წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 49 შპს ,,მაგთიკომსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 49 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

შპს ,,მაგთიკომსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”)     ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ 45-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა შპს ,,მაგთიკომსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის სადავი საკითხებთან დაკავშირებული  მოთხოვნები მოსამზადებელ სხდომაზე 2005 წლის 28 იანვარს.

         მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ: შპს ,,მაგთიკომის’’ წარმომადგენელი – ა.ზოდელავა და შპს ”ახტელის’’ წარმომადგენელი – ნ.ჟღენტი.

         მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები:

         შპს „მაგთიკომის” მოთხოვნას წარმოადგენს:

         ა) შპს „ახტელისათვის” 2002 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით დაგროვილი დავალიანების გადახდა, რომლის ძირითადი თანხა შეადგენს: სექტემბრის თვის  - 127406,26 ლარი;  ოქტომბრის თვის – 109439,21 ლარი, ნოემბრის თვის – 102801,98 ლარი. ჯამში ძირითადი თანხა – 333151,88 ლარი. პირგასამტეხლო – 64495,71 ლარი. რაც საბოლოოდ შეადგენს 397647,59 ლარს.

         ბ) შპს „ახტელსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.

         შპს „ახტელმა„ წარმოადგინა შეგებებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მიიჩნევს, რომ 2002 წლის 25 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყვეტილია და შესაბამისად:

ა) კომისიამ უარი უთხრას შპს „მაგთიკომს” შპს „ახტელისთვის” 397647,59  ლარის შპს „მაგთიკომის” სასარგებლოდ გადახდის დაკისრებაზე;

ბ) კომისიამ დააკისროს შპს „მაგთიკომს” შპს „ახტელსა” და შპს „მაგთიკომს” შორის 2000 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უკანონოდ გადახდილი თანხის შპს „ახტელისათვის„ უკან დაბრუნება, რომელიც შეადგენს 549991,23 ლარს და ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის 3%-ის ოდენობით გადიდებული თანხა, რაც შეადგენს 556317,98 ლარს;

გ) კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე;

დ) კომისიამ დაავალდებულოს შპს „მაგთიკომს” წარუდგინოს შპს „ახტელს” ურთიერჩართვის ტარიფის განგარიშება.

         ამავე დროს, შპს „ახტელის” წარმომადგენლის განცხადებით კომისიის 2004 წლის 22 ოქტომბრის N538 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაგთიკომს” უნდა წარედგინა ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშება კომისიისთვის და შპს „ახალი ქსელებისთვის„ 2004 წლის 29 ოქტომბრამდე, მაგრამ, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, შპს „მაგთიკომს” გაანგარიშება არ წარუდგენია შპს „ახალი ქსელებისათვის”, შესაბამისად შპს „ახტელისთვის” უცნობია შპს „მაგთიკომის” ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშება.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის” მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშება კომისიაში წარმოდგენილია, რაც შეეხება შპს „ახალ ქსელებს”, შპს „მაგთიკომს”  აღნიშნული გაანგარიშება შპს „ახალი ქსელებისათვის” არ წარუდგენია, რასთან დაკავშირებითაც კომისიამ  არა ერთხელ წერილობით მიმართა შპს „მაგთიკომს”.

         შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის დავის განხილვის თარიღი დანიშნოს მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომი” უზრუნველყოფს შპს „ახტელი”-სათვის ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მიწოდებას.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა„ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების შპს „ახტელისათვის„ წარდგენა 2005 წლის 18 თებერვლამდე;

2. აცნობოს კომისიას შპს „ახტელმა” და შპს „მაგთიკომმა” გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ;

3. შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დავის განხილვა დაინიშნება შპს „მაგთიკომის” მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემდეგ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

          კომისიის თავმჯდომარე                                                  დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები