წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 146 შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

ნომერი: 146 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიის„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის

 განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი  გადამცემის გამოყენებით, მე-4 სამაუწყებლო ზონაში. გამომდინარე იქედან, რომ 2005 წლის 18 იანვარს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის კონკურსის წესით გაცემის ახალ პირობებსა და პროცედურებს, კომისიის 2005 წლის 22 თებერვლის N110 გადაწყვეტილებით ცვლილები და დამატებები იქნა შეტანილი „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში.

კომისიაში განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიამ„.

კომისიის 2005 წლის 22 თებერვლის N110  გადაწყვეტილებისა და „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 11 მარტს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა  ლიცენზიის მაძიებლის შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიის„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არ არის წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა, რომლის წარმოდგენის აუცილებლობას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტი და კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობები. „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის გაფრთხილებას და დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის მიცემას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიას„ 10 სამუშაო დღე განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმის წარმოსადგენად;

2. შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიის„ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი, რობაქიძის     გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები