წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 115 შპს “მეტაკომის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 115 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2005

შპს „მეტაკომის” გაფრთხილების თაობაზე

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსის (ე. ასანიძის) 2005 წლის 4 თებერვლის  სამსახურებრივი ბარათის და კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის (მ. გოთოშია) შემოწმების აქტის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „მეტაკომს”, რომელიც რეგისტრირებულია ქ. რუსთავის სასამართლოში № 9/4 – 320 05. 11. 1997წ დადგენილებით და ფლობს № 1327 ლიცენზიას „ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება„, მოქმედების არეალი ქ. რუსთავი, ნუმერაციის რესურსი – 19, ლიცენზიის მოქმედების ვადა 13. 09. 02 - დან 13. 09. 12 – მდე, დარღვეული აქვს „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის დებულების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 10 ივლისის № 6 დადგენილების მე- 2-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები, რომლის შესაბამისადაც ურთიერთჩართვამ უნდა უზრუნველყოს ოპერატორების მომხმარებლებს შორის უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი კავშირი, ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ეფექტურად, ორივე ოპერატორის მომხმარებლებისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შეუფერხებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მე-2 პუნქტის ა), ბ)  და გ) ქვეპუნქტები, კერძოდ მომხმარებლის არადისკრიმინაციული დაკავშირების შესაძლებლობა სხვა ოპერატორის მომხმარებელთან,  ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღება, ისე, რომ მომხმარებელს მიღებული მომსახურებისათვის დაეკისრება ერთიანი საფასურის გადახდა, გამოძახების გატარების შესაძლებლობა შესაბამისი ქსელების გავლით გამჭვირვალედ და შეფერხებების გარეშე, როგორც გამოძახების წამომწყები, ასევე გამოძახების მიმღები მომხმარებლისათვის.

    ირკვევა, რომ  შპს „მეტაკომს” საკუთარი აბონენტების განსაზღვრული ოდენობისთვის შეზღუდული აქვს შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებთან ლოკალური კავშირი, იმის გამო რომ განხორციელებულია არასრული ურთიერთჩართვა. აღნიშნული დარღვევები გამოვლენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის მიერ 2005 წლის 31 იანვარს ჩატარებული შემოწმების საფუძველზე.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 411-ე  და 432-ე მუხლების, საქართვეოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს „მეტაკომი”, რათა 20 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრა და სრული ურთიერთჩართვის განხორციელება მასსა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის დებულების დამტკიცების თაობაზე” დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „მეტაკომს” დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია) გააკონტროლოს  ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შპს „მეტაკომის” მიერ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

 

      კომისიის თავმჯდომარე                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები