შპს “ბადაგის” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) 2005 წლის 18 აპრილის შემოწმების აქტისა და 2005 წლის 5 მაისის მოხსენებითი ბართის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ბადაგი”, რომელიც ფლობს №1334 ლიცენზიას (საკაბალო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “нтв + Футбол”, “ТВ-XXI”, “C 1” “Discovery” რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ბადაგი” კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “გადაგის” გაფრთხილების თაობაზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს “ბადაგის” მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 51-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს “ბადაგი”, რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ბადაგს” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “ბადაგმა” არხების: : “нтв + Футбол”, “ТВ-XXI”, “C 1” “Discovery” -ს არამართლზომიერი ტრანსლირება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
