გადაწყვეტილება N 237 შპს “პირველი სტერეოს” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
შპს „პირველი სტერეოს” გაფრთხილების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება„. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.„
კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურში (გ. ტარიშვილი) 2005 წლის 11 მარტს შევიდა შპს „არტ იმედის” წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „პირველიდ სტერეო” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს №5ა/41303 დადგენილებით), რომელიც ფლობს №325 (საეთერო საერთო ტელერადიომაუუწყებლობის) და №1375 (საეთერო სპეციალიზირებული ტელერადიომაუწყებლობის) ლიცენზიებს, არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ შპს „პირველი სტერეოს” მიერ განხორციელდა შპს „არტ იმედის” საკუთრებაში არსებული ვიდეოკლიპების ეთერში გაშვება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი (თან ერთვის).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტისა და შპს „არტ იმედის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს „პირველი სტერეოს” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „პირველი სტერეოს” გაფრთხილების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის, შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს „პირველი სტერეო”, რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვა. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, შპს „პირველ სტერეოს” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
2. უზრუნველყოს შპს „პირველმა სტერეომ” ტელეპროგრამების და ფილმების ეთერში განთავსების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა კომისიაში 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
