გადაწყვეტილება N 113 კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის ¹686/16 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის თაობაზე შპს “ლაგის” მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005
კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686/16 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის თაობაზე შპს „ლაგის” მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 8 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „ლაგის” წერილი (08.02.2005 N4), რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686/16 გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულია მხოლოდ შპს „ახალ ქსელებთან” ანაგრიშსწორების საკითხი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული სადავო საკითხი არსებობდა შპს „ახტელთანაც”, კომპანია ითხოვს კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დამატების შეტანას, კერძოდ, რომ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პირობები გავრცელდეს შპს „ახტელზეც”.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 25 თებერვალს კომისიამ განიხილა შპს „ლაგის” მოთხოვნა 2004 წლის 17 დეკემბრის N686/16 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის თაობაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ლაგის” წარმომადგენელი ვ.ფცქიალაძე და შპს „ახტელის” წარმომადგენელი - ნ.ჟღენტი.
შპს „ახტელის” წარმომადგენელმა ბატონმა ნ. ჟღენტმა აღნიშნა, რომ შპს „ლაგის” მიერ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული თავდაპირველი მოთხოვნა წამოყენებული იყო მხოლოს შპს „ახალი ქსელების” და არა შპს „ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელის” წინააღმდეგ. შესაბამისად, კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686/16 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2004 წლის 17 დეკემბერს განიხილა შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N686/16 „შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ”. შესაბამისად საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგდა შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს` შორის.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-7 თავი ითვალისწინებს ლიცენზიის მფლობელებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურულ საკითხებს, რაც გულისხმობს, ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიისათვის შესაბამისი რეკვიზიტებით დავის გახილვის დაწყების შესახებ სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენას, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომის ჩატარებას, მხარეების მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებული მოთხოვნის მტკიცების ვალდებულებასა და სხვა პროცედურულ საკითხებს, რომელთა დაცვის გარეშეც კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მხარეთა შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
შპს „ლაგის” მიერ შპს „ახტელის” მიმართ დავის განხილვის თაობაზე განცხადების შემოტანის შემთხვევაში კომისია დავას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-7 თავის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ლაგს” კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686/16 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის თაობაზე მოთხოვნის დაკამაყოფილებაზე;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრი რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
