წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 254 შპს “კავკასიის ციფრული ქსელები” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 254 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

შპს „კავკასიის ციფრული ქსელები” გაფრთხილების თაობაზე

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები და წარუდგინოს კომისიას მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია„.

      კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის 2005 წლის 9 მარტის  სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად მხოლოდ შპს „რუსთავი 2 ონლაინს”, შპს „ტელენეტს”, შპს „საქართველოს ტელეკომს” და შპს „ჯეონეთს” აქვთ წარმოდგენილი კომისიის 2001 წლის 22 მაისი №5 დადგენილებაში, 2004 წლის 31 დეკემბრის №3 დადგენილებით შესული ცვლილებით  დადგენილი წესით ინფორმაცია არხის და არხჯგუფის ნომრის და სადგურის სიგნალის კოდის შესახებ (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და NSPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი).

   კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელები”, რომელიც ფლობს №829 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება, კოდით 8-66 მოქმედების ვადა 26/01/1999 – 30/12/2008 წლამდე) არღვევს კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების მოთხოვნებს, კერძოდ მას არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია არხის და არხჯგუფის ნომრის და სადგურის სიგნალის კოდის შესახებ (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და NSPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი).

     აღნიშნული ქმედებით, შპს „კავკასიის ციფრული ქსელები” არღვევს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის და კომისიის 2001 წლის 22 მაისის  №5 დადგენილების მოთხოვნებს.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 432-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს, შპს „კავკასიის ციფრული ქსელები”,  რათა 2005 წლის 6 მაისამდე უზრუნველყოს დარღვევის აღმოფხვრა და კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების შესაბამისად არხის და არხჯგუფის ნომრის და სადგურის სიგნალის კოდის შესახებ (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და NSPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი) კომისიაში სრული ინფორმაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია) გააკონტროლოს  ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შპს „კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები