შპს „მულტიტელეკომისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2005
მიღების თარიღი მაისი 31, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად 1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც - 1920 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს „მულტიტელეკომმა“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული კონკურსის პირობებს.
შპს „მულტიტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი არ არის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. განაცხადს თან ახლავს საბანკო ჩეკის ასლი 470 000.00 (ოთხას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარზე, რომელიც წარდგენილია „თიბისი ბანკში“ გასანაღდებლად, მაგრამ კომისიაში 2005 წლის 31 მაისს შემოვიდა „თიბისი ბანკის“ წერილი (67/102-01,30.05.2005), რომლითაც ბანკი ატყობინებს კომისიას, რომ არ ხერხდება აღნიშნული საბანკო ჩეკის განაღდება თანხის მოცულობის გამო.
კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „მულტიტელკომს“ ვადა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად 2005 წლის 24 ივნისამდე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
