წვდომის მენიუ

შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 495 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005

მიღების თარიღი ივლისი 15, 2005

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

    კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურში 2005 წლის 1 ივლისს შემოვიდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის         (გ. რატიშვილი) ორი და კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის ერთი (ი. აბულაძე) სამსახურებრივი ბარათები.

     მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” არღვევს “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ კომპანია ერთი საათის განმავლობაში საეთერო დროის 33 % უთმობს სარეკლამო რგოლებს, რასაც ადასტურებს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მიერ 2005 წლის 23 ივნისს ჩატარებული შემოწმების აქტი.

    კომისიის აპარტის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მეორე სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კომპანიას კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი არა ერთხელ მოთხოვნილი ინფორმაცია ტელეპროგრამების და ფილმების ეთერში განთავსების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ.

       კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,518.36 (ოთხი ათას ხუთას თვრამეტი ლარი და 36 თეთრი) ლარი, რომელიც კომპანიას უნდა დაეფარა 2005 წლის 19 აპრილამდე და ასევე კომპანიას 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 28,571.36 (ოცდარვა ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარი, აღნიშნული ქმედებით კომპანიის მიერ აგრეთვე ირღვევა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები.  

       კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახური (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის  27 აგვისტოს N 5ა/4-580 დადგენილებით), რომელიც ფლობს N 908  ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით) კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია, კერძოდ, კომპანიის მიერ დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 70-ე მუხლის და “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით. ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რაც ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომისიას უნდა წარუდგინოს 15 დღის ვადაში.

    კომპანიის მიერ დაირღვა აგრეთვე სალიცენზიო გადასახდელის გადახდის გრაფიკიც, რაც განსაზღვრულია კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N41 გადაწყვეტილებით.

      რაც შეეხება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რადიო და ტელეგადაცემებში რეკლამა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს, ხოლო ყოველი ერთი საათი საეთერო დროის განმავლობაში - 20 პროცენტს, გარდა სოციალური რეკლამისა და სპეციალიზებული სარეკლამო რადიო- და ტელეგადაცემებისა, რომლებიც რეგისტრირებულია, როგორც სარეკლამო გადაცემები.

          2005 წლის 15 ივლისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნა, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ აღმოფხვრილია დარღვევა.

    რაც შეეხება კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს იგი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ სრულად არის წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო რაც შეეხება შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებას, კომპანიის მიერ კვლავ ირღვევა აღნიშნული კანონის მოთხოვნები.   

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის,  შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გაფრთხილდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, რათა აღმოფხვრას არსებული დარღვევა და დაუყოვნებლივ შეუსაბამოს საეთერო დროში რეკლამისთვის დათმობილი დრო “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

2.“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ (ი. აბულაძე) და მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურებს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები