საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N291 “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ.“
კომერციული კონკურსი გამოცხადდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილია იგივე წესი, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა კომერციული კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამარჯვების კრიტერიუმს წარმოადგენდა მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, რომელიც იდენტურია მანამდე მოქმედ კანონში გათვალისწინებული კომერციული კონკურსისა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს ასევე წარმოადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის გადახდა. ორივე კანონი ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის, ხოლო მეორე შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის ვალდებულებას ლიცენზიის გაცემამდე. შეიცვალა მხოლოდ გადასახდელის (საფასურის) გადახდის წესი იმ ნაწილში, რაც შეეხება მის გამოყენებას: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 80% ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% - უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე (ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია), ხოლო 10% - კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილების სათაურში, აგრეთვე მთელს ტექსტში სიტყვები - „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია“ შეიცვალოს სიტყვებით - „ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია“;
2. კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილების მთელ ტექსტში სიტყვა - „კონკურსი“, შეიცვალოს სიტყვით -„აუქციონი“, ხოლო სიტყვები - „სალიცენზიო გადასახდელი“, შეიცვალოს სიტყვებით – „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური“;
3. კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე, 10% - კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული კომპანიისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით“;
4. კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 პუნქტი:
„271. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე გაიაროს ავტორიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით“;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა შპს „მაგთიკომისთვის“;
6. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
