მაჩვენებლების და სხვა ინფორმაციის გაცვლას, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ძირითადი მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას.
საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემამ უნდა უზრუნველყოს:
1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში ტექნიკურ – ტექნოლოგიურ, ფინანსურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის, მეტროლოგიის მდგომარეობაზე, კავშირგაბმულობითა და ფოსტით მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელთა უფლებების მდგომარეობაზე მონაცემების ერთიანი ბანკის (საერთო მონაცემების ბაზის) შექმნა;
2. ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, მათ სტრუქტურაზე ინფორმაციის ოპერატიული მიღება მუშაობის ავტომატურ რეჟიმში, მიღებული პირველადი მაჩვენებლებიდან საბოლოო მონაცემების ფორმირება და მათ საფუძველზე ამ კომპანიებში არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება;
3. ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი, რაც კომისიის ერთ-ერთი მარეგულირებელი ფუნქციაა;
4. ტელეკომუნიკაციისა და ტელერადიომაუწყებლობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროგნოზირება;
5. დარგის შესაბამის მიმართულებებზე თანმიმდევრული სატარიფო პოლიტიკის ორიენტირების განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუმქტის, 27-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნას ცნობად კომისიის აპარატის სტატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის (გ.ბუთბაია) მოხსენებითი ბარათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის შექმნის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსს (გ. ბუთბაია), კომისიის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს (დ.ჭანკოტაძე), კომისიის პრეს–მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) 2005 წლის 15 მაისამდე უზუნველყოს საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის ტექნიკური პროექტის მომზადება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) ექვსი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
