წვდომის მენიუ

შპს „მულტიტელკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

ნომერი: 488 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N345/10  „შპს „მულტიტელკომისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც შპს „მულტიტელკომს“ მიეცა ვადა 2005 წლის 24 ივნისამდე 1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც -  1920 მგჰც  სიხშირულ დიაპაზონში ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის  გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მულტიტელკომის“ მიერ კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 17 ივნისს ჩარიცხულია 466,641.00 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ამ დღისთვის არსებული კურსით შეადგინა 848,073.35 ლარი, რაც 1,065.85 ლარით ნაკლებია კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულ თანხასთან შედარებით.

კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი  გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „მულტიტელკომს“, რომ  2005 წლის 31 მაისის N345/10  გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, წერილობით ეცნობებინა 2005 წლის 5 ივლისამდე. 

კომისიაში 2005 წლის 4 ივლისს შემოსულია შპს „მულტიტელკომის“ დირექტორის რ.ელუაშვილის მიერ წარმოდგენილი კომისიის ანგარიშზე 1,065.85 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მულტიტრლკომის“ მიერ სრულად არის წარმოდგენილი კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და აღარ არსებობს შპს „მულტიტელკომისთვის“ 2005 წლის 31 მაისის N345/10  გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნას მიღებული შპს „მულტიტელკომის“ მიერ 1,065.85 (ერთი ათას სამოცდახუთი ლარი და 85 თეთრი) ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი წარმოდგენილი საბუთი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი, რობაქიძის     გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                      დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები