წვდომის მენიუ

შპს “ჯეონეთის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 496 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005

მიღების თარიღი ივლისი 15, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-11 მუხლის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირება, მათ შორის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღება, კონტროლი და ზედამხედველობა, გამოვლენილი დარღვევებისათვის კანონით დადგენილი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია „დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და შეასრულოს კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას, ითვლება ავტორიზებულ პირად, ხოლო 64-ე მუხლის 1 პუნტის ძალით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი პირი ექვემდებარება ავტომატურ ავტორიზაციას.

    კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის  2005 წლის 1 ივლისის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ჯეონეთს” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის №5/4-1728 დადგენილებით), რომელიც ფლობს N 650, N 1388, N 1413, N 1312, N 1362, N 1348 ლიცენზიებს (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემით  და ქსელით მომსახურება, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება) 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მთლიანობაში ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 3,704.62 (სამი ათას შვიდას ოთხი ლარი და 62 თეთრი) ლარი.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “ჯეონეთი”, აღნიშნული ქმედებით არღვევს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, “ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური”.

    2005 წლის 15 ივლისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნა, რომ შპს “ჯეონეთის” მიერ ზემოაღნიშნული თანხები 2005 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩარიცხული იყო სახელმწიფო ხაზინაში, თუმცა მოხვედრილი იყო გაურკვეველ თანხებში, რაც მოითხოვდა დაზუსტებას.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “ჯეონეთის” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ბრალეულობა ვერ დასტურდება.  

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეონეთის” გაფრთხილების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები