წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 25 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერნეტში ოფიციალური გვერდის დიზაინის შესაქმნელად ტენდერის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 25 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005

მიღების თარიღი იანვარი 14, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერნეტში ოფიციალური გვერდის დიზაინის შესაქმნელად  ტენდერის გამოცხადების შესახებ

                                                           

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-2 მუხლის „ქ” ქვეპუნქტის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების გამოქვეყნება ხორციელდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. გარდა ამისა აღნიშნული გვერდი უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, რის გამოც მნიშვნელოვანია მისი დიზაინი, რაც სპეციალურ ცოდნასა და სათანადო ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს.                  

      ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე – 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის  ბ) პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს ტენდერი ინტერნეტში კომისიის ოფიციალური გვერდის დიზაინის შესაქმნელად;   

2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების მიერ შესასრულებელი ტექნიკური დავალება კომისიის ოფიციალური გვერდის დიზაინის, შესაბამისი HTML შაბლონებისა და ანიმირებული Flash ელემენტების შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილებას თან ერთვის (დანართი N1);

3. ტენდერში მონაწილეობის მიღების პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს მომსახურების შემსრულებელ კვალიფიციურ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.

4. საფასურის გადახდის ვადა განისაზღვროს შემდეგი პირობით: პროექტის ღირებულების 20% - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კვირის განმავლობაში; პროექტის ღირებულების 80% მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერიდან ორი კვირის განმავლობაში;

5. განისაზღვროს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოსადგენი შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ფიზიკური პირისათვის: 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სამუშაო ადგილის მონაცემები.

2. იურიდიული პირისათვის:  

იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, კომპანიის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონო, ფაქსი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები);

3. პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ:

ა) ნარდობის ხელშეკრულების პროექტი, სადაც განსაზღვრული იქნება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩამონათვალი, მომსახურების ფასი; სამუშაოს შესრულების ვადა;

ბ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) ტენდერში მონაწილეობისათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) ვებ-გვერდის დიზაინის ესკიზი, დამზადებული კომისიის ტექნიკური დავალების შესაბამისად. (იხ. დანართი1)

6. განისაზღვროს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგი წესი:

1. პრეტენდენტი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საბუთებს  წარმოადგენს დახურულ კონვერტში, რომელიც გაიხსნება სატენდერო საბჭოს სხდომაზე;

2. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დგება ქართულ ენაზე;

3. პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების მომზადებასთან  და სატენდერო საბჭოში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ;

4. პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება;

5. პრეტენდენტებმა სატენდერო განაცხადები, მოთხოვნილი საბუთები და მონაცემები უნდა წარმოადგინონ 2005 წლის   7 თებერვალი 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,  ალ. ყაზბეგის გამზირი N 42.

7. დადგინდეს ტანდერის ჩატარების შემდეგი წესი:

1. ტენდერის ჩასატარებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას სატენდერო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება:  სატენდერო საბჭოს შემადგენლობა, თავმჯდომარე და მდივანი (ხმის უფლების გარეშე);

2. სატენდერო საბჭოს მოწვევისა და ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სატენდერო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგებლობის 2/3 მაინც.

3. სატენდერო საბჭოს სხომაზე იხსნება პრეტენდენტების მიერ ამ გადაწყვეტილების მე-5 მუხლი მე-3 ქვეპუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახურული კონვერტები. სატენდერო საბჭოს სხდომაზე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უფლება აქვთ მათ მიერ დახურულ კონვერტში წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების სანაცვლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, სატენდერო საბჭოს სხომაზე დააფიქსირონ ახალი სატენდერო წინადადებები შეფასების ნებისმიერ კრიტერიუმზე, რის შემდეგაც სატენდერო საბჭო აცხადებს სატენდერო წინადადების მაქსიმალურ ღირებულებას. თუ სატენდერო საბჭოს მიერ გამოცხადებული სატენდერო წინადადების მაქსიმალური ღირებულება უფრო დაბალი აღმოჩნდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადებაზე, პრეტენდენტენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააფიქსირონ ხელახალი სატენდერო წინადადებები;

4. ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება კონვერტების გახსნიდან ორი კვირის ვადაში. ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

5. სატენდერო საბჭოს თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე. სატენდერო საბჭოს წევრები თავის წერილობით შეფასებაზე ადგენენ დასკვნას, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.

6. შეფასების კრიტერიუმები და  პრიორიტეტულობის კოეფიციენტებია:

  ა)  ფასი                                                                   0 - 10

  ბ)  დიზაინი                                                             0 - 10

  გ)  დიზაინის შესაბამისობა მოთხოვნებთან         0 - 10

  დ) გამოცდილება                                                     0 - 5

  ე) ვადები                                                                 0 - 5

7. თუ ტენდერში მონაწილე ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას,  გამარჯვებული არ გამოვლინდება და ტენდერი ჩაითლვება არშემდგარად;

8. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ ოდენობას;

9. ქულათა თანაბრობის შემთხვევაში სატენდერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა;

10. სატენდერო საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს დამსწრე წევრები;

11. გამარჯვებულ პირთან ფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულის გამოვლენიდან ორი კვირის ვადაში, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი და კომისიის მიერ განსაზრვრული პირობებით.

12. ტენდერის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 10 თებერვალი  12 საათი;

13. თუ ტენდერში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს, აგრეთვე თუ დიზაინის ესკიზში გამოყენებული იქნება არალეგალური გრაფიკული მასალა, სატენდერო საბჭო უფლებამოსილია მოახდინოს ამ პირის  დისკვალიფიკაცია ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე;

14. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;

15. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) გადაწყვეტილების გავრცელება საინფორმაციო საშუალებებით;

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

 კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები