წვდომის მენიუ

შპს “საქტელკომ პლუსის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 497 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005

მიღების თარიღი ივლისი 15, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირება, მათ შორის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღება, კონტროლი და ზედამხედველობა, გამოვლენილი დარღვევებისათვის კანონით დადგენილი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია „დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და შეასრულოს კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას, ითვლება ავტორიზებულ პირად, ხოლო 64-ე მუხლის 1 პუნტის ძალით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი პირი ექვემდებარება ავტომატურ ავტორიზაციას.

    კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის  2005 წლის 1 ივლისის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “საქტელკომ პლუსს”, რომელიც ფლობს N 878 ლიცენზიას  (საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით, მოქმედების ვადით 2009 წლის 23 თებერვლამდე) და  N 1307 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება, მოქმედების ვადა – 2012 წლის 22 მარტამდე) 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მთლიანობაში ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 8,123.59 (რვა ათას ას ოცდასამი ლარი და 59 თეთრი) ლარი.

   კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “საქტელკომ პლუსი”, აღნიშნული ქმედებით არღვევს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ აღნიშნული პუნქტის შესაბამისად “ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური”.

      2005 წლის 15 ივლისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნა, რომ შპს “საქტელკომ პლუსის” მიერ ზემოაღნიშნული თანხები 2005 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჩარიცხული იყო სახელმწიფო ხაზინაში, თუმცა მოხვედრილი იყო გაურკვეველ თანხებში, რაც მოითხოვდა დაზუსტებას.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “საქტელკომ პლუსის” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ბრალეულობა არ დასტურდება.  

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “საქტელკომ პლუსის” გაფრთხილების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები