წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 114 სს „გლობალ ერთის“ ¹586, ¹140 და ¹1391 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 114 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005

სს  „გლობალ ერთის„ N586,  N140 და  N1391  ლიცენზიების  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები.

კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სს „გლობალ ერთს„  გამოცხადებული აქვს საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად საბარათო სისტემით მომსახურებისათვის სატელეფონო ნომრები – 437521, 439100 და 339191, ინტერნეტით კავშირის მომსახურებისათვის – 439039. ზემოაღნიშნული ნომრების მეშვეობით სს „გლობალ ერთი„ ახორციელებს საერთაშორისო სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტით მომსახურების მიწოდებას, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის თაობაზეც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა შემოწმება.

კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ:

1. სს „გლობალ ერთი„ ფლობს №140 ლიცენზიას – მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემით, №1391 ლიცენზიას -   მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება,  №1383  ლიცენზიას – საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება კოდის გამოყენებით, №1341 – ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემისა და ქსელით მომსახურება  და №586 ლიცენზიას - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება.

2.   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, აგრეთვე „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის  თანახმად, კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულნი არიან გააფორმონ  მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების თაობაზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა, მათ შორის  დებულებები ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების თაობაზე; დებულების მე-8 მუხლის თანახმად,  მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახების პარამეტრები, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ოპერატორმა უნდა აწარმოოს  მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა, რაც უნდა განხორციელდეს დებულების დანართში მოცემული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

3. სს „გლობალ ერთსა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2003 წლის 1 იანვარს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების  2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები საკუთარი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფენ გატარებულ (გამავალ და შემომავალ) გამოძახებათა პარამეტრების აღრიცხვას. აღნიშნული პარამეტრების აღრიცხვას კომპანიები  ახორციელებენ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით.

4. სს „გლობალ ერთის„ მიერ კოდის გარეშე საერთაშორისო სატელეფონო კავშირის  განხორციელებისას ერთ შემთხვევაში (კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით) ხდება მისი ცალკე აღრიცხვა, როგორც  დებულების დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების („ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება„), ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ წარდგენილ დოკუმენტაციაში, საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე  სს „გლობალ ერთის„ მიერ გაკეთებულ ოფერტაზე აქსეპტის განმცხადებელი მისივე მომხმარებლების მიერ განხორციელებული გამოძახებები გაფორმებულია, როგორც ლოკალურ ქსელში გამოძახება, რაც  გათვალისწინებულია დებულების დანართის მე-2 პუნქტით  („ადგილობრივი გამოძახება„). აღნიშნული გამოძახებები სს „გლობალ ერთის„ მიერ არ არის ცალკე აღრიცხული.  შესაბამისად, სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ სს „გლობალ ერთს„ უხდის გამოძახების დასრულების ტარიფს, მაშინ როცა საქმე გვაქვს ურთიერთჩართვის დებულების დანართის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვის მომსახურების სახესთან, ანუ ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებასთან (როცა ადგილობრივი კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის  ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან), რისთვისაც დებულების თანახმად დგინდება გამოძახების წამოწყების ტარიფი. ეს ტარიფი კი გათვალისწინებულია სს „გლობალ ერთსა„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  შორის 2003 წლის 1 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან სს „გლობალ ერთის„ დაშვების კოდით კავშირის განხორციელებისათვის ზარის წამოწყების ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 6 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს სს „გლობალ ერთი„. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, „ინტერნეტით მომსახურებაზე ტარიფი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 0,5 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს სს „გლობალ ერთი„.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნით, ადგილი აქვს სს „გლობალ ერთის„ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახის პარამეტრების არასწორად გაზომვასა და შესაბამისად მასზე გათვალისწინებული ტარიფის არასწორ აღრიცხვას, რითაც ირღვევა, როგორც  „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების„ მოთხოვნები, ისე ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ საზიანოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  სს „გლობალ ერთის„ N586,  N140 და  N1391  ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

2004 წლის 18 თებერვალს სს „გლობალ ერთის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა წარმოადგინა  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და სს „გლობალ ერთს„ შორის  ურთიერთშედარებისა და ურთიერთჩათვლის აქტი 2005 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სადაც 2004 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ სასარგებლოდ აღიარებულია ნაშთი 330 993 ლარი და 02 თეთრის ოდენობით.  კომპანიამ კომისიას წარმოუდგინა აგრეთვე ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სს „საქართველოს ელექტროკავშირთან„, რომელშიც ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრები აღიარებულია საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად საბარათო სისტემით მომსახურებისათვის და ინტერნეტით კავშირის მომსახურებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ სს „გლობალ ერთის„ N586,  N140 და  N1391  ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ ერთის„ N586,  N140 და  N1391  ლიცენზიების მოქმედების შეჩერების  თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  სს  „გლობალ ერთს”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზაბა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                          დიმიტრი ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები