წვდომის მენიუ

ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში) ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 331 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2005

მიღების თარიღი მაისი 25, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 25 იანვრის N47 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც (ბაზური სადგურისათვის) სიხშირულ დიაპაზონში) ლიცენზიის მისაღებად.

კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა სამმა კომპანიამ: შპს „ჯენტო სერვისი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „იბერიატელი“.

კომისიის მიერ 2005 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 25 იანვრის N47 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კომერციული კონკურსის ჩატარების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა კონკურსის ჩატარების პროცედურა და კომერციულ კონკურსში  გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის წესი, რომელიც დაეგზავნა კონკურსში მონაწილე სამივე კომპანიას.

შპს „ჯენტო სერვისის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „იბერიატელის“ მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დადებითი დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N9, 24.05.2005წ.).

კომისია აღნიშნავს, რომ სამივე მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და კონკურსის პირობებს.

კომერციული კონკურსი ჩატარდა 2005 წლის 25 მაისს კომისიის სხდომაზე. კომერციულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო შპს „ჯენტო სერვისმა“, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „იბერიატელმა“.

კომერციული კონკურსის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (N 32).

კომერციული კონკურსის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას დამატებული 70 ბიჯი, სულ 26,132,039.50 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდათორმეტი ათას ოცდაცხრამეტი) ლარი და 50 თეთრი დააფიქსირა შპს „მაგთიკომმა“.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 362  მუხლის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილების  მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში) ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“.

2. განისაზღვროს სალიცენზიო გადასახდელი 26,132,039.50 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდათორმეტი ათას ოცდაცხრამეტი) ლარით და 50 თეთრით.

3. კომისია დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ, რომელიც ეცნობება შპს „მაგთიკომს“; რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას შპს „მაგთიკომისთვის“ ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

4. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება.

5. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ.ჯანელიძე) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების და კომისიის 2005 წლის 25 მაისის საკონკურსო სხდომის ოქმის ასლების გაგზავნა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ.ქიტოშვილი                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები