წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ნაცვლად აუქციონის ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 411 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 11 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N145,  რომლის თანახმად კონკურსი გამოცხადდა 1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც -  1920 მგჰც  სიხშირულ დიაპაზონში ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომერციული კონკურსი გამოცხადდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილია იგივე  წესი, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონით. კერძოდ,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი ითვალისწინებდა კომერციული კონკურსის ჩატარებას, რომელში გამარჯვების კრიტერიუმს წარმოადგენდა მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, რომელიც იდენტურია მანამდე მოქმედ კანონში გათვალისწინებული კომერციული კონკურსისა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს ასევე წარმოადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის გადახდა. ორივე კანონი ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის, ხოლო მეორე შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის  გადახდის ვალდებულებას ლიცენზიის გაცემამდე. შეიცვალა მხოლოდ გადასახდელის (საფასურის) გადახდის წესი იმ ნაწილში, რაც შეეხება მის გამოყენებას: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 80% ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% - უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე (ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია), ხოლო  10% - კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს ქვეკომისიის არსებობას და თითოეული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას კონკურსის ჩატარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისას (მომსახურების გაწევისას) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით,  აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილების სათაურში, აგრეთვე მთელ ტექსტში სიტყვები - „ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია“, შეიცვალოს სიტყვებით - „რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის ლიცენზია“;

2. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილების მთელ ტექსტში სიტყვა -„კონკურსი“ შეიცვალოს სიტყვით -„აუქციონი“, ხოლო სიტყვები - „სალიცენზიო გადასახდელი“ შეიცვალოს სიტყვებით – „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური“;

3. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილებიდან ამოღებული იქნას მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტი;

4. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.  ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე,  10%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

5. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„161. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისას (მომსახურების გაწევისას) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით,  აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად“;

6. კომისიის 2005 წლის 11 მარტის N 145 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი ჩატარდეს შემდეგი წესით:

ა) სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში;

ბ) აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის (8,491,392.00) 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, რაც შეადგენს 424,570.00 (ოთხას ოცდაოთხი ათას ხუთას სამოცდაათი)  ლარს;

გ) სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს იმ ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.;

დ) მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას;

ე) აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა.  აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე არ უბრუნდებათ;

ზ) აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს  წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ  მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე;

თ) აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას;

ი) სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს აუქციონის მონაწილეებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის “ო” და “პ” ქვეპუნქტებში მოცემულ დებულებებს. თუ აუქციონში გამარჯვებულის გარდა აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობს, კომისია იმ შემთხვევისთვის, თუ აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზია ვერ მიიღო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის გამო (წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტი), კომისია აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს შორის მათი თანხმობის შემთხვევაში ატარებს აუქციონს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად. მონაწილეების მიერ შეთავაზებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებულ ბოლო თანხას;

კ) თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში;

ლ) აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის  დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით;

მ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება;

ნ) კომისიის გადაწყვეტილების ასლი აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ეგზავნება აუქციონის ყველა მონაწილეს;

ო) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.  ერთი თვის ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე,  10%-ის - კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

პ) თუ კომისიამ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე  თუ აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%). ამ პირის მიერ აუქციონის მიმდინარეობისას შეთავაზებული მაქსიმალური თანხა განისაზღვრება, როგორც ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად;

            ჟ) თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად;

            რ) ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%  საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა;

            7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე გაიაროს ავტორიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;        

            8. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა აუქციონში მონაწილე პირებისთვის;

            9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში            (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

            10. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

            11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები