წვდომის მენიუ

სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 348 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2005

მიღების თარიღი მაისი 31, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილებით  გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად 1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც -  1920 მგჰც  სიხშირულ დიაპაზონში;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

 სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ წარმოდგენილი არ არის: სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის სქემა (სამშენებლო ტექნიკურ დოკუმენტაციის სარჩევში მითითებულია, რომ საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის აღწერილობა მოცემულია დიაგრამა 9-ში, რომელიც არ არის წარმოდგენილი).

კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი  გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ ვადა 2005 წლის 24 ივნისამდე  შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოსადგენად:

ა) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის სქემა.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი, რობაქიძის     გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                          დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები