წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 47 ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 47 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2005

მიღების თარიღი იანვარი 25, 2005

ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად  კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ N2 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;

ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 838,365 მგჰც - 842,055 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც (ბაზური სადგურისათვის) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 25 მაისი, 16:00 საათი;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 5 807 119,50 (ხუთი მილიონ რვაას შვიდი ათას ას ცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2005 წლის 14 აპრილის 17:00 საათამდე;

5. ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის  მაძიებელი;

დ) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების გავრცელების გეოგრაფიული ზონის დაფარვის გრაფიკი და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.

6. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად.

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე, პირადობის მოწმობის ასლი. თუ ლიცენზიის მაძიებლის დამფუძნებელი იურიდიული პირია, წარმოდგენილ უნდა იყოს ამ იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია – მისი პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს:

დ.ა.) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა;

დ.ბ.) განსახორციელებელი საქმიანობის ადგილმდებარეობა;

დ.გ.) გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და ტექნოლოგიური სისტემების სტრუქტურა: ტექნიკური უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო უზრუნველყოფა, საერთო სარგებლობის რესურსებსა და ქსელებთან ურთიერთქმედების სტრუქტურა;

დ.დ.) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური რეალიზაციის ნახაზები და დიაგრამები

(max.A3 ფორმატი);

დ.ე.) ინფორმაცია ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.

ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

7. კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება.

8. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენისთანავე განემარტება. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს 5 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს ხარვეზი. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისთვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება დაუშვებელია.

9. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილ ვადაში კომისიაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) კომისიაში წარდგენილი განცხადებებიდან არცერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.

10. კონკურსის პირობებია:

ა) კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

ბ) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების გავრცელების გეოგრაფიული ზონის დაფარვის ვალდებულება (არაუმეტეს სამი წლის ვადაში ლიცენზიის გაცემიდან).

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების (საკომუნტაციო სადგური)  IIF პორტებითა და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

11. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში.

12. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა.

13. კონკურსი ტარდება შემდეგი პროცედურით:

ა) საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას და მინიმალურ საკონკურსო ბიჯს. საკონკურსო ბიჯი წარმოადგენს კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილის მიერ ყოველ მომდევნო დაფიქსირებულ თანხასა და წინა დაფიქსირებულ თანხას შორის მინიმალურ სხვაობას, რომლის ოდენობა შეადგენს სალიცენზიო გადასახდელის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე. საკონკურსო ბიჯი უცვლელია. იგი ჯერადად უნდა დაემატოს კონკურსის მსვლელობისას ბოლო მაქსიმალურ განაცხადში დაფიქსირებული თანხის ოდენობას.

ბ) კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის და საკონკურსო ბიჯის ჯამზე ნაკლები.

გ) კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

დ) კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას დააფიქსირებს.

ე) თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

ვ) კონკურსში მონაწილეთა მიერ ყოველი დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

ზ) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

თ) კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

14. საკონკურსო სხდომაზე ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;

   15. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის პირველივე კვირის განმავლობაში, ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ანგარიშზე.

   16. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების პროცესში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და ლიცენზიით განსაზღვრული პირობები;

17. საკონკურსო სხდომა საჯაროა.

18. კონკურსის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:

ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

19. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

20. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

21 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

      კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები