წვდომის მენიუ

მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 491 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2005

მიღების თარიღი ივლისი 12, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (N 6/438-05, 27.06.2005 წ.) მიმართა შპს ახალმა ქსელებმა”, შპს „სანეტმა”,  შპს „ჯორჯია ონლაინმა”, შპს „ვანექსმა”, შპს „კავკაზუს ნეტვორკმა” და შპს „სი-ჯი-სიმ”, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურების და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების  ტარიფების დადგენის თაობაზე.

სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2005 წლის 21 ივნისის N14-7-27 წერილით შეატყობინა სხვა კომპანიებს, რომ მ/წლის 25 ივნისიდან სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მფლობელობაში მყოფი სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების ჩადების და მოვლისათვის, აგრეთვე სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურებისათვის  იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

            კაბელის დიამეტრი                                    ლარი/თვეში

            15 მმ-მდე                                                     130.90

            15 დან 25 მმ-ის ჩათვლით                              261.8

            25 დან 35 მმ-ის ჩათვლით                             392.7

           35 მმ დან 45 მილიმეტრამდე                        523.6

            45 მმ დან 55 მილიმეტრამდე                        654.5

            55 მმ დან 65 მილიმეტრამდე                        785.4

            65 მმ-ის ზემოთ                                            916.3

 

ელექტროკავშირის სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურეობის ტარიფი 16.51  ლარი თვეში.

 (ფასები მოცემულია დ.ღ.გ. –ს გარეშე).

ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ადგილობრივი მომსახურების სეგმენტზე ფლობს ბაზრის 40%-ზე მეტს. სარგებლობს რა ამით, გაუმართებლად და დაუსაბუთებლად მაღალ ფასებს სთავაზობს ოპერატორებს საკაბელო წყვილებით და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციით სარგებლობისათვის. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” პრაქტიკულად კონკურენტები არა ყავს, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან და მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე.

ერთობლივი განცხადების ავტორები მოითხოვენ ცნობილი იქნას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, აეკრძალოს მას ახალი ტარიფების შემოღება  და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაეკისროს სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისიაში აგრეთვე შემოსულია შპს „საქართველოს ტელეკომის“ და საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის წერილები, რომელშიც მითითებულია იგივე მოთხოვნები სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეფონო კომპანიის” მიმართ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტუნარიანობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. მომსახურების ბაზრის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 

კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს, რომელიც ექვემდებარება კვლევას და ანალიზს, წარმოადგენს:  ა) სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურება;  ბ) სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურება.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ დღეისათვის სახაზო საკაბელო წყვილებით სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სააბონენტო ტარიფი განსაზღვრულია 3 და 4 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ოპერატორებისთვის დადგენილი ტარიფი სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისთვის შეადგენს 16.51  ლარს თვეში, დამატებული  დ.ღ.გ.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, მე-20, 21-ე, 22 მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;

2. მომსახურების ბაზრის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების სეგმენტის კვლევის და ანალიზის დასრულებამდე სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურება 2005 წლის 25 ივნისამდე არსებული ტარიფით; 

3. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე) მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

4. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 9 აგვისტოს 12.00 საათზე;

5. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დაუყოვნებლივ აღსრულება;

6. გაეგზავნოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ახალ ქსელებს”, შპს „სანეტს”,  შპს „ჯორჯია ონლაინს”, შპს „ვანექსს”, შპს „კავკაზუს ნეტვორკს”, შპს „სი-ჯი-სის”,  შპს „საქართველოს ტელეკომს“ და საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირს წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები