წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 238 შპს “ტვ-33”-ის გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 238 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005

მიღების თარიღი აპრილი 15, 2005

შპს „ტვ-33”-ის  გაფრთხილების თაობაზე

  

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება„. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.„

        კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურში (გ. ტარიშვილი) 2005 წლის 11 მარტს შევიდა შპს „არტ იმედის” წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ტვ-33”, რომელიც ფლობს №326 (საეთერო საერთო ტელერადიომაუუწყებლობა) არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ტვ-33”-ის მიერ განხორციელდა შპს „არტ იმედის” საკუთრებაში არსებული ვიდეოკლიპების ეთერში გაშვება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი (თან ერთვის).

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტისა და შპს „არტ იმედის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე  სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს „ტვ-33” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ-33”-ის გაფრთხილების თაობაზე.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის,  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს „ტვ-33”, რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონიების მოთხოვნათა შესრულება. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს „ტვ-33” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. უზრუნველყოს შპს „ტვ-33”-მა ტელეპროგრამების და ფილმების ეთერში განთავსების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა კომისიაში 10 სამუშაო დღის განმავლობაში; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის  სამსახურს (გ. რატიშვილი);

 

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

 

          

    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები